"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

რუსეთი ემბარგოს ხსნის?

(ინტერპრესნიუსი) რუსეთ-საქართველოს შორის მოიხსნება დღეისთვის მოქმედი სავიზო შეზღუდვები და აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა. ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოსკოვში შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო რუსული მხრიდან მიღებული პრინციპული პირობა იმის შესახებ, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლება უკვე მარტის შუა რიცხვებიდან იქნება შესაძლებელი.

ბაქრაძის ინფორმაციით, განახლდება საფოსტო კავშირიც, მოიხსნება სავიზო შეზღუდვები იმ კატეგორიის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ჯერაც ვერ იღებენ რუსეთის ვიზებს, უახლოეს მომავალში დაიწყება ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რემონტი, რათა განახლდეს რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლაც.

ქართველი და რუსი ექსპერტები დაიწყებენ მუშაობას სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com