"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

მზე "ბორჯღალს" პორტუგალიაში მისწვდა: ხვალ ლისაბონში საქართველოსთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლაა

მამუკა ნაცვალაძე

ხვალ ლისაბონში, "ესტეიდიო უნისვერსიტარიოზე" გაიმართება ერთა თასის გათამაშების უმნიშვნელოვანესი მატჩი პორტუგალიისა და საქართველოს რაგბისტთა ნაკრებებს შორის. ქართველი "ბორჯღალოსნები" ამ თამაშისთვის ორშაბათიდან ემზადებიან ლისაბონში. გუნდი ორჯერად წვრთნას გადის ავსტრალიელი სპეციალისტის თიმ ლეინის ხელმძღვანელობით.

საგულისხმოა, რომ ქართველ მორაგბეებს, რომელთაც წინა შეკრების გავლა საკმოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუხდათ, ამჯერად გაუმართლათ. ლისაბონში მშვენიერი ამინდია და ქართველთა ლაშქარს დარში უხდება მატჩისთვის მზადება.

ოთხშაბათს 18 გრადუსი სითბო იყო. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, პორტუგალიაში ამინდის მკვეთრი გაუარესება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის. ასე რომ, თიმ ლეინს შესანიშნავი შანსი აქვს თავის დამოძღვრილ გუნდს მისთვის სასურველი გაშლილი თამაში მოსთხოვოს.

ცვლილებაა ჩვენს ნაკრებში. როგორც ვიუწყებოდით, კვირიკაშვილი არ გამოუშვა ფრანგულმა "პომ", რის გამოც "მეკოს" მაგივრად ნაკრებში "ლელოს" ირაკლი ყიასაშვილს უხმეს, სუთიაშვილის მაგივრად ჩხაიძე გამოიძახეს. გუნდში ვარჯიშობს დავით ჩიჩუაც, რომელიც ნაკრებში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც კახა უჩავას საფრანგეთის საელჩომ პრობლემები შეუქმნა, თუმცა, შემდეგ ყველაფერი მოგვარდა და ახლა უჩავაც ნაკრებთანაა. ნაკრებში სადებიუტო თამაშის შესაძლებლობა აქვთ სიკო მაისურაძესა და სანდრო თოდუას.

აქამდე "ბორჯღალოსნები" პორტუგალიურ "ლობუსს" თერთმეტჯერ დაუპირისპირდნენ. ხუთჯერ თბილისში და ექვსჯერ ლისაბონში. ბოლო შეხვედრა ლისაბონში ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჩვენებს 6 მატჩი აქვთ მოგებული პორტუგალიელებს კი - 4. საგრძნობი სხვაობაა მოპოვებულ ქულებში, სადაც ჩვენს ნაკრებს გამოკვეთილი უპირატესობა აქვს 279-174. ლელოებშიც დიდია სხვაობა 35-11.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თამაში პორტუგალიელებმა საკუთარ მოედანზე გასულ შაბათს გამართეს ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერთან ჩეხეთთან და გამოცდილი ლაშქარით იოლად სძლიეს მეტოქეს 42:6. თუმცა, პორტუგალიური პრესა საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა საკუთარი გუნდის თამაშს. კერძოდ, გაზეთი "ოჟუგო" მიანიშნებს, რომ მათ გუნდს საქართველოს ნაკრებთან თამაშის მოსაგებად ბევრი სათამაშო კომპონენტის დახვეწა მართებს, განსაკუთრებით კი "კონტაქტში ბურთის შენარჩუნებაში უნდა მოძლიერდნენ."

ხვალინდელ მატჩს განსჯის შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა. მთავარი მსაჯია ნილ პატერსონი, თანამსაჯები: რობ დიქსონი და ალან ფორესთი.

23 თებერვალი, ლისაბონი "ესტადიო უნივერსიტარიო" (19.00 სთ. თბილისის დროით), ერთა თასი

პორტუგალია - საქართველო

რეფერი: ნილ პატერსონი (შოტლანდია)

საქართველოს რაზმი

შერკინება: გოდერძი შველიძე (43 კეპი "კლერმონ-ოვერნი" საფრანგეთი), სიმონ მაისურაძე (0 "კლერმონ-ოვერნი" საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (2 "კლერმონ-ოვერნი" საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (2 "მონპელიე" საფრანგეთი), დავით დადუნაშვილი (16 "მასი" საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (1 "აჟენი" საფრანგეთი), დავით ჩიჩუა (0 "აჟენი" საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (23 "მონლუსონი" საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (3 "დომონი" საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (26 "მასი" საფრანგეთი), რატი ურუშაძე (27 "ლონი" საფრანგეთი), ირაკლი ნატრიაშვილი (5 "ფარული", რუმინეთი).

უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე (50 კაპ. "ორლეანი" საფრანგეთი), რევაზ გიგაური (16 "მონლუსონი" საფრანგეთი), ბიძინა სამხარაძე (31 "ფარული" რუმინეთი), ლაშა მალაღურაძე (2 "კრედო 63" უკრაინა), ოთარ ბარკალაია (27 "ანდორა" ანდორა) ალექსანდრე თოდუა (0 "ლელო"), ირაკლი ჩხიკვაძე (4 "აია"), დავით კაჭარავა (16 "ყოჩები"), გიორგი შკინინი (23 "ხულიგანა"), ირაკლი ყიასაშვილი (1 "ლელო"), სანდრო თოდუა (0 "ლელო").

მთავარი მწვრთნელი: თიმ ლეინი.

პორტუგალიის რაზმი

გონშალო უვა, ვასკო უვა (ორივე "მონპელიე" საფრანგეთი), დუარტე კარდოზო პინტუ ("ბლანია" საფრანგეთი), ჟუან სევერინო ("რეჯიო ემილია" იტალია), ჟოზე პინტუ ("ბენეტონი" იტალია), ტიაგო გირო ("ბოადილა" ესპანეთი), დიაგო ფალიო, ჟორო დუნიორი, ფრანსიშკო პინტუ მაგალიაეში, პედრო კაბრალი, გონშალო ფორო (ყველა "უნივერსიტეტი"), გუსტაფო დუარტე, როდრიგო აგიარი, ანტონიო დუარტე, ლოურენსო კადოჩი, ფრანსისკო მირა, დიოგო კუელიო, ვაშკო გასპარი (ყველა "აგრონომია"), ჟორო კორეია, ადერიტო ესტევეში (ორივე "დირეიტო"), სებაშტიანო კუნია, ჟორო უვა, დიოგო მატეუში, დავითდ მატეუში (ყველა "ბელენენსეში").

მთავარი მწვრთნელი: ტომაშ მორაიში.

29 მარტი

ჩეხეთი - საქართველო

12 აპრილი

რუსეთი - საქართველო

26 აპრილი

საქართველო - ესპანეთი



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com