|
|
"რეზონანსი "
შალვა ფიჩხაძე აქციების გადადებას მიესალმება
(ინტერპრესნიუსი) პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე ოპოზიციის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების გადადების შესახებ მიესალმება, მაგრამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს მათი მოთხოვნების "მტკიცე გარანტია" მისცა, შიმშილობის აქციების დაწყება საჭირო ნამდვილად არ იყო. "ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიცია უკან აღარ დაიხევს, რადგანაც მერე კიდევ ერთხელ უკან დახევით ისინი ამომრჩევლების მხარდაჭერას დაკარგავენ", - აღნიშნავს შალვა ფიჩხაძე. პოლიტოლოგის განმარტებით, ის რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია და ეს საპარლამენტო არჩევნებამდე არ უნდა გახდეს მათი დაშლის საფუძველი. "იმის გამო, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკური ძალები არიან, არჩევნების წარმატებით ჩატარების შემთხვევაშიც გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას არ გამოვრიცხავ," - დასძინა ფიჩხაძე, რომლის თქმითაც, თუ გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებამდე დაიშალა, "ეს კარგი ნამდვილად არ იქნებოდა".
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |