"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

გენმოდიფიცირებული პროდუქტები წაგვლეკავს?! "მწვანეთა მოძრაობა" ბიოუსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას ითხოვს

ქეთი ბერიკაშვილი

ქვეყანაში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქცია ყველა მხრიდან შემოედინება, - განცხადება გმო-ს წინააღმდეგ მებრძოლებს ეკუთვნით. მათი მტკიცებით, გმო-ინგრედიენტების შემცველი საკვები-პროდუქტების რაოდენობა და სია კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ეს სფერო კანონმა არ დაარეგულირა. კანონის მიღებას კი ხელისუფლება ჯერჯერობით არ ფიქრობს. "მწვანეთა მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიზეზი, მთავრობის მხრიდან "ზურგგამაგრებული" კერძო კომპანიებისა თუ პირების ინტერესებია.

დღეისათვის საქართველოში, გმო-ს შემცველ პროდუქტებზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება. რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქციაა ბაზარზე, ამის თქმა, მიახლოებით მაინც, შეუძლებელი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანეთა მოძრაობა" წლებია, რაც გმო-ს წინააღმდეგ იბრძვის. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი მაღრაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ გმო-ს შემცველი პროდუქტების აღრიცხვა არ ხდება, საქართველოში შემოტანილი გმო-პროდუქტების რაოდენობაზე მონაცემების მოპოვება შეუძლებელია.

"დღესდღეობით სურსათის კონტროლის სამსახური მართალია მოქმედებს, მაგრამ მას კონტროლის ფუნქცია ჯერ არ აქვს. რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, შემოტანილ გმო-პროდუქციაზე ინფორმაცია მოგვეპოვებინა შესაბამისი უწყებებიდან. იმის გამო, რომ არ კეთდება ლაბორატორიული ანალიზი და ეს საკითხი საერთოდ არ კონტროლირდება, ბაზარზე არსებულ გმო-პროდუქციის რაოდენობასთან დაკავშირებით, ინფორმაციაც არ არსებობს", - აცხადებს მაღრაძე.

"მწვანეთა მოძრაობაში" ამბობენ, რომ გმო-პროდუქტების დიდი რაოდენობა უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოედინება. ამ ქვეყნებში კი გმო, იაფიანი პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობა ფიქსირდება. მაგალითად ჩვენს მეზობელ რუსეთში, ორიოდე დღის წინათ, "როსსელხოზნადზორმა" ბაზარზე ლაბორატორიულად შეუმოწმებელი 40 ტონა, გმო-გენიანი თევზის პროდუქცია აღმოაჩინა. ამ პროდუქციის ნაწილი ნაწლავური ჩხირებით იყო დაავადებული. ამ დღეებში აღმოაჩინეს მუტანტი ინგრედიენტებით გაჯერებული ძეხვეული.

"მწვანეთა მოძრაობაში" აცხადებენ, რომ იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც. რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყნიდან ჩვენთან გენმოდიფიცირებულთან ერთად, ვადაგასულიც დიდი რაოდენობით შემოდის. თურქ ბიზნესმენებისგან გასანადგურებლად გამზადებულ კვების პროდუქტებს ქართველები იძენენ, ვარგისიანობის ვადას ადგილზევე უხანგრძლივებენ და საქართველოში ისე შემოაქვთ.

"თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, რომელთა პროდუქციაც ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი გმო-ინგრედიენტებს შეიცავს. ძირითადად, საყურადღებოა ხორც-პროდუქტები, რადგანაც ისინი დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებულ სოიოს შეიცავს. ასევე სოიოს შემცველი სხვა პროდუქციაც, განსაკუთრებით კი ნამცხვრები, ორცხობილები", - აღნიშნავს გიორგი მაღრაძე.

ოთხი წლის წინ, 2004 წლის აპრილში გმო-პროდუქტებთან დაკავშირებით, ევროპაში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, გმო-ს საკვებმა ნიშანდება მიიღო. შესაბამისად, მოსახლეობას აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება გმო-ინგრედიენტებიან პროდუქციასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას შორის.

საქართველოს მოსახლეობას კი ისევ "საცდელი კურდღლების" როლში უწევს ყოფნა. ქვეყნის ხელისუფალნი კანონის მიღებას არ ფიქრობენ, კერძო კომპანიები კი მხოლოდ რეკლამებით ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას გვთავაზობენ. გმო-ს წინააღმდეგ მებრძოლები აცხადებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, რათა პროდუქციაზე გახდეს სავალდებულო იმის დატანა, შეიცავს თუ არა იგი გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.

"თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოოთ სუფთა პროდუქცია, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე გავიტანთ, აუცილებლად გვჭირდება კანონი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე. საჭიროა ბიოუსაფრთხოების კანონმდებლობის მიღება, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს. გარკვეულ ძალებს ამ კანონის არსებობა არ აწყობთ, რადგანაც უკონტროლო სიტუაციაში უფრო ადვილია საქმის წარმოება. ჩვენ არ ვიძახით, რომ წნეხის ქვეშ უნდა მოექცეს ბიზნესი. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედების თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ხარჯზე. თუ ხდება გარემოსდაცვითი, ჯანდაცვის საკითხების უგულებელყოფა და აქცენტი მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე კეთდება, ამ გზით ქვეყანა რეალურ განვითარებას ვერ მიაღწევს", - აცხადებს "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე, გიორგი მაღრაძე.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან, საქართველოს დახურულ ზონად გამოცხადება მოითხოვა რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციამ. ოპოზიციონერ პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობა გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დაცული უნდა იყოს.

გმო-ორგანიზმებს, ჩვეულებრივ, ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, გავრცელება, გამრავლება, ველური სახეობებისათვის თავისი გენების გადაცემა შეუძლიათ. საერთოდ, ყველა სახის გმო-პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისათვის ახალ, უცხო ნივთიერებებს შეიცავს. იგი ხელოვნური ნივთიერებებითაა გაჯერებული. მაგალითისათვის, თევზის გენიანი პომიდორი, ძაღლის გენიანი ბადრიჯანი, ვირთაგვას გენიანი კომბოსტოც კი კმარა. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მეცნიერული კვლევების თანახმად, გმო-პროდუქტებმა ადამიანის ორგანიზმში, შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები, ალერგიები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და უამრავი სხვა სერიოზული პათოლოგიები გამოიწვიოს.

მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობაში გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ გენური ინჟინერიის გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს. მათი დედამიწის მოსახლეობის მატება, მათი გამოკვების გარკვეულ პრობლემებს შექმნის. გმო-მცენარეებს, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, მეტი მოსავლის მოცემა შეუძლიათ, რადგან მათ ახალი თვისებები - მავნებლების მიმართ გამძლეობა ახასიათებთ. გმო-მცენარეები გარემოს მკაცრ პირობებს, გვალვას, ყინვას ეგუებიან.

გენმოდიფიცირებული პროდუქტების კულტივირება ძირითადად, აშშ-ში ხდება. ასეთი პროდუქტების მოყვანას დიდი ფართობი ეთმობა კანადაში, არგენტინაში, ჩინეთში, შედარებით ნაკლები სხვა ქვეყნებში. გმო-მცენარეებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია, სოიო, სიმინდი, ზეთის რაფსი, ბამბა, მზესუმზირა, შაქრის ჭარხალი, თამბაქო და ა.შ. ექსპერტთა ინფორმაციით, გმო-პროდუქტების წარმოება საკვებისა და აგროქიმიურ გიგანტურ კორპორაციებს აწყობთ, რადგან ისინი ამით დიდ ფულად მოგებას ღებულობენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com