"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

რა დაჯდება ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან: "პუტინმა სააკაშვილს ღიად მიანიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან იქნება დაკავშირებული"

სოფო ქვლივიძე

ქართველი პოლიტოლოგებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ არ არის გამორიცხული, პუტინის დაპირებებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯებიც მოჰყვეს. მათი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ნატოს საკითხზე განცხადებების გაკეთება ცუდად ენიშნათ და შიშობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებამ, შესაძლოა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი შეიწიროს. მათი აზრით, გამორიცხული არც ისაა, რომ მოსკოვის ნაბიჯები თბილისს ეკონომიკურ და ენერგოექსპანსიად დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. ასევე, ახლო მომავალში, სავიზო რეჟიმის გამარტივება და ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ერთობლივი გაკონტროლება იგეგმება.

შეთანხმება მიღწეულია ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხთან დაკავშირებითაც.

შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სასაზღვო-გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებას დათანხმდებოდა, საქართველო მზად იყო, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ვეტო მოეხსნა. საქართველოს მხრიდან ოფიციალურად მხოლოდ ამ დათმობის შესახებაა, ჯერჯერობით, ცნობილი. თუმცა, თბილისში იმასაც ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს ხელისუფლებამ სხვა შემხვედრი ნაბიჯებიც გადადგას, რომელიც ქვეყნისათვის არც თუ ისე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის განცხადებით, სააკაშვილი-პუტინის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთს საქართველოს ნატოში შესვლის პერსპექტივა აღელვებს. გეგეშიძემ "ინტეპრესნიუსს" განუცხადა, რომ მოსკოვი თბილისზე ზეწოლას მას შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერებს, როცა საქართველოს ალიანსში შესვლის რეალური კონტურები გამოჩნდება. მისივე განმარტებით, "პუტინმა სააკაშვილს ღიად მიანიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან იქნება დაკავშირებული".

"ძნელია იმაზე საუბარი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით იყო თუ არა პუტინის მხრიდან რეალური მუქარა, მაგრამ ის, რომ ეს თემა მოსკოვსა და თბილისს შორის ყოველთვის აქტუალური იქნება, ცხადია," - აღნიშნა გეგეშიძემ.

"მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძეს კი იმედი აქვს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ შეეწირება.

საპარლამენტო ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ პოზიტიური ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული დათმობების ხარჯზე გადადგა.

მიუხედავად ამ ვარაუდისა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის დათმობაზე წასვლას, მითუმეტეს, ევროინტეგრაციის მიმართულებით.

თუმცა, ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გააფრთხილა: "პუტინმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა რუსეთის პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე რეალისტურ მიზეზებს ამ პროცესის უკან. პუტინმა დეტალებში ახსნა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის".

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ ნატოში შესვლაზე უარი თქვას. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სანაცვლო დათმობების გარეშე რუსეთი შემხვედრ ნაბიჯებს არ გადმოდგამს. ამის გათვალისწინებით, ქართველი ექსპერტი შიშობს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის არ მოხდეს ფარული გარიგებები საქართველოს ეკონომიკური ან ენერგოექსპანსიის ხარჯზე, კერძოდ, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.

ორგანიზაცია "საქართველო ნატოში" ხელმძღვანელი შალვა ფიჩხაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დათმობებზე მიდიოდეს, "იცის რა, რომ მისი უნიათობისა და შეცდომების გამო ნატოში შესვლის სწრაფი პერსპექტივა მაინც არა გვაქვს."

ფიჩხაძე აღნიშნავს, რომ თუ ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაცია შეფერხდა, ეს ქვეყნისათვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ვინაიდან, არც იმის გარანტია არსებობს, რომ რუსეთი არ შეცვლის თავის პოზიციას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისევ შეურიგებელ რეჟიმში არ გადავა.

"ურთიერთობების გაცვლა არაადეკვატური იქნებოდა. რუსეთმა რომ ისევ უკან წაიღოს შეთანხმება, მასთან პირისპირ აღმოვჩნდებით," - აღნიშნა ფიჩხაძემ.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უცნაურად დაემთხვა სააკაშვილი-პუტინის შეხვედრას ამერიკელი სენატორების მიერ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისისათვის წერილის გაგზავნის ფაქტი. აშშ-ის "რესპუბლიკელმა" სენატორმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკეინმა, სხვა "დემოკრატ" და "რესპუბლიკელ" სენატორებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

"ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ საქართველოსა და უკრაინის ნატოს სამოქმედო გეგმაზე მიერთებისადმი ჩვენი მხარდაჭერა. მოგიწოდებთ, ნატოს ბუქარესტის სამიტის მომზადებისას ადმინიტრაციამ გადადგას თანმიმდევრული დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც თბილისსა და კიევს ნატოს სამიტზე ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება", - ნათქვამია წერილში.

სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ნაციონალურ ინტერესებში უნდა გაიფანტოს იმის შიში, რომ ევროპაში, შესაძლოა, ახალი გამყოფი ხაზები გაჩნდეს, რომელთა მიღმა დარჩენილი ქვეყნებისთვის აკრძალული და ძნელი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.

"ჩვენ მოგიწოდებთ, დაეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი რაც შეიძლება მალე მიუერთდნენ ნატო-ში გაწევრების ხელშემწყობ გეგმას და ადმინისტრაციამ ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქციოს", - ნათქვამია წერილში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას ცხინვალის რეგიონს უკავშირდება. მითუმეტეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების დროს ხაზი გაესვა ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანისათვის.

ქართველი ექსპერტების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ამ შეხვედრას ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების კუთხით გარკვეული ძვრები მოჰყვეს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრის ვლადიმერ სანაკოევის განცხადებით, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, ჯერჯერობით, გაცხადებული არ არის, თუმცა, მას იმედი აქვს, რომ ურთიერთობების დაახლოების ფარგლებში ამ მიმართულებით "მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა პოზიტიურ ჭრილში" გადავა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com