"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებულები არ გაუთავისუფლებიათ: პრეზიდენტის მიერ ოთხშაბათს შეწყალებულ 32 პატიმარს შორის არ აღმოჩნდნენ ის პირები, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვს

სალომე გოგოხია

ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გუშინ დილით გავრცელებული ინფორმაცია საღამოს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარყვეს - პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 20 თებერვალს (#116) შეწყალებულ 32 პატიმართა შორის 7 ნოემბრის დარბევების დროს დაკავებულები არ ფიგურირებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 30 მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა, 2 პატიმარს კი მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა. გათავისუფლებულთა შორის ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი პატიმარია.

გთავაზობთ, სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ შეწყალებულ პატიმართა სიას: აგაჯანოვი, არუთინიანი, ბაღდასარიანი, ბიწაძე, მამულაიძე, ხითაროვი, ჩობანოვი, სავჩენკო, გარდაბღაძე, გაბუნია, ბაგაძე, გალდავა, გიგინეიშვილი, გოგიტიძე, დოლიბაშვილი, ელიაშვილი, ბალიევი, ბაჭარაძე, ზიდაშვილი, ოდიაშვილი, ყურაშვილი, ლეჟავა, მათეშვილი, მამალაძე, მარქარიანი, მიჩიტაშვილი, მოდებაძე, ნანობაშვილი, შავგულიძე, პოპოვი, ჭურჭელაური.

გაერთიანებული ოპოზიციის გაცხადებით, ამ გვარებს შორის მათ მიერ წარმოდგენილ გასათავისუფლებელ პირთა გვარები მოცემული არ არის.

"რეზონანსი" კომენტარისთვის მთელი დღის მანძილზე ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაკავშირებას. თუმცა, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პირები პრეზიდენტს რომ არ შეუწყალებია, ამას უმრავლესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი ნაზი არონიაც ადასტურებს.

"ამასთან დაკავშირებით ისეთივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ. ამ დილით მოვისმინე, რომ გასათავისუფლებელ პატიმართა შორის რვა პიროვნება იყო იმ სიიდან, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა, როგორც პოლიტიკური და გასათავისუფლებელ პატიმართა სია. თითქოს რვა პირი თავისუფლდებოდა. ამის დაზუსტებას შევეცადე, თუმცა, ვერავინ დამიდასტურა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი სიიდან არ არიან გათავისუფლებულები. მე ზუსტად ვერ გეტყვით, იქნებ ელენე თევდორაძეს დაუკავშირდეთ," - განუცხადა "რეზონანსს" არონიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ამ საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის.

"ჩვენ, ხელისუფლება მზად ვართ ამ საკითხზე მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. დაკავებულები შეიძლება პირობით ვადამდე სასამართლოს გზით გაათავისუფლონ. ეს რა ფორმით მოხდება, მთავარი არ არის. მთავარია, მოხდება თუ არა. მე ვფიქრობ, რომ მოხდება", - ამბობს არონია.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მისი თქმით, მან არც იცოდა შეწყალების სიაში ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პირები თუ იყვნენ.

ელენე თევდორაძის განცხადებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა შეწყალების სიაში ნოემბრის მოვლენების შედეგად დაკავებული პირები.

"ჩემთან სახელები და გვარები შემოაქვთ, რომელშიც არ წერია არიან თუ არა 7 ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული პირები. მე არ ვიცი ეს პირები იყვნენ თუ არა სიაში", - განუცხადა "რეზონანსს" ადამიანის უფლებათა კომიეტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com