"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

საკადასტრო ამზომველი კომპანიებისათვის ნახაზის სარეკომენდაციო ფორმა შემუშავდა

(პრაიმ-ნიუსი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უძრავი ქონების კერძო ამზომველი კომპანიებისთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სარეკომენდაციო ფორმა შეიმუშავა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფორმაში მოცემულია ყველა ის რეკვიზიტი, რომლის შესახებ ინფორმაციის მომზადებაც სავალდებულოა აზომვაზე პასუხისმგებელი პირისათვის.

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის სარეკომენდაციო ფორმა მოიცავს მიწის ნაკვეთის ნახაზს მისამართის, დანიშნულებისა და ფართობის მითითებით. სხვადასხვა გრაფაში საკადასტრო აზომვით ნახაზზე უფლებამოსილმა პირმა უნდა დააფიქსიროს მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლოსამეურნეო), ნაკვეთის ფართობი, საზღვრის ზომები, შენობა-ნაგებობების რიგითი ნომერი, დანიშნულება, მდგომარეობა, სართულიანობა, ფართობი, განაშენიანების ფართობი, მოსაზღვრე ნაკვეთის მართლმზომიერი მფლობელების ან მესაკუთრეების არსებობა, საკადასტრო აღწერაზე დამსწრე პირები და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

სარეკომენდაციო ფორმაში მომზადებული მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზის არსებობა მინიმუმამდე დაიყვანს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ნახაზების სხვადასხვა საკოორდინატო სისტემაში წარმოდგენა, მიწის ნაკვეთების გადაფარვა ან შეცილება, შეცდომები ფართობსა და ადგილმდებარეობის განსაზღვრაში.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com