|
|
"რეზონანსი "
პატარკაციშვილის მეუღლე "იმედის" გაყიდვას არ აპირებს: გოჩა ჯოჯუას ინფორმაციით, ბადრი პარატკაციშვილი შესაძლოა "არკადიაში" დაკრძალონ ლანა ბერიძე
როდის დაკრძალავენ ბადრი პატარკაციშვილს და როდის გადმოასვენებენ მის ცხედარს საქართველოში, კვლავ უცნობია. როგორც "რეზონანსს" გარდაცვლილი ბიზნესმენის ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, პატარკაციშვილის ცხედარი პროზექტურიდან, ლონდონში მის საცხოვრებელ სახლში გუშინწინ ღამით გადაასვენეს. ადვოკატისთვის უცნობია, როდის მოხდება პატარკაციშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება. მისივე ინფორმაციით, ცნობილია პატარკაციშვილის ანდერძის დეტალებიც, თუმცა, ამ თემაზე საუბრისგან ოჯახის ნებართვის გარეშე თავს იკავებს. ერთადერთი, რაზეც ხაჭაპურიძე გახსნილად საუბრობს, ტელეკომპანია "იმედია". მისი ინფორმაციით, ბიზნესმენის მეუღლე "იმედის" გაყიდვას არ აპირებს. "ჩემი ბოლო გუშინდელი ინფორმაციით, ცხედარი ლონდონის სახლშია გადასვენებული, მაგრამ როდის მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, ჯერ არ ვიცი. ამას ოჯახი გადაწყვეტს. რაც შეეხება ექსპერტების დასკვნას, ჯერ ექსპერტიზა არ დასრულებულა და კონკრეტულად არაფერი არ არის ცნობილი. ექსპერტიზის დასრულებას მინიმუმ ერთი თვე სჭირდება. "რაც შეეხება ანდერძს, ჩემთვის ანდერძის დეტალები ცნობილია, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, ამ ეტაპზე დეტალებს არ გავახმაურებ, რადგან ოჯახისგან ნებართვა არ ამიღია", - განუცხადა "რეზონანსს" ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", ხაჭაპურიძის განცხადებით პატარკაცშვილის მეუღლე "იმედის" გაყიდვას არ აპირებს. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში "იმედი" "ნიუსკორპს" გადაეცემა, არ დასტურდება. "ვიცი, რომ მისი მეუღლე "იმედის" გაყიდვას არ აპირებს. ეს ინფორმაცია გუშინ საღამოს შევიტყვე და მას შემდეგ რამდენადაც ვიცი, არაფერი შეცვლილა. ალბათ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც იყო, ანუ "იმედი" ოჯახის საკუთრება იქნება და "ნიუსკორპი" - ტელეკომპანიის მმართველი. მაგრამ როდის ჩაირთვება "იმედი", ამაზე ოჯახთან ჯერ ვერ ისაუბრებ. გესმით, ალბათ, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილი ისიც არ არის, სად დაკრძალავენ და როდის, "იმედის" ჩარვაზე ვერ დავსვამ კითხვებს", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. ადვოკატმა არ იცის, კონკრეტულად ვინ განკარგავს გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონებას, შვილები თუ მეუღლე. ან რა ბედი ელის მის დანარჩენ ქონებას საქართველოში. "დანარჩენ ობიექტებს გამოძიების ნებართვით აუცილებლად უნდა მოეხსნას ყადაღა. რამდენადაც ვიცი, ყადაღა აქვს დადებული ცირკს, მთაწმინდის პარკს, მის ანგარიშებს, რომლის გაყინვის შედეგადაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილე ადამიანებს ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამავდროულად ოჯახი აუცილებლად გაივლის კონსულტაციებს ლონდონელ ადვოკატებთან და მის ახლობლებთან, რის შემდეგაც გახდება ცნობილი დეტალები. როდესაც ეს მოხდება, გაირკვევა ოჯახის გადაწყვეტილება, თუ ვინ განკარგავს ბატონო ბადრის ქონებას, რადგან ახლა რომ კომენტარი გავაკეთო, ეს ვარაუდის დონეზე გამოთქმული აზრი იქნება", - აცხადებს ადვოკატი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატარკაციშვილს მესამე შვილიც ჰყავს, შალვა ხაჭაპურიძემ ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. "ამ თემაზე სუბარი არ მინდა, მესმის თქვენი ინტერესი, მაგრამ მაინც თავს შევიკავებ", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. პატრაკაციშვილის შტაბის ყოფილი წევრი გოჩა ჯოჯუაც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბიზნესმენის ცხედარი უკვე ლონდონში მის საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. "შესაძლოა, ბატონი ბადრი მისი რეზიდენციის "არკადიას" ეზოში დაკრძალონ, მაგრამ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, როდის გადმოასვენებენ ცხედარს საქართველოში", - ამბობს გოჩა ჯოჯუა. "რეზონანსი" შეეცადა ეს ინფორმაცია პატარკაციშვილის ადვოკატებთან გადაემოწმებინა, თუმცა მათ ამაზე არაფერი იციან. რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით "რეზონანსმა" ტელეკომპანიის გენერალურ მდივან ბიძინა ბარათაშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა სამწუხაროდ უშედეგოდ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |