"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

"კომერსანტი": სააკაშვილი პუტინთან შეხვედრის წინ გაღიმებაში ვარჯიშობდა: რუსული მედიის აზრით, ხუთშაბათს მოსკოვში საქართველოს "ფრთები შეაკვეცეს"

გიორგი ფუტკარაძე

რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა, რუსეთისა და მსოფლიო მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. რუსულმა გაზეთებმა აღნიშნული საკითხის გაშუქებას გუშინ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს. როგორც რუსული გაზეთები წერდნენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ყინული ქართული მხარის დათმობების შედეგად დადნა.

"სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად ჩამოვიდა," - წერდა გუშინ გამომავალი "მოსკოვსკი კომსომოლეცი", რომელიც ძირითად ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ეს პრეზიდენტ პუტინისთვის ბოლო სამიტია და მთავარი ინტრიგა სააკაშვილ-პუტინის შეხვედრა უკვე მოხდა.

აღდგება თუ არა საქართველო-რუსეთს შორის ძველი ურთიერთობა. - სვამს კითხვას გაზეთი და წერს, რომ სააკაშვილი ურთიერთობათა აღსადგენად თავისი ესკორტით ეწვია ჩრდილოვან მეზობელს.

"საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, დაზვერვის დეპარტამენტის შეფი გელა ბეჟუაშვილი - ასეთია სააკაშვილის თანმხლებ პირთა ნუსხა, რაც მიუთითებს იმას, რომ საქართველო მზადაა, ვეტო მოხსნას რუსეთის მსო-ში შესვლაზე", - წერდა გაზეთი.

ამასთან, გაზეთი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს სთხოვს რუსეთის პოლიტიკურ ურთერთობათა ინსტიტუტის დირექტორს, სერგეი მარკოვს, რომელიც აღნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილი გადაწყვეტს, რომ ძველი ულტიმატუმების ენით არ ისაუბროს, ამას ორი ახსნა აქვს: პირველი, ან ქართულ მხარეს არ სურს გააფუჭოს კიდევ უფრო გაფუჭებული ურთიერთობები და სააკაშვილს ეშინია, რომ რუსეთმა არ აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა; ან სააკაშვილი თავს ისე იჭერს, თითქოს მიდის ურთიერთობათა გამოსწორება და ამით მოიგებს.

"რუსეთი არ აღიარებს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას, თუ საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსო-ში. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს და თუ ასე არ მოხდა, მაშინ საქართველოს ნამდვილად სურს დაბრუნდეს ჩვენთან", - აცხადებს მარკოვი.

"საქართველოს ფრთები შეუკვეცეს" - ასეთი სათაურით იწყებს სტატიას "გაზეტა.რუ". სტატიის ავტორი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის უკანასკნელ წელს ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა გააუმჯობესოს ურთიერთობები საქართველოსთან, რის მაგალითადაც, ავტორის აზრით, შეიძლება ჩაითვალოს ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმება.

გაზეთს პუტინის სიტყვები მოჰყავს, სადაც იგი აცხადებს, რომ რუსეთი თავის მხრივ მზადაა ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად.

ასევე გაზეთი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არ მიესალმება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და კვლავაც პუტინის სიტყვებს იშველიებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის ვერ ხედავს რეალურ მიზეზებს, თუ რატომ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

ამასთან, "გაზეტა.რუ" ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოს ლიდერთა მომავალი შეხვედრა პუტინს უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მოუწევს.

სააკაშვილი-პუტინის შეხვედრა და რუსეთის პრეზიდენტის თბილისში შესაძლო ვიზიტი გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" განხილვის ერთ-ერთი თემაა. სტატია სათაურით "სააკაშვილმა თბილისში პრემიერი პუტინი დაპატიჟა" დსთ-ს არაფორმალური სამიტის მიმოხილვით იწყება და სტატის ავტორი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სამიტზე ხელი არანაირ მნიშვნელოვან დოკუმენტს არ მოეწერება.

ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეხვედრაზე, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც სააკაშვილი-პუტინის შეხვედრასა და კონფლიქტებზეა გადატანილი.

"საქართველომ, როგორც მოსალოდნელი იყო, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ინტერესებში არ ზის. ამასთან, მან რუსეთისგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პირობა მოითხოვა", - ვკითხუობთ გაზეთში.

როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, პუტინი მართალია არ დაპირდა სააკაშვილს ურთიერთობათა უცებ გაუმჯობესებას, თუმცა, განაცხადა, რომ გაუმჯობესების ტენდენციები იქნება.

სტატიაში მთავარი აქცენტი კი უკვე პუტინის მოთხოვნებზეა გადატანილი. როგორც ცნობილია, პუტინმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხვდება, თუ რატომ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

ავტორის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ამბებსაც შეეხო და საქართველოს შეთანხმებების შესრულება მოსთხოვა.

"აღნიშნული საკითხი დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს, თუმცა, მაინც ვერ გავექცევით კოსოვოს თემას. ქართველი სტუმრებმა სავარაუდოდ ეს შეიგნეს", - აღნიშნული ფრაზებით ამთავრებს გაზეთი სტატიას.

ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრასა და დსთ-ს არაფორმალურ სამიტს "კომერსანტიც" ეხმაურება. "სააკაშვილმა მკვეთრი წახნაგები დაამრგვალა" - ასეთი სათაურით იწყება სტატია და ძირითადი აქცენტი შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტის სულიერ მდგომარეობაზეა გადატანილი.

როგორც გაზეთი იუწყება, სანამ სააკაშვილი პუტინთან შევიდოდა, ტუჩების გავარჯიშების მიზნით რამოდენიმე წამით გაიღიმა, თუმცა ეს ღიმილი რამოდენიმე წამს გაგრძელდა.

"გაავარჯიშა ტუჩები ისე, როგორც მუსიკოსი საყვირის დაკვირის წინ ავარჯიშებს", - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, გაზეთი შეხვედრის მოსალოდნელ შედეგებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინმა სააკაშვილს ქართული დე ფაქტო რესპუბლიკების არაღიარების პირობა მისცა, თუმცა სანაცვლოდ გარკვეული პირობები წამოაყენა.

სტატიაში ორი ქვეყნის პრეზიდენტის საუბარზეა ყურადღება საუბრისას ყურადღება გამახვილებული და იმ დაპირებებზე, რაც ორივე მხარის მხრიდან განხორციელდა. სტატიის დასასრულს კი ჟურნალისტი კვლავ სააკაშვილი რეაქციებსა და მიმიკებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ სააკაშვილი კვლავ ელვისებური ღიმილით დატოვა რეზიდენცია, თითქოს მისი ტანჯვა ამ დღეს დამთავრდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com