|
|
"რეზონანსი "
ბარათელს მისჯილი 27 წელი 6 თვით შეუმსუბუქეს: ბრალდებულის ძმა გამოტანილ განაჩენს დამცინავს უწოდებს მაკა ქობალია
გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარათელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი 6 თვით შეუმსუბუქა და საბოლოოდ 26 წელი და 6 თვე მიუსაჯა. ბრალდებულის ძმა მამუკა ბარათელი გამოტანილ განაჩენს დამცინავს უწოდებს და აცხადებს, რომ განაჩენს კიდევ გაასაჩივრებს. გიორგი ბარათელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზიშვილმა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ განაჩენს ბარათელის ადვოკატები მელიტონ ბენიძე და თეა შენგელია უკანონოსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ. ადვოკატები პროცესზე პატრულის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში ბარათელის გამართლებას ითხოვდნენ. "საქალაქო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და ბარათელისთვის 19-109-ე მუხლი (11 წელი) უნდა მოეხსნათ. ამ ბრალდებაში ბარათელი უნდა გამართლდეს იმ გარემოებათა გამო, რომ მას პატრულის განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია. ის ამ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას ჰქონდა საშუალება მოეკლა პატრული. თუმცა, ეს არ გააკეთა," - აცხადებს ადვოკატი თეა შენგელია. "დავსაჯოთ ბარათელი იმისათვის რაც ჩაიდინა და რასაც აღიარებს, რაც არ ჩაუდენია ნუ დავსჯით", - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს მელიტონ ბენიძემ. თავად ბარათელმაც საბოლოო სიტყვაში პატრულის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამართლება ითხოვა. დაზარალებულ რუსუდან გახარიას ადვოკატები საქმეზე სრული ჭეშმარიტების დადგენას ითხოვდნენ. პროკურორმა გიორგი ჩივიაშვილმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სს კოლეგიის საქმის განმხილველმა მოსამართლემ ირაკლი ჟორჟოლიანმა ბარათელი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. ბარათელი მხოლოდ იარაღის შენახვისათვის გაამართლა და მისჯილი 27 წელი 6 თვით შეუმსუბუქა. დაზარალებული მხარის ადვოკატის ნინო ნიშნიანიძის თქმით გამოძიება არ იყო და არ არის ობიექტური. "ძალიან ბევრ რამეს მალავენ, მაგრამ გურამ შარაძე იყო ძალიან დიდი პიროვნება და დრო და ისტორია აუცილებლად გამოავლენს ნამდვილ მკვლელებს, დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც," - განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ. ბარათელის ადვოკატების მელიტონ ბენიძისა და თეა შენგელიას თქმით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი აუცილებლად უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |