"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

სომხეთის ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს: ლევონ ტერ-პეტროსიანის ბანაკს თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილის შემდეგ გენპროკურორის მოადგილეც შემატა

დავით ახვლედიანი

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ოპოზიციამ გუშინ საპროტესტო აქციის გამართვა დღის სამი საათისათვის დაგეგმა, დილაადრიანად ერევნის ცენტრალურ მოედანზე ხალხის ნაკადის მატება არ წდებოდა. მიზეზი ჩვენთვის კარგად ნაცნობია - სომხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აგერ უკვე მეოთხე დღეა ვერ ეგუება და ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვს. მართალია, სერჟ სარქისიანს ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვება კი მიულოცა, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთის ცესკოს მიერ ხმების დათვლის პროცესით შეშფოთებულია.

19 თებერვალს სომხეთის ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა 52,8%-ით გაიმარჯვა. ხოლო მის ძირითად ოპონენტს, ექს-პრეზიდენმა ლევონ ტერ-პეტროსიანს წილად ხმათა მხოლოდ 21,5% ერგო.

ტერ-პეტროსიანი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და სერჟ სარქისიანმა რეალურად 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. აქედან გამომდინარე, ისინი ხმების ხელახლა დათვლას ითხოვენ.

სიტუაციას სომხეთში ისიც ამწვავებს, რომ ოპოზიციას გუშინ თადაცვის სამინისტროს ორი მოქმედი გენერალი, ასევე ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილე მიემხრო. გარდა ამისა, სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საკმაოდ ფრთხილად მოეკიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სომხეთში ჩატარებული არჩევნების შეფასებისაგან ამ დრომდე თავს იკავებს.

ეს ალბათ გარკვეულ წილად იმითაც არის განპირობებული, რომ აშშ-ში დიასპორის სახით ძლიერი "სომხური ლობიც" მოქმედებს, რომელიც აშშ-ს მმართველ წრეებში საკმაო გავლენითაც სარგებლობს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპოუქსმენის, ედგარ ვასკესის გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამჟამად აშშ სომხეთში ჩატარებული არჩევნებისას მომხდარ პრობლემების შესახებ ყველა ინფორმაციას ამუშავებს. ვასკესის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დასკვნით არჩევნები ძირითადად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა, აშშ ამ დოკუმენტის ზოგიერთმა პუნქტმა შეაშფოთა. კერძოდ კი არჩევნებში შედეგების დათვლის აღწერამ, რომელიც დოკუმენტში ტერმინით "ცუდი" ან "ძალიან ცუდი" არის დაფიქსირებული.

სომხეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ექსპერტ სტეფან გრიგორიანის განცხადებით, სომხეთში არჩევნები ყოველთვის სერიოზული დარღვევებით ტარდება, რომლებსაც არათუ ოპოზიცია, არამედ საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლებიც აფიქსირებენ.

"ისეთი დარღვევები, რაც ამ არჩევნებისას ხდებოდა, ბევრის მომსწრე კარგ გამოცდილ ამომრჩეველსაც არ უნახავს. თავად გახლდით ლევონ ტერ-პეტროსიანის საარჩევნო შტაბში, როდესაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაახლოებით 2 საათში ბიულეტენების ნახევარი უკვე გადათვლილი იყო. არსებული მონაცემებით ლევონ ტერ-პეტროსიანი ხმათა 70-75%-ს აგროვებდა. ამ ინფორმაციას უბნებიდან მისი ნდობით აღჭურვილი პირები აგზავნიდნენ. ზუსტად მაგ დროისათვის დაიწყო მათ წინააღმდეგ როგორც ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, ასევე მათი დაშინება, მუქარა და უბნებიდან გამოყრა. არაკონტროლირებად სიტუაციაში კი ტერ-პეტროსიანის სასარგებლოდ მიცემული ხმებით ბიულეტენები ან საერთოდ ამოიღეს, ან სარქისიანს მიათვალეს.

"ამჟამად ამას ჩატარებული ორი ეგზიტპოლის შედეგებიც ადადსტურებს. "ალფა-გა"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით ტერ-პეტროსიანმა პირველ ტურშივე მოიგო ხმათა 54,2%-ით, სარქისიანის 24,4%-ის წინააღმდეგ; ხოლო "ალიანსის" თანახმად მეორე ტური უნდა გამართულიყო, თუმცა იქაც ტერ-პეტროსიანი 37,7%-ით სარქისიანის 34,5%-ის წინააღმდეგ მაინც ლიდერობდა", - აცხადებს სტეფან გრიგორიანი.

სომხეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით "რეზონანსთან" საუბარში საქართველოს პარლამენტის წევრი ვან ბაიბურთი აცხადებს, რომ მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, სერჟ სარქისიანმა არჩევნებში რეალურად ხმათა მეტი რაოდენობით გაიმარჯვა.

"სერჟ სარქისიანს გამარჯვება პირველმა მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა - ნიკოლა სარკოზიმ მიულოცა. მიულოცა ასევე მიხეილ სააკაშვილმა, ვლადიმირ პუტინმა და, რაც ყველზე კარგია, მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა.

"ის, რაც დღეს ერევანში ხდება, რასაკვირველია, საქართველოსგან აღებული მაგალითია, რადგან სომხეთს გვერდზე ჰყავს საქართველო, რომელიც მსოფლიოში მიტინგების გამართვის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია. მიტინიგები კი იმის დამადასტურებელია, რომ საქართველო არის მართლაც დემოკრატიული. ამიტომ სომხეთშიც ალბათ ახლა ჩათვალეს, რომ ახლა იქნებ ჩვენც ავითვისოთ ეს პრაქტიკაო.

"მაგრამ ჩვენსა და სომხეთს შორის ის განსხვავებაა, რომ სომხეთი ჩვენგან განსხვავებით კარგად იქცევა, როცა არ აჟიტირებს ხალხს ამ მიტინგებით. ორი დღეა, ლევონ ტერ-პეტროსიანი მიტინგებს ატარებს და უამრავი ხალხია ამ აქციაზე. ტელევიზიები კი ამის პირდაპირ ტრანსლაციას არ ახდენენ.

"ყველაზე აღმაშფოთებელი, ჩემი აზრით, ის ფაქტია, რომ მიტინგზე გამოვიდა გენერალური პროკურორის მოადგილე გაგიკ ჯანგირიანი, რომელიც არის ყოფილი სამხედრო პროკურორი, რომლის დროსაც 1999 წლის პარლამენტში ავტომატებით დეპუტატები ჩახოცეს.

"აღსანიშნავია, რომ მიტინგები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, რადგან სომხები პოლიტკორექტულობით გამოირჩევიან.

"მე ვიცი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები აღიარეს, უბრალოდ აღნიშნეს, რომ იყო დარღვევები, თუმცა არა ისეთი, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა. ერთი რამ აშკარაა - სერჟ სარქისიანმა უფრო მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე ლევონ ტერ-პეტროსიანმა", - აცხადებს ვან ბაიბურთი.

სეპარატისტები 10 დღეში დამოუკიდებლობის გეგმას შეიმუშავებენ

(ინტერპრესნიუსი) აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დე-ფაქტო პრეზიდენტები სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითი და იგორ სმირნოვი უახლოესი 10 დღის მანძილზე დამოუკიდებლობის მოპოვების გეგმას შეიმუშავებენ.

როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა.

"7-10 დღის განმავლობაში არაღიარებული რესპუბლიკების მეთაურები შევიკრიბებით და მომავალი მოქმედებების ერთობლივ გეგმას შევიმუშავებთ," - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.

მისი თქმით, აფხაზეთი რამდენიმე დღეში რუსეთის, დსთ-ს ქვეყნების ხელმძღვანელებისა და გაეროსადმი მიმართვას შეიმუშავებს, რომელშიც დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს.

"ამ მიმართვას უკვე ვამზადებთ და მას სამ-ოთხ დღეში რუსეთის დუმას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და დსთ-ს ქვეყნების ხელისუფლებებს გადავცემთ. მიმართვის პერსპექტივებს დიდი იმედით განვიხილავ," - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ მიმართვის შემუშავება სამი დე-ფაქტო რესპუბლიკის ერთობლივი გეგმის ნაწილია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com