|
|
"რეზონანსი "
საყვარელიძე: ნატოში შესვლა ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობებზეა დამოკიდებული
(ინტერპრესნიუსი) პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ დაადასტურა, რომ თბილისთან მიმართებაში მოსკოვს ყველაზე მეტად საქართველოს ნატო-ში გაწევრების პერსპექტივა აღელვებს. საყვარელიძის შეფასებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ პუტინმა სააკაშვილთან საუბარში აქცენტი საქართველოს ნატო-ში შესვლის "უსაფუძვლობაზე" გააკეთა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში თბილისისთვის სავარაუდო პოლიტიკურ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, იმაზე მიუთითებს, რომ ნატო მსჯელობის მთავარი თემა იყო. იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ში ვიზიტისას საკაშვილის პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრაც ამავე თემას მიეძღვნება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული არა ერთი პრობლემა, მათ შორის ეკონომიკური ბლოკადის საკითხები, იქნა განხილული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს "ღია კარტის თამაში უყვართ", როგორც ეტყობა, ნატო-ს თემაზე საკმაოდ ღია საუბარი გაიმართა. პოლიტოლოგის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობამ კიდევ უფრო კონფრონტაციული ხასიათი მიიღო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დაჩქარდება, თუ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ჰარმონიზაცია მოხდა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი "შესაძლოა გაჭიანურდეს და ტემპი, პირიქით შენელდეს". მისივე აზრით, რადგან პუტინთან საუბრის შემდეგ სააკაშვილმა შეხვედრის შედეგებზე კომენტარი არ გააკეთა იმის ნიშანია, რომ ამ საუბარმა მას ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა და ვიდრე იგი ამ კითხვებზე პასუხებს თავად არ გასცემს, სააკაშვილი კომენტარისგან თავს შეიკავებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |