"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ფელიქს ღლონტს 80 წელი შეუსრულდა

ნატო ჟღენტი

გამოჩენილ კომპოზიტორს, ამერიკის ღირსების ოქროს მედლის მფლობელს, პროკოფიევის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს სახალხო არტისტს, ფელიქს ღლონტს 80 წელი შეუსრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომლის პროგრამა მსმენელს ორ მსოფლიო პრემიერას სთავაზობდა. საავტორო კონცერტში აჟღერდა სიმფონია-კონცერტანტეს ორი უნიკალური ნიმუში სიმფონია-კონცერტანტე სოლირებული ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის; სიმფონია-კონცერტანტე ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საავტორო საღამო აღქმულ იქნა როგორც მოწოდება ზნეობრივი სრულმოქმედებისაკენ და აზრის თავისუფლებისაკენ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული კულტურის განვითარებაში ფელიქს ღლონტის მხატვრული ინტელექტი სრულებით გამორჩეულ ფენომენს წარმოადგენს. დამტკიცდა ისიც, რომ დღევანდელობის "ინტელექტუალური შიმშილის" პირობებში მისი "კოსმიური" მუსიკა სრულებით უნიკალურია. ეპოქის სუნთქვასთან შესაბამისად კომპოზიტორი შეპყრობილია ინტეგრაციის იმ იდეით, რომლითაც იმპირირებულია მისი შემოქმედების არა ერთი ქმნილება.

ფელიქს ღლონტმა, როგორც კომპოზიტორ-მონუმენტალისტმა, გაამდიდრა ქართული მუსიკა უნივერსალური სიმფონიური კონცეფციებით. მოგვცა ეპიკურ-რომანტიკული და მისტერიული საოპერო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები; ასევე მოგვევლინა ახალი ჟანრის კონცერტ-სიმფონიის ნოვატორად.

თანამედროვეობის ფონზე მისი უნივერსალური შემოქმედება გახსნილია ფართო დიალოგისათვის, რაც ხელს უწყობს ქართული მუსიკის გასვლას მსოფლიოს ასპარეზზე და სულ უფრო მეტ რეზონანსს იძენს, რითაც კომპოზიტორმა საერთაშორისო აზროვნების იმიჯი მოუხვეჭა ქართულ კულტურას. ფელიქს ღლონტს, როგორც საუკუნის გამოჩენილ შემოქმედს, ამერიკის ბიოგრაფიული ცენტრის უმაღლესი ჯილდო - ღირსების ოქროს მედალი მიენიჭა.

ცენტრის პრეზიდენტი ჯო ევანსი წერს: "თქვენთვის ოქროს მედლის მინიჭება გახლავთ თქვენი კიდევ ერთი შემოქმედებითი აღიარების დამადასტურებელი ფაქტი. ის, ვინც ამ მედალს იხილავს, გაიგებს საერთაშორისო ფასეულობების მქონე იმიჯს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. რთულია წერილობრივ გადმოცემული იქნეს ამ მაღალი ჯილდოს უნიკალური მნიშვნელობა".

ფელიქს ღლონტის შემოქმედება უდიდეს ინტერესს და მოწონებას იწვევს საზღვარგარეთისა თუ საქართველოს გამოჩენილ მუსიკოსთა შორის. სხვა მიღწევებთან და აღიარებასთან ერთად (იგი არჩეულია ამერიკის დიდების დარბაზის ნამდვილ წევრად, მისი ბიოგრაფია შეტანილია ბრიტანულ ენციკლოპედიაში "თანამედროვეობის გამოჩენილი ადამიანები), უნდა აღინიშნოს ღლონტის სავიოლინო კონცერტის ტრიუმფალური გამარჯვება პროკოფიევის სახელობის კონკურსზე სანკტ-პეტერბურგში, სადაც კონცერტი კონკურსის საუკეთესო ნაწარმოებად ცნეს და კომპოზიტორს | პრემია მიანიჭეს.

"თქვენი მუსიკა ფართოდ არის ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთ" - წერდა მისალოც დეპეშაში რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ეგორიჩევი; გამოჩენილმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ აღნიშნა: "თქვენს მიერ შექმილი სავიოლინო კონცერტი წარმოადგენს მართლაც უნიკალურ ნიმუშს მასში შერწყმულია ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ადამიანის სულიერი სამყაროდან - ღრმა ფილოსოფიური მიდგომა, რომანტიზმი, მაღალ ვნებათა ექსპრესია, პოეტური სინატიფე, მაღალი პროფესიონალიზმი".

ფელიქს ღლონტი 12 სიმფონიის, 2 ოპერის ("კლეოპატრა" "იბერიელები") ხუთი საკონცერტო სიმფონიის, ბალეტ "განთიადის" ავტორია. კომპოზიტორის საუკეთესო სიმფონიები, "რომანტიკული" მშეფ ტწმფ, ზფჩ რგქფტფ, აშფე დგჩ, ერუ წზუტ ცწკდვ, სიმფონია-კონცერტები "მარიენბადული ელეგია" (სიმფონია - კონცერტანტე ჩელოსა და ორკესტრისთვის), "მოგზაურობის წლები" (სიმფონია-კონცერტანტე ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის), "სიმფონიური მედიტაციები ფრანჩესკა პეტრარკას თემაზე" ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის), სიმფონია-კონცერტანტე ("ცხოვრების მეტამორფრზები"), სიმფონია-კონცერტანტე როიალისთვის (ცშუვუკმუკუშტშპგტპ) ამჟღავნებენ კომპოზიტორის კოლოსალურ შემოქმედებით მასშტაბებს.

მისი საუკეთესო ქმნილებები სრულდებოდა რუსეთში, ბრიუსელში, პრაღაში, იტალიურ გამომცემლობის "რიკორდის" მიერ; ოპციონზე აღებულია მისი სიმფონიის მშეფ-ტწმფ-ს პარტიტურა; "რომანტიკული სიმფონია" დიდი წარმატებით აჟღერდა ბელგიაში და მისი გრამფირფიტა შეტანილ იქნა "ოქროს ფონდში". სიმფონიის ინტერპრეტატორი, მაესტრო ივანოვი წერდა: "არ მეშინია განვაცხადო, რომ ეს გენიალური მუსიკაა".

სახელგანთქმული კომპოზიტორი, ჰანს ვერნერ ჰენცე ფელიქს ღლონტის მეთერთმეტე სიმფონიის (ერუ წზუტ ცწკდვ) შესახებ: "პირველივე წაკითხვით ჩემთვის ყოველივე ნათელი იყო. მე მივიღე არაჩვეულებრივად ღრმა და ძლიერი შთაბეჭდილება თქვენი სიმფონიისაგან. ის გამოირჩევა იდეის სიღრმით, გამომსახველ საშუალებათა სიმდიდრით, ბგერათა სისავსით. ღრმად ვიხრი ქედს თქვენ წინაშე."

გერმანელი დირიჟორი, პროფესორი ზიგფრიდ კიოლური სიმფონიის მშეფ ტწმფ შესახებ: "ეს ჭეშმარიტად თანამედროვე ქმნილება, გამსჭვალულია დიდი შთაგონებით და საორკესტრო ფერწერის ოსტატობით".

ინგლისელი მუსიკისმცოდნე ჰილდა დრუსელა: "მე მოვისმინე თქვენი მშეფ ტწმფ და "სიმფონიური მედიტაციები ფრანჩესკა პეტრარკას თემაზე". აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნაწარმოებებით, რომლებიც მეტისმეტად შემიყვარდა. ვფიქრობ, თქვენ უეჭველად დაამტკიცეთ, რომ რიჰარდ შტრაუსის დონის შემოქმედი ბრძანდებით."

გერმანელი დირიჟორი ჰანს ბრინბერჰარდტი: "თქვენი "მარიენბადული ელეგია", რომელსაც მე ვდირიჟორობ, ბრწყინვალე მაგალითია მოდერნისტული მუსიკისა."

პროფესორი ნოდარ ანდღულაძე ოპერა "იბერიელების" შესახებ: "იბერიელების" სახით გვევლინება პირველი ქართული საოპერო ხელოვნების მისტერია - ოპერა, რომელშიც ავტორი აყენებს ეროვნული თვითშეგნებისა და მაღალი ზნეობის პრობლემებს, გაჰყავს ხიდი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. "იბერიელები" გენიალურ მუსიკად მიმაჩნია".

"მისტერია-ოპერა "იბერიელები" წარმოადგენს ახალ მოდიფიკაციას ძველი ბერძნული ტრაგედიისთვის დამახასიათებელი მუსიკალური თხრობის ანტიფონური ტექნიკის განსხვავებისა. ოპერა-მისტერიის მუსიკა გენიალურია" - გიგა ლორთქიფანიძე.

