|
|
"რეზონანსი "
"პუტინი რუსეთზე ფიქრობს და სააკაშვილი - თავის თავზე": პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პუტინთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ნინო მიქიაშვილი
პუტინთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში ცდილობდა პუტინისთვის რაღაც წაეგლიჯა და ამ დროს თავის თავზე ფიქრობდა; პუტინი კი გრძელვადიან გამარჯვებაზე და გამომდინარე აქედან, რუსეთზე, - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ამავდროულად "რესპუბლიკური პარტიის" წევრია. სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის შესახებ "რეზონანსმა" მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. "რეზონანსი": შეიძლება თუ არა სააკაშვილი-პუტინის შეხვედრის შემდეგ იმის თქმა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. პაატა ზაქარეიშვილი: პრაგმატიზმი, გონივრულობა დაიწყო. დათბობა სამწუხაროდ, არ დაიწყება, რადგან პუტინი სააკაშვილისგან ძალიან გამწარებულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, იგი სააკაშვილს ნულადაც არ თვლის და არ ენდობა. "რ": რას გულისხმობთ. პ.ზ: თუნდაც, 2004 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ღონისძიებებს, რომლის შესახებ მას პუტინისთვის უნდა ეცნობებინა. თუ გახსოვთ მანამდე ისინი დოღზე ერთად იყვნენ და შეთანხმდნენ, რომ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში სააკაშვილი ღონისძიებებს ცივილურ ფორმებში განახორციელებდა, ოღონდ ეს რუსეთისთვის უნდა შეეტყობინებინა. შეთანხმება, რომლის დადებას მინისტრებთან ერთად ექსპერტებიც ესწრებოდნენ, სააკაშვილმა დაარღვია და პუტინი ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობის წინაშე არაინფორმირებული და დისკრედიტებული აღმოჩნდა. გამწარების მეორე მიზეზი პროფესიონალი რუსი მზვერავების თეატრალიზებული დაპატიმრებააა. როგორც წესი, მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით, თუ ჯაშუში დააპატიმრეს, შენ მას მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემ და ამის შემდეგ მოწინააღმდეგისგან კომპენსაციას ღებულობ, ან ბოდიშს გიხდიან. ხუთშაბათს სააკაშვილი-პუტინის შეხვედრა იცით რას ჰგავს.! ადამიანმა სასტიკად რომ დაგასახიჩროს, შემდეგ გიმკურნალოს და მერე მადლობა გადაგახდევინოს. ანუ, რაც კეთდება, მინიმუმია იმასთან შედარებით, რაც გაფუჭდა - იყო სრულფასოვანი სავაჭრო ურთიერთობები, საჰაერო მიმოსვლა, მიგრაციული პროცესები. ახლა ეს ყველაფერი გაპარტახებულია, ერთ კინკილა თვითმფრინავს მოგვიგდებენ საფრენად და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს წარმატებად ჩაითვლება. "რ": ითქვა, რომ სავიზო რეჟიმი გამარტივდება... პ.ზ: სულ ამას ამბობენ. წესით, სავიზო რეჟიმი საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ თუ გამარტივდება, ვნახოთ, როგორ და რა ფორმით გამარტივდება. "რ": ქართულ პროდუქციაზე ემბარგო მოიხსნება... პ.ზ: ჯერჯერობით, ამაზე მხოლოდ საუბარი მიდის. მთელი ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ ყველაფერი კეთდება არჩევნების წინ - წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში. "რ": რა შეიძლება შეიცვალოს გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. პ.ზ: თუ ერთმა თვითმფრინავმა მაინც დაიწყო ფრენა, ამას სააკაშვილი დაგვამადლის და იტყვის - რა გინდათ ხალხო, ეს ხომ მაინც გავაკეთე. დანარჩენიც იქნებაო. შეიძლება მოსკოვში ერთი პარტია ღვინო შეიტანონ, რასაც როგორც დიდ წარმატებას, ისე წარმოსახავენ და იტყვიან: რაკი ესეც გავაკეთეთ, უკეთესებიც იქნებაო. "რ": როგორ ფიქრობთ, რა დონის საუბარი წარიმართებოდა ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების ირგვლივ. პ.ზ: პუტინი ეტყოდა - რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება და ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ნატო-ში შესვლაში; თქვენი ნატო-ში გაწევრიანება აუცილებელი არ არის, ვინაიდან უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ჩვენც მოგცეთო. "რ": ამაზე სააკაშვილი თავს დაუკრავდა. პ.ზ: არა, თავი რატომ უნდა დაეკრა. რუსეთში მაგიტომ არ ჩასულა. სააკაშვილს დღეს სჭირდება როგორმე არ ილაპარაკოს მძაფრ საკითხებზე, რათა არჩევნების წინ რუსეთს რაღაც გამოგლიჯოს. დარწმუნებული ვარ, პუტინთან შეხვედრის წინ თავისიანებს, ან თავის თავს ეტყოდა - მთავარია რუსეთს როგორმე რაღაც მაინც წავგლიჯო, რომ არჩევნების წინ ხალხს რაღაცა ვუთხრაო. "რ": ფაქტია, რომ რაღაც წაგლიჯა, არა. პ.ზ: რა თქმა უნდა წაართვა, მაგრამ თვითმფრინავის გაშვება-გამოშვებაზე ლაპარაკი ადრეც იყო და... "რ": სანაცვლოდ რაზე შეიძლებოდა დათანხმებოდა სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს. პ.ზ: მე მგონი სააკაშვილი დათანხმდება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინი და სააკაშვილი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ფსოუზე და როკის გვირაბზე ერთობლივი კონტროლი დაწესდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხვალიდან თვითმფრინავმა შეიძლება ფრენა დაიწყოს, მოსკოვში ღვინო შეიტანონ, ფსოუზე და როკის გვირაბზე ერთობლივი კონტროლი დააწესონ, მაგრამ ასევე შეიძლება ეს ყველაფერი სამ-ოთხ თვეში ისევ გაჩერდეს. ასე რომ, ეს ყველაფერი დროებითია, ხოლო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, საუკუნო, სამუდამო და ამის შეჩერება იქნებ ვეღარც შეიძლებოდეს. "რ": გამოდის რომ პუტინი-სააკაშვილის შეხვედრიდან მოგებული რუსული მხარე რჩება. პ.ზ: თუ საქართველო ნებართვას მისცემს რუსეთს გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, გრძველვადიან კონტექსტში რა თქმა უნდა ეს არის რუსეთის გამარჯვება. სააკაშვილი თვლის მოკლევადიან წარმატებებზე, ამჯერად არჩევნებზე და პუტინი თვლის გრძელვადიან გამარჯვებებზე. ანუ, პუტინი რუსეთზე ფიქრობს და სააკაშვილი - თავის თავზე. ეს მშვენივრად ჩანდა ხუთშაბათს გამართულ მოლაპარაკებებისას. "რ": როგორ გგონიათ, რა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა შეხვედრის შემდეგ საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან მიმართებაში არსებული ხელშეკრულებების მკაცრად შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება. პ.ზ: ლავროვმა იგულისხმა სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გადახედვა, რომელიც ეხება ომის განუახლებლობას. ამ ხელშეკრულების გადახედვა-განახლებაზე დიდი ხანია საუბრობენ. სხვათა შორის, ეს ხელშეკრულება თავის დროზე ქართული მხარის ინიციატივით დაიდო და შემდეგ ისევ ჩვენი ინიციატივით დაირღვა (კოდორის მოვლენებს ვგულისხმობ). ამ ხელშეკრულებაში რუსეთის სამშვიდობოებს, როგორც გარანტორებს ხაზი აქვთ გასმული. "რ": ისაუბრებდნენ თუ არა კოდორიდან ქართული შენაერთების გამოყვანის თაობაზე ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე. პ.ზ: შესაძლოა ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს, მაგრამ პუტინ-სააკაშვილის დონეზე ასეთ დეტალებზე არ ილაპარაკებდნენ. ჯოჯუა: "ჩვენი საქართველოსთვის" მაინც შეიქმნება (ინტერპრესნიუსი) დეპუტატ გოჩა ჯოჯუას განცხადებით, პარტია "ჩვენი საქართველოსთვის" ნონა გაფრინდაშვილი განცახდების მიუხედავად, მაინც შეიქმნება. მისივე თქმით, პოლიტიკურ სუბიექტში, რომელიც ცოტა ხანში დარეგისტრირდება, გაერთიანდება თითქმის ყველა, ვინც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში იყო გაწევრიანებული. რაც შეეხება ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, რომ იგი პოლიტიკას ემიჯნება, ჯოჯუას აზრით, ნონა გაფრინდაშვილი არ ყოფილა დიდ პოლიტიკაში და გაფრინდაშვილი პოლიტიკაში მხოლოდ პატარკაციშვილის თხოვნის გამო მოვიდა. ჯოჯუას განცხადებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ პოლიტიკურ პროცესებში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მონაწილეობას არ მიიღებდა. ნონა გაფრინდაშვილმა პარასკევს განაცხადა, რომ პოლიტიკას ემიჯნება. ამის მიზეზად მან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გადაწყვეტილება დაასახელა. მისი თქმით, ოჯახმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს. ნონა გაფრინდაშვილი პარტია "ჩვენი საქართველოსთვის" საპატიო თავმჯდომარედ სახელდებოდა. პარტია ოფიციალურად დარეგისტრირებული არ იყო.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |