"რეზონანსი "
# 48
პარასკევი, 22 თებერვალი, 2008 წელი

პაპავა "რევოლუციურ პაკეტში" ქვეყნისთვის საფრთხეებს ხედავს

(ინტერპრესნიუსი) საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლადო პაპავა "რევოლუციურ პაკეტში" ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხეს ხედავს. როგორც პაპავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ეროვნული ბანკის ეროვნულ საბჭოში უცხო ქვეყნის წარმომადგენლის, როგორც წევრის შესვლა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა და თუ ასე დადგება საკითხი, მაშინ უშიშროების საბჭოშიც უნდა იყოს ვინმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.

ლადო პაპავას აინტერესებს, რატომ ჰქვია რეფორმა იმას, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის ბურჯის - ბანკის დანგრევას ითვალისწინებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით პაპავას, საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ერთიანი აზრი აქვთ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა საჭიროა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს ჰქონდეს ელჩის სტატუსი, მათ შორის შესაძლებელია საბჭოში იგი მოწვეული იყოს როგორც კონსულტანტი.

დეპუტატების მოსაზრებებთან დაკავშირებით მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც წევრად შესვლა აამაღლებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს და აძლევს მათ ლეგიტიმაციას.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com