ფელიქს ღლონტის შემოქმედებაში ასევე დიდ ინტერესს იმსახურებს კონცერტ-სიმფონიის ჟანრი (ქართულ მუსიკაში იგი ამ ჟანრის ნოვატორია). კონცერტ-სიმფონიებისთვის - "მარიენბადული ელეგია" და "მოგზაურობის წლები" მას სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ამ ჟანრულ მოდელში კომპოზიტორი დღესაც წარმატებით მუშაობს. ამას ადასტურებს მისი საავტორო კონცერტის პროგრამა, რომელზეც წარმოდგენილი იყო კონცერტ-სიმფონიის ორი შესანიშნავი ნიმუშით. ორივეში "აჟღერებულია" ცნობიერების ფუნდამენტური იმპერატივები, ორივეში სახეზეა "სინდისის ძახილის ფენომენის" ახალი, ღლონტისეული, რეალიზაცია. მუსიკაში არსებითად არეკლილია ის ფილოსოფია, რომელიც ამოიკითხება ფელიქს ღლონტის თეორიულ ნაშრომებშიც, სადაც იგი, კვანტური ფენომენის ბუნებას მუსიკალური ფსიქოლოგიის მაგალითზე ხსნის. ("ბგერითი მიკრონაწილაკის" კვანტურ-ენერგეტიკული პოტენციალი). ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ მუსიკაში ვაკვირდებით სიმფონიზმის, როგორც აზრობრივი კატეგორიის პოტენციალის, კოლოსალურ ზრდას. ეს განსაკუთრებით დასაფასებელია თანამედროვეების ფონზე, როდესაც სიმფონიზმის ეს თვისება თანდათანობით ნიველირებას განიცდის.

ორივე ქმნილებაში გამოვლინდა ფელიქს ღლონტის გვიანდელი სტილის რიგი თავისებურებები. ამას ამტკიცებს ავტორისეული დამოკიდებულება ჟანრის მიმართ, არჩეული ესთეტიკური პროგრამა, განახლებული სტილისტიკის ზოგიერთი შემუშავებული პრინციპი.

განსაცვიფრებელია ის, რომ კონცეპტუალური სიმფონიის გრანდიოზულ მასშტაბებს კომპოზიტორი ანიჭებს იმ ჟანრულ მოდელს, რომელიც წესით, საკონცერტო სიმფონიზმით უნდა იყოს წარმოდგენილი. შემოქმედებითი იმპულსის სახით მას აღარ სჭირდება ლიტერატურული ასოციაცია (როგორც იყო სიმფონიაში მშეფ ტწმფ ან სიმფონია-კონცერტანტეში "მარიენბადული ელეგია"), ავტორი არ აგებს დრამატურგიას ეპოქების თაღისებური გადაძახილებების პრინციპზე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სიმფონიაში წზუტ ცწკდვ.

ახალ პარტიტურებში სახეზეა "წმინდა სიმფონიური აზროვნების" სტიქია. აქ ვერ შევამჩნევთ ვერც სიმფონიური ჟანრის კამერიზაციის იმ ტენდენციას, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია დღევანდელობისთვის. ფელიქს ღლონტის ორივე ქმნილებაში გადაშლილია უსასრულო მუსიკალური სივრცეები, სადაც მელოდიური სტრუქტურები საოცარ მეტამორფოზებს განიცდიან.

ორივე ნაწარმოების მუსიკა ყურადსაღებია თავისი სტილისტიკითაც, რომელიც ავანგარდიზმის და რომანტიკულობის "ურთიერთშევსებადობის" პრინციპზეა დამყარებული. აქედან "გამსხვილებული", კოლიზიებით სავსე რომანტიკული ხედვის რაკურსი და ამასთან ერთად ტიპურად ავანგარდული სითამამე, მოულოდნელი სიტუაციის, "გამომწვევი" დეტალის ხაზგასმა.

ფელიქს ღლონტი არ ივიწყებს რომანტიკული იდეალის სილამაზეს, თუმცა ამასთანავე ორივე სიმფონია-კონცერტში უდავოდ ამოიკითხება ეგზისტენციური ესთეტიკის პროგრამა, რომელიც ავტორისეულ მოდელში თავისებურ ელფერს იძენს და უთავსდება განვითარების დიდ შინაგან ნებისყოფას. ემოციური მუხტის ამორფქვევა ორივე ნაწარმოების მუსიკაში რეალიზირებულია განსხვავებული გზით. არჩეული ესთეტიკის შესაბამისად. სიმფონია-კონცერტანტე სოლირებული ფორტეპიანოსათვის აოცებს თავისი დინამიზმის სტიქიურობით, სააორკესტრო შრეების "ფოვისტური" თამაშით.

მთლიანობაში კი სავიოლინო სიმფონია-კონცერტის კონცეფცია ითვალისწინებს იმ "ეგზისტენციალურ თვითპროექციას", რომელიც ზოგადად ახასიათებს ღლონტისეულ სტილს და რომელიც ამ ნაწარმოებში სოლირებულ ვიოლინოშია პერსონიფიცირებული. ვიოლინოს "გაუცნობიერებული პირადული" მიილტვის ჭეშმარიტებისკენ და ძიების ამ გზაზე მუდმივად ავლენს ქვეცნობიერის არქაულ ბუნებას. კომპოზიტორი აქ რთავს "კონცეპტუალური პარალელიზმის" პრინციპს, ერთ სივრცეში აჯახებს სილამაზის გასხივოსნებულ ეპიზოდებს და დარღვეული რეალობის რაკურსს.

სოლირებული ვიოლინოს ბოლო ეპიზოდი აღიქმება როგორც განწმენდილი თავისებური ანარეკლი, სუბიექტურისა და არსებითის ხანმოკლე შერწყმის ხსენება. სოლირებული ფორტეპიანოსათვის დაწერილ ქმედით კონცეფციაში ვაკვირდებით კინეტიკურ-პლასტიკური ფორმების მრავალმხრივ გამოვლინებას. აქ კომპოზიტორი არა მარტო იჭერს მეტამორფოზის მომენტს, არამედ ზრუნავს მის უკიდურეს ექსპრესიულობაზე (ავტორისეული ხედვის ტიპური მოდერნისტული მახასიათებელი). კომპოზიტორი ამას ხშირად ახორციელებს "შესახვედრი" რიტმის ხარჯზე. იგი თითქოს ითვალისწინებს პოსტულატს, რომ "რიტმს, უპირველეს ყოვლისა, ქმნის მისივე გადალახვის ცდა" და რიტმული ზრდის მწვერვალზე შეგნებულად ცვლის ფაქტურის რიტმულ მონახაზს.

ფელიქს ღლონტის ორივე სიმფონია-კონცერტანტე მსოფლიოს სიმფონიური ლიტერატურის უნიკალურ მოდელს სთავაზობს თხრობის ელიტარულ სპონტანურობაში, საორკესტრო შრეების და აღსარებითი სოლოს ურთიერთდამოკიდებულებაში ამოიკითხება ის ტოტალურ-კოსმიური, რომელიც ფელიქს ღლონტის მუსიკას ახასიათებს.

მისი საიუბილეო საღამოს ტრიუმფალურ გამარჯვებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის სავიოლინო და საფორტეპიანო პარტიების შემსრულებლებს გალინა ბანდურას და თამარ ლიჩელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და მის ბრწყინვალე დირიჟორს ვახტანგ კახიძეს, რომელმაც ურთულესი პროგრამა დიდი ოსტატობით და არტისტიზმით შეასრულა.

"ბი-ბი-სი": რუსეთის ელჩი იარაღით იმუქრება

(ინტერპრესნიუსი) კოსოვოს პრობლემების გადასაწყვეტად რუსეთს იმ შემთხვევაში შეუძლია ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, თუ ნატო და ევროკავშირი გაეროს ნების წინააღმდეგ წავლენ. როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა.

"თუ ევროკავშირი გამოიმუშავებს ერთიან პოზიციას ან ნატო კოსოვოში თავისი მანდატიდან გამოვა, მაშინ ეს ორგანიზაციები კონფლიქტში შევლენ გაეროსთან და, შესაბამისად, ჩვენთანაც. ვფიქრობ, იმისათვის, რომ ჩვენ გვაფასებდნენ, უნდა გამოვიყენოთ "უხეში ძალა", რომელსაც შეიარაღებული ძალები ჰქვია," - განაცხადა მოსკოვი-ბრიუსელის ვიდეო-პრესკონფერენციაზე როგოზინმა.

როგოზინმა ასევე განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარების პროცესი შესაძლებელია ალბანური ნარკომაფიის ფულით იყო დაფინანსებული.

ამერიკელმა პოლიტიკოსმა რიჩარდ ჰოლბრუკმა რუსეთი ბელგრადის არეულობებში თანამონაწილედ დაასახელა. აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხაილ კამინინმა უადგილო და საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალების მცდელობა უწოდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com