|
|
"რეზონანსი "
მოსკოვი ფსოუზე გადასასვლელისა და როკის გვირაბის ერთობლივ კონტროლზე თანახმაა გიორგი ფუტკარაძე
რუსული მხარე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესებაზე თანახმაა. შეხვედრაზე, რომელიც ჟენავაში გაიმართა, კონსესუსი უკვე მიღწეულია: რუსეთი საბაჟო პუნქტების გაკონტროლების მექანიზმებზე უკვე ქართულ მხარესთან ერთად იმუშავებს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები არ საუბრობენ, თუ კონკრეტულად როგორ განხორციელდება ეს. ერთი ვერსიით, ქართველი მებაჟეები შესაძლოა მდინარე ფსოუთან და როკის კვირაბთან საზღვრის რუსულ მხარეს დადგნენ და რუს კოლეგებთან ერთად მოახდინონ საზღვრის კონტროლი.თუ როგორ მიმდინარეობდა შეხვედრა და კიდევ რა საკითხები განიხილეს, ამ თემაზე ჩვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს თამარ კოვზირიძეს ვესაუბრეთ, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. თამარ კოვზირიძე: უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას, დაკმაყოფილდება და ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების ფარგლებში. ასევე შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ერთად, რათა შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციისთვის, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. შემდეგი შეხვედრა გაიმართება მარტსა და აპრილში, რომ გაგრძელდეს მუშაობა. "რ": ანუ რუსეთი თანახმაა, რომ როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე ერთობლივი კონტროლი განხორციელდეს. თ.კ: ამ საკითხზე გაგრძელდება მუშაობა. კონკრეტულად რა ფორმატი იქნება, ჯერ უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე მიღწეული გვაქვს პრინციპული შეთანხმება, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. აღნიშნულ საკითხზე აქამდე რუსეთის მხრიდან არანაირი მზაობა არ არსებობდა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვსვამდით ამ საკითხს, თუმცა, რუსეთი მიჩნევდა, რომ ამ ფორმატში არ იყო აღნიშნული საკითხი განსახილველი. "რ": რუსეთი დათმობაზე მიდის? თ.კ: დიახ. სწორედ ამას ვიხილავთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გაკონტროლება მოხდეს, რაშიც იგულისხმება, რომ საქართველოს მხრიდან იყოს ქართველი, ხოლო რუსეთის მხრიდან კი რუსი მებაჟეები, რაზეც, როგორც მოგახსენეთ, უკვე შევთანხმდით. "რ": ტექნიკურად როგორ მოხდება ამის განხორციელება იმ ტერიტორიებზე, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. თ.კ: ძირითადად ამ საკითხზეც მიდის მსჯელობა, ჩვენ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, ასევე ის მექანიზმები, თუ როგორ განხორციელდება. მაგრამ მიზანი ორივე მხარეს გვაქვს საერთო - მოხდეს კონტროლის დაწესება, რათა დაურეგულირებელი არ იყოს სავაჭრო მიმოქცევა და მოხდეს ამ ყველაფრის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმატით. "რ": აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები ამის წინააღმდეგ წავლენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი გარკვეულწილად მათ აზრსაც გაითვალისწინებს. თ.კ: კონკრეტულად ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შესაბამისად, აქ ქართული და რუსული სახელმწიფოს წარმომადგენლები ვესაუბრებით ერთმანეთს და აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენლების რეაქციები ვერ განიხილებოდა. "რ": რა დათმობებზე მოუწია ქართულ მხარეს წასვლა. თ.კ: აქ არანაირ დათმობებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ უკვე ვართ მსო-ს წევრი და თუ რუსეთს სურს წევრობა, ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა - საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია. "რ": რა დრო დასჭრდება აღნიშნული საკითხის დასრულებას? თ.კ: ეს დამოკიდებლულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, რუსეთზეც. მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია და ვეცდებით რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადაწყდეს ეს საკითხი, განსაკუთრებით საჭიროა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და გამოჩნდება, რამდენად წარმატებული იქნება. "რ": ხომ არ შეხებიხართ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თემას. თ.კ: ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, რადგან აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში არ შედიოდა, ჩვენ მხოლოდ საბაჟო-გამშვები პუნქტების საკითხს შევეხეთ. ამირან რობაქიძის მამა ოპოზიციას უნდობლობას უცხადებს (ინტერპრესნიუსი) პატრულის მიერ მოკლული 19 წლის ამირან რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე ქართულ ოპოზიციას უნდობლობას უცხადებს. როგორც სოსო რობაქიძემ განაცხადა, არსებული ოპოზიციის არ სჯერა და იმედი აქვს საქართველოში სულ სხვა, ახალი ძალა მოვა. "ასეთი განცხადების საფუძველი მომცა ოპოზიციის მოქმედებამ. წლების განმავლობაში აყენებდნენ გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯის საკითხს. სწორედ აქედან დაიწყო საპროტესტო განწყობა ხალხში ხელისუფლების მიმართ. ახლა კი, როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლებას მემორანდუმი წარუდგინა, არც ერთ პუნქტში არ იყო ნახსენები გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯის საკითხი. მე რომ მკითხო, ეს საკითხი პირველ პუნქტად უნდა ყოფილიყო. მათ კი მეორე ხარისხოვან თემებად აქციეს," - განაცხადა რობაქიძემ. მისივე თქმით, ლეგიტიმურად, ხალხის მიერ პრეზიდენტად არჩეული ლევან გაჩეჩილაძის არალეგიტიმურ მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მიუღებელია. "სააკაშვილთან არ უნდა ლაპარაკობდეს. მოთხოვნები კი ძალიან მსუბუქი აქვთ. კინწურაშვილის გადადგომას რომ ითხოვენ, რა აზრი აქვს, გადადგება კინწურაშვილი და მოვა მეორე კინწურაშვილი. დონაძე, მიქაძე, სალაყაია და სხვები ციხეში უნდა ისხდნენ და ხერხემალი ვანო მერაბიშვილი უნდა გადატყდეს," - განაცხადა რობაქიძემ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |