"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

ადმინისტრაციული ჯარიმები შესაძლოა შემსუბუქდეს

ნინო ფრანგიშვილი

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის. ასევე შესაძლოა 2007 წლის 1 დეკემბრამდე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ პირებს, რომელთაც დაკისრებული თანხა ჯერ არ გადაუხდიათ, სანქცია შეუმსუბუქდეთ. ცვლილებები მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გათვალისწინებულ სანქციებს შეეხოს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ოთარ კახიძე აღნიშნავს, ადმინისტრაციული ჯარიმის შესაძლო გაუქმების ან შემსუბუქების ახალი კანონპროექტის ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ხშირ შემთხვევაში, ძნელდება.

ოთარ კახიძე: კომიტეტის სხდომაზე მოსაზრება გამოითქვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციაზე. ეს ეხება, როგორც გარკვეული სანქციების და საჯარიმო ოდენობის შემცირებას, ასევე გარკვეულ საკითხებში მოქალაქეების პასუხისმგებლობის შემსუბუქებასაც. ანუ აქ იგულისხმება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მართვის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მართვის უფლება აღუდგებათ პირებს, რომლებსაც ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისთვის ჩამოერთვათ იგი. აქ საუბარი არაა პასუხისმგებლობის სრულ მოხსნაზე. ისინი ჯარიმას გადაიხდიან, მაგრამ არ დაისჯებიან იმ მკაცრი სანქციით, რასაც მართვის უფლების ჩამორთმევა ჰქვია.

"რ": ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა რამდენია.

ო.კ: გააჩნია კონკრეტულ სამართალდარღვევას. ზოგ შემთხვევაში ის 1000 ლარითაცაა გათვალისწინებული. პროექტის თანახმად სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებულ წონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვასაც ეხება. ამ შემთხვევაშიც ჯარიმის მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება. დაგეგმილია არასწორი პარკინგისთვის გათვალისწინებულ ქმედებაზეც. ესაა 40 ლარიდან 10 ლარამდე ჯარიმის შემცირება. ასე რომ, ცვლილება ცალკეულ მუხლებს შეეხება. მაგალითად, საჯარიმო სანქციები 170 ლარიდან 70 ლარამდე ჩამოდის.

პრეზიდენტის წარმომადგენელი არგუმენტად ასახელებს იმას, რომ მოსახლეობა იმდენად გადამხდელუნარიანი არაა, რომ დიდი ჯარიმა გადაიხადოს. ამასთან შემცირებული ოდენობებიც საკმარისი იქნება მოსახლეობისთვის, რომ კანონის დარღვევისგან თავი შეიკავოს.

"რ": ეს ცვლილებები შეეხებათ მათ, ვინც უკვე დაჯარიმებულია, თუ სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული.

ო.კ: ეს შეეხება მათ, ვინც მომავალში კანონდარღვევისთვის დაჯარიმდებიან.

"რ": რაც შეეხება 2007 წლის 1 დეკემბრამდე დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას...

ო.კ: ვინც ამ პერიოდამდე დაჯარიმდა და მისი აღსრულება არ მომხდარა, ამ საკითხების გადახედვა მოხდება. აქ კომიტეტზე გამოითქვა შენიშვნები და საბოლოო ვერსიაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ამ კუთხით გარკვეული ლიბერალიზაცია შეიძლება მოხდეს. მათ შეიძლება მხოლოდ ჯარიმა გადაიხადონ და საურავი არა. პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ბიუჯეტზე კანონპროექტის მიღება გარკვეულწილად უარყოფითად აისახება. აქ საუბარია 1 მლნ ლარზე, მაგრამ, როგორც აღინიშნა, ეს იმდენად დიდი თანხა არაა, რომ ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი მიადგეს.

"რ": იარაღის ტარებაზე გათვალისწინებულ სანქციებს თუ შეეხება ცვლილებები.

ო.კ: ამაზე საუბარი არ ყოფილა. განხილვაზე საუბარი იყო სატრანსპორტო საშუალებებზე არსებულ სამართალდარღვევებზე. აქ საუბარია ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის წინასწარი შეცნობის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე. გამოითქვა აზრი, რომ ამაზე სანქცია არ უნდა შემცირდეს. გამოითქვა აზრი იმაზეც, რომ უკანონო პარკინგის შემთხვევაში სანქცია უფრო უნდა შემცირდეს, ვიდრე ის კანონპროექტითაა გათვალისწინებული. მაგრამ კანონპროექტი ჯერ კიდევ უნდა დაიხვეწოს.

"რ": რამდენად შეუწყობს ხელს ასეთი ცვლილებები მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობას.

ო.კ: ამაზეც იყო საუბარი და პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 70-ლარიანი ჯარიმაც საქართველოს საშუალო მოქალაქისთვის იმდენად დიდი თანხაა, რომ პრევენტული ეფექტი მაინც ექნება. აქ უბრალოდ ჯარიმების არაგონივრულად დიდ თანხებზე იყო საუბარი და კანონპროექტით მის დაბალანსებას ცდილობენ. თუმცა, კანონპროექტის საბოლოო შეჯერება ჯერ არ მომხდარა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com