|
|
"რეზონანსი "
საკუთრებას ახალი უფლებებით დაიცავენ მარიამ ხიდაშელი
დარბეული ბიზნესისა და დანგრეული ქონების შემდეგ, საკუთრების უფლებების დასაცავად მთელ რიგ კანონებში ცვლილებათა პაკეტი მზადდება. იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, შესაბამისი ცვლილება არა მხოლოდ კონსტიტუციაში, არამედ გამომდინარე კანონმდებლობაში, მათ შორის, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსშიც შევა. "ქონების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები ნამდვილად არსებობს. ცვლილებათა პაკეტით ყველა ის პრობლემა გადაიჭრება, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში წარსულში არსებობდა და შეიძლებოდა, მომავალშიც წარმოქმნილიყო. კერძოდ, ქონების ლეგალიზაცია უფრო მყარი და მკაფიო, მათ შორის სამართლებრივი და კონსტიტუციური გარანტიებით დაცული გახდება," - განაცხადა გვარამიამ. მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო და გამომდინარე კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა მომავალ კვირას დასრულდება, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტში შევა. "საკუთრების დაცვა - ეს საერთო პრობლემაა და აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება და აზრთა სხვადასხვაობა არ იარსებებს" - დასძინა გვარამიამ. ქონების ლეგალიზაციის პროცესის გამარტივებისა და საკუთრების ხელშეუხებლობის უფრო მყარი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით მთავრობას შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მისცა. საქართველოში საკუთრების ხელყოფა არავის უკვირს, მაგრამ შარშან მესაკუთრეთა უფლებების შელახვის გაუგონარი ქმედებები დაიწყო. ხელისუფლების მიერ "საკუთრების შესახებ" კანონის ხელყოფა საკუთარ თავზე იწვნიეს თაბუკაშვილის ქუჩის მობინადრეებმაც. თურმე ის მიწა, სადაც კორპუსი აშენდა, მათ არ ეკუთვნოდა. შესაბამისად, საკუთარი სახლებიდან ადამიანები ისე გამოყარეს, რომ ავეჯის გამოტანაც არ დააცადეს. საკუთრების უფლებების მასშტაბური დარღვევა შეიძლება ითქვას რიყესა და ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ უბნებში რესტორნებისა და კაფეების დანგრევით დაიწყო. "რიყე თბილისის მთავარი ტურისტული ცენტრია და ის ქაოსურად, სოკოებივით ამოსული სამიკიტნოებისა და რესტორნების ზონად არ უნდა იქცეს", - განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ და "ამწეკრანიც" ამუშავდა. ამის შემდეგ, მთავრობის ფანტაზიები საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა მწერალთა კავშირის, "სახალხო ფრონტის", "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა" და გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ოფისების დარბევა ნაშუაღამევს დაიწყეს. მწერლებს დიდი მეცენატის დავით სარაჯიშვილის ნაჩუქარი ქონება ჩამოართვეს. შესაბამისად, მაჩაბლის #13-ში მწერლების საუკუნოვანი ცხოვრება დასრულდა. დარბევების პერიოდში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. მთავრობა მიხვდა, რომ ინვესტორების მოსაზიდად, უცხოურ სატელევიზიო არხებზე ძვირადღირებული რეკლამების გაშვება საკმარისი არ არის. ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთარი ბიზნესის მაღალ დონეზე დაცვაა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |