"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ფასების ზრდა გრძელდება

მარიამ ხიდაშელი

ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად ინფლაციის ზრდის საშიშროება მაინც არსებობს. ამ პროცესის განვითარებას მთავრობასა და ეროვნულ ბანკში გარე ფაქტორებითა და მოსახლეობაში შექმნილი ინფლაციური მოლოდინით ხსნიან.

პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში წლიური ინფლაციის 11 პროცენტიდან 10.7 პროცენტამდე ჩამოვიდა. როგორც ყოველთვის, ექსპერტები პრემიერსა და სტატისტიკოსებს არ უჯერებენ და აცხადებენ, რომ ინფლაცია გაცილებით მაღალია. მათი განმარტებით, ინფლაციის შედარებით დაბალ ნიშნულამდე ჩამოყვანა ხელოვნურად ხდება. ანუ ინფლაციის დასათვლელად სტატისტიკოსებს სამომხმარებლო კალათაში ის პროდუქტი შეყავთ, რომელიც იმ კვირას, ან თვეს გაიაფდა. მაგალითად, ტექნიკა და ზოგიერთი ტანსაცმელი. ადამიანებს კი არსებობისთვის საკვები და წამლები სჭირდებათ, რომელთა ფასი მუდმივად იზრდება.

სამომხმარებლო კალათა, რომლის მიხედვითაც თვის ინფლაცია იანგარიშება, 285 საქონელს მოიცავს. აქედან 118 საქონელი, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობა შეუძლებელია, პერმანენტულად ძვირდება, 55 საქონლის ფასი მერყეობს და ხშირად გაძვირების ტენდენციით გამოირჩევა, 112 საქონლის ფასი კი, რომელიც ადამიანის არსებობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, არ იცვლება.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე მონეტარული სიჭარბე, გაზრდილი და ძირითადად სოციალური ტიპის სახელმწიფო დანახარჯები, ძლიერი ინფლაციური მოლოდინი, სავარაუდოდ, საპროგნოზო ინფლაციის გაუარესებას გამოიწვევს.

ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად მთავარ ფისკალურ უწყებასა და ეროვნულ ბანკს ერთადერთი გამოსავალი რჩება, მიმოქცევაში ფულის მასის ოდენობა შეამციროს. რისკების გასანეიტრალებლად ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 20 თებერვლის სხდომაზე, ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით, წლიურ 11 პროცენტამდე გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის ზრდა საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე და ინფლაციურ მოლოდინზე მოქმედებს. "აღნიშნული ფაქტორები თავის მხრივ ფულის მიწოდებაზე, გაცვლით კურსზე, აქტივების ფასებზე და სხვა ფაქტორებზე მოქმედებენ. საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოსახლეობას სტიმულს აძლევს მომავალში გადადონ შესყიდვები, მიმწოდებელმა აღარ მოუმატოს ფასები და დაქირავებულმა არ მოითხოვოს ხელფასების ზრდა, რაც თავისთავად ინფლაციურ მოლოდინს ამცირებს. მოლოდინის შემცირებასთან ერთად ნომინალურ საპროცენტო განაკვეთში ინფლაციის წილი მცირდება, რაც მომავალში ნომინალური საპროცენტო განაკვეთის შემცირებას იწვევს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ინფლაციის დონის რეგულირების თვალსაზრისით, ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს იმ ოდენობამდე გაზრდის ან შეამცირებს, რომელიც მაღალი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად იქნება სასურველი. კონკრეტულად რამდენია ის მაქსიმუმი, სადამდეც სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთის გაზრდა შეიძლება, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეს ინფლაციის მაჩვენებელსა და ზოგადად მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთებზეა დამოკიდებული.

"ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მაგალითად, რუსეთში ასეთი განაკვეთი ამჟამად 10.25 პროცენტია, თურქეთში 15.25 პროცენტი, თუმცა, როდესაც თურქეთში მაღალი ინფლაცია იყო, მაგალითად 2002 წელს, ანალოგიური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტზე მეტს შეადგენდა", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

ინფლაციის გამომწვევ ძირითად მიზეზად, გარე ფაქტორებთან ერთად მიმოქცევაში გაშვებული ფულის დიდი მასა სახელდება. საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციით, მთავრობამ თანხები მაქსიმალურად უნდა დაზოგოს, რათა ბიუჯეტის დეფიციტი რაც შეიძლება მცირე იყოს. საერთაშორისო ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, თანხები ძირითადად სიღარიბის დაძლევასა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებისკენ მიმართოს. თუმცა სოციალური პროგრამები კარგად გაწერილი და ეფექტიანი უნდა იყოს.

ექსპერტები ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მცდელობას დადებითად აფასებენ. თუმცა მათი განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის შედეგად ლარის გამყარება ექსპორტის მასშტაბების გაზრდას აფერხებს. ექსპერტები მთავრობას ასევე ურჩევენ, რომ განსაკუთრებით ექსპორტის ხელშეწყობასა და მის ზრდაზე იფიქროს.

"ლარის გამყარება იძულებითი პროცესია. ეს იმისთვის კეთდება, რომ ინფლაციის მასშტაბები შეჩერდეს. აქ არის დილემა, არ შეიძლება მოგება ლარის კურსისგანაც მიიღო და ინფლაციისაგანაც. საზოგადოება ინფლაციის შენელებისთვის ძალიან ბევრს იხდის. ეროვნული ვალუტის ასეთი გამყარება არც საზოგადოებისთვის არის კარგი და არც ეკონომიკისთვის. საზღვარგარეთ სამუშაოდ გასული საქართველოს მოქალაქეები თავიანთ ოჯახებს ფულს ამერიკულ ვალუტაში უგზავნიან, შესაბამისად ისინი სერიოზულ ზიანს ღებულობენ. მთავრობა ექსპორტის წახალისებაზე საუბრობს. ასეთი კურსი კი ექსპორტს ხელს არ შეუწყობს. ხელისუფლებამ გონივრულ გამოსავალს უნდა მიაგნოს", - ამბობს ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის უფრო თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა არსებობდეს. ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებას ცდილობს, ფინანსთა სამინისტრო კი ხშირად საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის დაკვეთით მიმოქცევაში დიდი რაოდენობის თანხას უშვებს, რომელიც ხშირად არამიზნობრივად იხარჯება.

მერია მრავალბინიანი სახლების საზღვრებს ადგენს

(ინტერპრესნიუსი) თბილისის მერიამ დედაქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის, გამიჯვნის, მიზნით ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიზანია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პილოტ-პროექტების მომზადება. მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2008 წლის 1 დეკემბერია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სატენდერო განაცხადი თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურში 4 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. პირველადი სატენდერო წინადადებები აღნიშნულ დღეს გაიხსნება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com