"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

მოსკოვში, ვალის გადახდის შემდეგ გავფრინდებით: "როსაერონავიგაცია" ვალის დაფარვას გაკოტრებული ქართული ავიაკომპანიებისგანაც ითხოვს

ნინო ალექსიძე

რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც ქართული ავიაკომპანიები "როსაერონავიგაციის" მიმართ არსებულ დავალიანებას დაფარავენ. საგულისხმოა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აწ უკვე გაკოტრებული კომპანიებისაგანაც ითხოვს ვალის გადახდას. ჯერჯერობით არ კონკრეტდება თუ როგორ მოხდება მილიონობით თანხის დაფარვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა ქველმოქმედებას არ აპირებს და ვალს არც ერთ კომპანიას არ დაუფარავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, უახლოეს ხანებში განახლდება საფოსტო კავშირიც, მოიხსნება სავიზო შეზღუდვები იმ კატეგორიის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ჯერაც ვერ იღებენ რუსეთის ვიზებს. უახლოეს მომავალში დაიწყება ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რემონტი, რათა განახლდეს რუსეთთან სახმელეთო მიმოსვლაც.

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში უნდა აღდგეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ლეჟავას განცხადებით, მანამდე "როსაერონავიგაციის" მიმართ ქართული კერძო ავიაკომპანიების დავალიანების დათვლა და დაფარვა განხორციელდება.

"ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის აერონავიგაციის წინაშე გარკვეული ოდენობის ვალი დაუგროვდათ, რასაც თავად კომპანიებიც აღიარებენ. უბრალოდ აქამდე არ არსებობდა მექნიზმები იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ ვალების დაფარვა", - განაცხადა ლეჟავამ და აქვე აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე დავალიანების ოდენობა უნდა დაზუსტდეს. "დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია 3 მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობის დავალიანებაზე, თუმცა ეს ციფრი გადასახედია", - აღნიშნა ლეჟავამ.

ლეჟავამ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის აერონავიგაციის წინაშე დავალიანება ათეულობით ისეთ კერძო კომპანიას გააჩნია, რომელთა ნაწილი უკვე გაკოტრებულია. სახელმწიფო კი არცერთი ქართული კომპანიის ვალის დაფარვას არ აპირებს. საგულისხმოა, რომ თავის მხრივ დავალიანება საქართველოს მიმართ რუსეთის ავიაკომპანიებსაც აქვთ.

რუსეთთან სატრანსპორტო და საფოსტო მიმოსვლა 2006 წლის სექტემბერში შეჩერდა. ამის მიზეზი საქართველოში რუსი სამხედროების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება და ქვეყნებს შორის გამწვავებული ურთიერთობები გახდა. საქართველოს მარეგულირებელმა კომისიამ, რუსეთის საჰაერო ავიაციის წარმომადგენლებს მოლაპარაკების თაობაზე, წერილობით ჯერ კიდევ შარშან მიმართა, თუმცა მაშინ პასუხი არ მიუღიათ. რუსულ მხარეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე ოფიციალური წერილი, მეორედ წლეულს, იანვარში გაეგზავნა.

საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე მოსკოვში მიმოსვლა კვირაში 10 სიხშირით, ანუ 20 რეისით ხორციელდებოდა. მათ შორის 3 რეისი ჰქონდა "საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს", 6 - "აეროფლოტს", 7 - "ჯორჯიან ეარვეიზს" და 4 - "სიბირს". გარდა ამისა, "ნაციონალური ავიახაზები" რუსეთში სანკტ-პეტერბურგისა და მინვოდის მიმართულებით დაფრინავდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com