"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

მთავრობამ ელექტროენერგიის ექსპორტზე არ უნდა იფიქროს

(ინტერპრესნიუსი) საქართველომ არა ელექტროენერგიის ექსპორტზე, არამედ ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იფიქროს, - განაცხადა ექსპერტმა, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა უნდა მოხდეს. "ჰიდრორესურსების სრულად ათვისების შემთხვევაში თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება ჰიდროელექტროსადგურებით განხორციელდება და შეიქმნება წლიურად 1,25 მილიარდი ევროს საექსორტო პოტენციალი", - აღნიშნულია მთავრობის პროგრამაში. რევაზ არველაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკის ნორმალურ დონეზე განვითარების და ჰიდრორესურსების სრული ათვისების პირობებში ქვეყანას საექსპორტოდ ელექტროენერგია არ დარჩება. ექსპერტი თვლის, რომ თურქეთში, რომელზეც მთავრობა ძირითად აქცენტს აკეთებს როგორც ელექტროენერგიის ექსპორტის ბაზარზე, ენერგოდეფიციტი მართლაც არსებობს, განსაკუთრებით ზაფხულში.

"თურქეთი სერიოზულად ავითარებს ეკონომიკას და მას სჭირდება იმპორტი. თურქეთის სამხრეთ ნაწილში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად ზაფხულში იზრდება. სწორედ ზაფხულში საქართველოს ჭარბი ჰიდრორესურსები გააჩნია", - აღნიშნა არველაძემ. ამასთან, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის ინფორმაციით, თურქეთსაც მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ენერგეტიკის განვითარების მხრივ. არველაძის თქმით, საქართველომ, შესაძლოა, უახლოეს წლებში ელექტროენერგიის ექსპორტი რუსეთშიც განახორციელოს, სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების ფონზე რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პირობებში.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com