"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

იუნკრების ხსოვნის უკვდავსაყოფად

"თოვდა, და თბილისს ეხურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..."

კოლაუ ნადირაძე

ასე დაინახა პოეტმა იმ ავბედითი 1921 წლის 25 თებერვლის თბილისი, დიდი ტკივილითა და დიდი შიშით, თუ სანამ უნდა ყოფილიყო ასეთ დღეში ჩვენი დედაქალაქი, სიონი, ხალხი...

პირველნი ამ თავსმოხვეულ უბედურებას ჩვენი სახელოვანი იუნკრები შეებნენ და გმირული ბრძოლის სასწაულები მოახდინეს. დღეს მათი სახელები ლეგენდასავითაა შემორჩენილი.

მაგრამ ლეგენდაც თანდათან გაიცრიცება და ბოლოს შეიყუჟება კიდეც დავიწყების საბურველში, თუ ჯეროვან ყურადღებას მოვაკლებთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. სამწუხაროდ, ეს გულანთებული პატრიოტები, რომლებიც მართლა "ჭაბუკები დარჩნენ მარად", მხოლოდ საქართველოს გასაბჭოების (რა ზუსტი ტერმინია!) თარიღის მოახლოებისას გვახსენდება. ცხადია, არის ცალკეული გამონათებები ამ მხრივ, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ აქაც ნამდვილად გვაკლია ის სისტემატურობა, ის თანმიმდევრულობა, რაც ეგრერიგად დაამშვენებდა ჩვენს ეროვნულ ხასიათს...

აი, ყოველივე ამის გამო, ერთი გამოთქმა უნდა დავესესხო ჩვენს სულმნათ დიმიტრი ყიფიანს და თავს ნება მივცე სასტიკი ჭეშმარიტება ვთქვა: როცა ვინმეს შევჩივლებ ხოლმე, იშვიათად მინახავს კაცი იუნკრების ორი-სამი გვარი მაინც დამისახელოს-მეთქი, მერე უნებურად თავად ამ მოსაუბრეს ვარიდებ თვალს, რადგან, დარწმუნებული ვარ, ისიც ვერ დამისახელებს, მხოლოდ იმას იტყვის, ჰო, აბა, აბა, კაცოო და გამშორდება, ან სხვა თემაზე გადაიტანს საუბარს.

რა ღვთის წყრომაა, ბატონებო, ჩვენს თავს, რა უბედურება!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულიერ პირმშოს - ჩოხოსან რაინდთა დასს, რომელიც მთელ ქვეყანაში ერთადერთი ატარებს ყოველი ქართველისათვის საფიცარ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს, უსათუოდ უნდა ეფიქრა ამ დიდ უსამართლობაზე, ერთობ მსუბუქად თუ ვიტყვით, და ამიტომაც გადავწყვიტეთ თამამად აგვეღო ჩვენი წილხვედრი პასუხისმგებლობა იუნკრების ხსოვნის კეთილშობილურ და ფრიად მამულიშვილურ საქმეში.

შარშან (23. ||. 2007) ჩავატარეთ ჩვენი დასის არსებობის ისტორიაში პირველი სანქცირებული აქცია პარლამენტის შენობის წინ, რაკი აქ, ამ მიწაში მიეცათ იუნკრებს სამუდამო განსასვენებელი. მაგრამ ეს სულაც რომ არ იყო ჩვენი ერთჯერადი ძალისხმევა, დავიწყეთ ძიება ახალ-ახალი სახელებისა... დიახ, დიახ, ახალი სახელებისა, რადგან გულისხმიერმა ძიებამ გამოარკვია, რომ კიდევ ბევრი მიჩქმალული გმირის სახელი ელოდება გამომზეურებას, აკი დიდოსტატმა კონსტანტინემ ბრძანა, მწერალი მიჩქმალული გმირის ქომაგიაო.

ტრადიციულ კარ-კარ სიარულისა და გამოკითხვის პრინციპს, ღვთის წყალობით, ჩვენს საუკუნეშიც არ გასვლია ყავლი და ძალიანაც მეამაყება, რომ სულ ერთი წლის განმავლობაში სამი იუნკრის სახელი გამოვგლიჯეთ მივიწყების წყვდიადს - რა შეძლებია თურმე მონდომებას!

მთელი ამ მოძრაობა-ძიების დროს, პირველად შესანიშნავი ხელოვანი, საქართველოს სახალხო მხატვარი ზურაბ ლეჟავა "გამომიტყდა", ბიძაჩემი იუნკერი იყოო - ასე გავაცოცხლეთ ჩვენს ჟურნალში ოთარ გედეონის ძე ლორთქიფანიძე (ჟ. "რაინდი", #1-2, 2007).

პირველი წარმატებით აღფრთოვანებულს, უცებ ჩემი უახლესი თანამებრძოლი, ჩინებული მოქართულე ქალბატონი ნათელა ხურცილავაც ასევე ,,გამომიტყდა, ბიძაჩემიც იუნკერი იყოო და კიდეც წარვუდგინეთ მკითხველს ერთი უცნობი იუნკერი - ბესარიონ (ბესო) ვასილის ძე კემულარია (ჟ. "რაინდი" #1-2, 2007).

გამოჩნდა მესამეც - 18 წლის გერასიმე არჩუაძე, რომელიც სწორედ ბესო კემულარიას რაზმში იბრძოდა - მასზე წერილი მოგვაწოდა თანასოფლელმა, ქალბატონმა ციცო სულაძემ.

ახალი სახელების გამომზეურება - კეთილშობილი საქმეა, მაგრამ არა თვითმიზანი. ზოგჯერ უკვე ცნობილი სახელებიც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ამ მიზნით დიდად დაგვავალა საქართველოს სახალხო მხატვრის, ბატონ ირაკლი ოჩიაურის მეუღლემ, ქალბატონმა ირინა ჯანდიერმა, რომელმაც მასალები გადმომცა თავის ბიძა - იოსებ ჯანდიერზე და ჩვენც სიამოვნებით დავბეჭდეთ (იხ. ჟ. "რაინდი", #3-4, 2007).

ასე რომ, იუნკრების თემა ჩვენი მუდმივი ყურადღების საგანია. ახლა გამოვდივართ ინიციატივით რომ მხარი დავუჭიროთ შესანიშნავი პოეტისა და დამსახურებული ჟურნალისტის, ქალბატონ ნანა ღვინეფაძის იდეას და ახალგაზრდა ქართველი პატრიოტების იმ დიდი და დაუვიწყარი ბრძოლების უცილობელი გმირი, ჩვენი ლეგენდარული იუნკრების ნაზი და ამაყი დედოფალი, მარო მაყაშვილი სიკვდილის შემდეგ წარდგენილ იქნას სახელმწიფო ჯილდოზე მამულისათვის თავდადების გმირულ სიმბოლოდ.

"ჩოხოსან რაინდთა დასი" თავის საპატიო მოვალეობად მიიჩნევს დღეიდანვე შეუდგეს ამ ცერემონიალისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოფიციალურ პროცედურას.

პროფ. გოგი დოლიძე

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარე



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com