"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ყოველ მეორე მოქალაქეს "ბანკის ვალი" აქვს: საბანკო კრედიტები სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობაში

ქეთი თოდუა

მოსახლეობაში საბანკო კრედიტების რაოდენობა თანდათან იზრდება. საქართველოში სულ უფრო რთულად შეხვდებით ისეთ ადამიანს, ვისაც კრედიტი არ აქვს ბანკიდან აღებული. ე.წ. "ბანკის ვალი", სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობაში. ასეთი სახის სესხებს მოსახლეობა უფრო ხელმისაწვდომად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ბანკიდან გამოიტანონ სასურველი თანხა. თანხის გამოსატანად კი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ხელფასის განსაზღვრული რაოდენობა არის საჭირო.

"რეზონანსი" დაინტერესდა რა მიზეზებით გამოაქვს ხალხს ბანკიდან კრედიტი და რისთვის იყენებენ გამოტანილ თანხას. როგორც აღმოჩნდა, ბანკს მიმართავენ ფულისათვის ნებისმიერ შემთხვევაში - ტექნიკის შესაძენად, ვალის გადასახდელად, ბინის გასარემონტებლად, ავტომობილის გამოსაცვლელად და ასე შემდეგ. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ კი, ბანკების სხვადასხვაგვარ საკრედიტო მომსახურებას, სტუდენტური სესხებიც დაემატა. მოსახლეობა ბანკების საშუალებით, სწავლის გადასახადსაც იხდის.

დემურ ჯიშკარიანის მუდმივი შემოსავალი 800 ლარია, თუმცა ოჯახს ეს თანხა მხოლოდ ყოველდღიურ სახარჯო ფულად ჰყოფნის. თუკი ტექნიკის რამე საგანი აქვთ შესაძენი, მაშინ დემური ჯიშკარიანი ბანკს მიმართავს:

"სანამ საქართველოში საბანკო სისტემა განვითარდებოდა და შესაძლებელი გახდებოდა საბანკო კრედიტებით სარგებლობის საშუალება, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მომსახურება მაინც არსებობდა. კერძო პირს, ვისაც ჰქონდა შემოსავალი, გარკვეული რაოდენობის თანხა ჰქონდა გასესხებული და თან ყოველთვიურ პროცენტებსაც იღებდა. ბანკის მომსახურება ამისგან ბევრით არ განსხვავდება. უბრალოდ, მისი მომსახურება უფრო მეტად დახვეწილია და ბანკის პროცენტიც უფრო დაბალია.

"პროცენტიანი ვალი" ბევრი ადამიანისთვის ისეთივე ჩვეული მოვლენა იყო, როგორიც დღეს არის "ბანკის ვალი". ბანკიდან კრედიტი მეც ამიღია. ჩემი ოჯახის მუდმივი შემოსავალი 800 ლარია, მაგრამ ეს ოჯახს მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ტექნიკის შეძენა თუ გვსურს, მაშინ უკვე ბანკს მივმართავთ. პირველად შარშან მივმართე ბანკს და აღმოვაჩინე, რომ არც ისე ძნელი ყოფილა აღებული სესხის დაფარვა. ყოველთვიურად 250 ლარი მაკლდებოდა ხელფასიდან. პირველი ათთვიანი კრედიტი დავფარე და ახლა ახალი სესხი გამოვიტანე.

ბავშვებმა რომ ნახეს, რა ადვილი ყოფილა ბანკიდან ფულის გამოტანა, უკვე კომპიუტერიც მომთხოვეს და მეც იძულებული გავხდი მათთვის ეს სურვილი შემესრულებინა, მათ იმდენი აღარ ესმით, რომ იმ ვალს გასტუმრება უნდა. თან ბანკს იმაზე მეტი უნდა დაუბრუნო, ვიდრე გამოიტანე", - აცხადებს დემურ ჯიშკარიანი.

"რეზონანსმა" იმის დასადგენად, დაახლოებით, რამდენ ადამიანს აქვს საბანკო კრედიტი, პატარა გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ 50 გამოკითხულიდან ნახევარზე მეტი - 32 ადამიანი სარგებლობს ბანკის საკრედიტო მომსახურებით. გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც ვალის დაბრუნება დააგვიანეს და ამიტომ ახლა მათ ბანკი თანხას აღარ აძლევს.

ქალბატონმა თეონა ხიზანიშვილმა ბანკიდან თანხა სხვა ვალის გადასახდელად გამოიტანა. იგი ამბობს, რომ არასოდეს უფიქრია კრედიტი აეღო, მაგრამ იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო: "არასოდეს მიფიქრია ბანკიდან კრედიტი ამეღო. მაინც, რატომღაც, მეშინოდა ბანკის ვალის, მეგონა თანხას ვერ გადავიხდი და გარანტად ჩადებულ ბინას გამიყიდიდნენ. ახლა იძულებული გავხდი ასე მოვქცეულიყავი. ვალი მქონდა 3 000 ლარი და ამ თანხას ვერაფრით ვიხდიდი. ბანკიდან გამოვიტანე სამი ათასი ლარის კრედიტი და ისე გავისტუმრე ვალი.

ერთი ვალის გადასახდელად მეორე ვალი ავიღე. ყოველთვიურად შესატანი თანხა ჩემი მეუღლის ხელფასიდან იქვითება. საბედნიეროდ, მუდმივი შემოსავალი გვაქვს და არ გვიძნელდება კრედიტის დაფარვა. ერთად დიდი თანხის მოგროვება გაგვიჭირდა, თორემ თვეში 300 ლარს კი ვიხდით. ორი თვეღა დაგვრჩა კრედიტის დასაფარავად და მერე დავისვენებ. ყველანაირი ვალი სანერვიულოა, გინდა ბანკის იყოს და გინდა ახლობელი ადამიანისა".

როგორც წესი, როცა ერთ ბანკში გაქვს ვალი, იმავე ან თუნდაც სხვა ბანკში მეორე სესხის აღება არ შეიძლება, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ასე არ ხდება. ჩვენთან, ზოგოერთ ადამიანს, ერთდროულად ორი და მეტი კრედიტი აქვს გამოტანილი. მათ რიცხვს მიეკუთვნება გოგა კაპანაძეც:

"ბანკიდან კრედიტი პირველად ახალი ავტომობილის საყიდლად გამოვიტანე. ჩემი შემოსავალი მაქვს და ამიტომ გადავწყვიტე ბანკისთვის მიმემართა, თორემ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ სესხი ამეღო. საკმაოდ სოლიდური თანხა გამოვიტანე ბანკიდან. მერე თანხა ისევ დამჭირდა და ისევ იმავე ბანკს მივმართე, მაგრამ უარი მითხრეს. სხვა ორ ბანკშიც უარი მითხრეს, რადგან ჩემი მონაცემები ნახეს. მერე მეგობარმა მითხრა, რომელი ბანკისთვისაც უნდა მიმემართა. თვითონ იმ ბანკში ჰქონდა ორი სესხი, კრედიტი მეც მომცეს.

მეორეჯერ ცოტა ფული მჭირდებოდა, ამიტომ დავთანხმდი ისეთ პირობებს, რომლებიც ჩემთვის მომგებიანი არანაირად არ იყო. ორი კრედიტის ერთად გადახდა ცოტათი მიჭირს. ფაქტობრივად, ჩემი მთელი ხელფასი ბანკების პროცენტებზე იხარჯება. ოჯახი მარტო ჩემს შემოსავალზე რომ იყოს დამოკიდებული, მის რჩენას ვერ შევძლებდი", - ამბობს გოგა კაპანაძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბანკების მომსახურებას სტუდენტური სესხებიც დაემატა. სტუდენებს მშობლების ხელფასის საფუძველზე შეუძლიათ ბანკიდან კრედიტი აიღონ და სწავლის საფასური გადაიხადონ. როგორც აღმოჩნდა, მშობლები სწავლის გადასახადის დასაფარავად სტუდენტურ სესხებს ყოველწლიურად მიმართავენ.

სალომე ნაფიშვილის შვილი კერძო უნივერსიტეტში სწავლობს და მიუხედავად იმისა, რომ მას სახელმწიფოსგან ასპროცენტიანი დაფინანსება აქვს, სწავლის საფასურზე, დაახლოებით, ორი ათასი ლარის დამატება მაინც უხდებათ:

"ჩემი შვილი კერძო უნივერსიტეტში სწავლობს. სახელმწიფოსგან სრული დაფინანსება აქვს, ანუ ასპროცენტიანი გრანტი მოიპოვა, მაგრამ თანხის დამატება მაინც გვიწევს. დაახლოებით, ორი ათასი ლარი გვაქვს დასამატებელი. ერთიანად ამხელა თანხის გადახდა არ შემიძლია, ამიტომ სტუდენტური სესხი ავიღეთ. იოლი ასეც არ არის თანხის გადახდა, თანაც მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიხადოთ ფული, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. უკვე მეორე წელია სტუდენტურ სესხს ვიღებთ. ახლა სხვა კრედიტიც გვაქვს აღებული და თვეში, დაახლოებით, 300 ლარს ვიხდით პროცენტებში", - აცხადებს სალომე ნაფიშვილი.

ყოველდღიურად უამრავ რეკლამას ვისმენთ თუ ვკითხულობთ ბანკების საკრედიტო მომსახურებაზე. როგორც ჩანს, რეკლამებმა თავისი შედეგი გამოიღო და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბანკიდან სესხი გამოტანილი. სესხის გამოტანა ადვილია, ამას სულ რაღაც წუთები სჭირდება, მაგრამ ძნელი შემდეგ კრედიტის დაფარვაა.

შილდის ღვინის ქარხანა გაიყიდა

(პრაიმ-ნიუსი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შპს "შილდის ღვინის ქარხანა" 175000 აშშ დოლარად გაიყიდა. ობიექტზე წარმოდგენილი იყო ერთი განაცხადი და იგი კერძო პირმა შეისყიდა.

ამავე აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კიდევ ორი ობიექტი გაიყიდა. ორივე ქონების ახალი მფლობელები ასევე ფიზიკური პირები გახდნენ. 1,04 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, 23-ში მდებარე შენობა-ნაგებობები. ქონების საწყისი ღირებულება 1 მილიონი აშშ დოლარი იყო.

აუქციონზე ორი განაცხადი იყო წარმოდგენილი ფიზიკური პირებისგან. ასევე ერთი განაცხადი იყო წარმოდგენილი სენაკში, ინდიკო სანაიას ქუჩის ჩიხი, 2-ში მდებარე მაცივრის შენობის აუქციონზე. ობიექტი 11 000 დოლარად გაიყიდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com