|
|
"რეზონანსი "
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი საზოგადოებრივ არხს უპირისპირდება
(პრაიმ-ნიუსი) მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემებისა და რეკლამების შეწყვეტას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კავშირის წევრებმა ხუთშაბათს ტელევიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და გენერალურ პროკურატურას მიმართეს, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ გადაცემების მესვეურების საქმიანობის შეფასება, რომლებიც ეწევიან "უზნეობისა და გარყვნილების" გავრცელებას. როგორც კავშირის თანათავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ განაცხადა, მათი პროტესტი ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელევიზიას უკავშირდება, თუმცა, განსაკუთრებული პრეტენზია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გააჩნიათ, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს ხალხის ტელევიზიაა და მისი სპეციფიკა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ და რელიგიურ პრინციპებს. მათი თქმით, კავშირის წევრების უკმაყოფილება კონკრეტულად მიმართულია მოზარდებისათვის განკუთვნილი გადაცემების - "ჩვენი ექსპრესისა" და "კედელის" წინააღმდეგ. "ეს გადაცემები ღიად არის მიმართული ეკლესიისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ," - აღნიშნა მან. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვას არ შეწყვეტს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |