|
|
"რეზონანსი "
უკრაინის გოლოდომორი უკვე 28 სახელმწიფომ ცნო გენოციდად ია აბულაშვილი
უკრაინის უმაღლესმა რადამ 2006 წელს მიიღო კანონი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში უკრაინის ტერიტორიაზე ხელოვნურად გამოწვეული შიმშილობა - გოლოდომორი, გენოციდადაა გამოცხადებული. გოლოდომორი გენოციდად ორიოდე დღის წინ მექსიკის პარლამენტმაც აღიარა. ამგვარად, მექსიკა გახდა 28-ე სახელმწიფო, რომელმაც გოლოდომორი გენოციდად ცნო. 19 თებერვალს მექსიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატამ მიიღო დადგენილება, სადაც გოლოდომორი გენოციდად იქნა შეფასებული. დადგენილების მიღება უკავშირდება გოლოდომორის 75-ე წლისთავს და ეყრდნობა ცნობილი მეცნიერებისა და ექსპერტების მონაცემებს, რომლის თანახმადაც უკრაინაში 1932-33 წლებში შიმშილის პროვოცირებით წუთში 17, საათში 1000, დღეში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი იღუპებოდა. ჯამში კი სხვადასხვა მონაცემებით შიმშილისაგან ამ პერიოდში 8-დან 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. რუსეთი უარს აცხადებს გოლოდომორის გენოციდად აღარებაზე, იმ მიზეზით, რომ მსგავსი მოვლენები ყოფილი საბჭოთა კავშრისი მთელს ტერიტორიაზე ხდებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ 2008 წელი გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის წლად გამოაცხადა. კიევსა და ხარკოვში გაჩნდება მემორიალები დაღუპულთა უკვდავსაყოფად. ასევე კიევში გაიხსნება პირველი სახელმწიფო მუზეუმი. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ აღნიშნა, თუ მექსიკამ გოლოდომორი გენოციდად ცნო, ეს კიდევ ერთი სერიოზული ბრალდებაა 30-იანი წლების რეპრესიებთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა არაადამიანური პოლიტიკური წყობა იყო საბჭოთა კავშირი. "უკრაინაში კოლექტივიზაციის პერიოდში რამდენიმე მილიონი ადამიანი შიმშილით დაიღუპა. გარკვეული ხნის მერე გაჩნდა პოლიტიკური ვერსია, რომ გოლოდომორი - შიმშილით ხოცვა კრემლის მიერ იყო ინიცირებული, პირადად სტალინის მიერ, ვინაიდან უკრაინაში ეს აქცია უნდა ყოფილიყო თავისთავად დამსჯელი ღონისძიება, რადგან უკრაინელები, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინელები, დიდი ენთუზიაზმით არ შედიოდნენ კოლექტივებში. "შემდეგ იქ ცეკას პირველ მდივნად დაინიშნა ნიკიტა ხრუშოვი და გოლოდომორი პოლიტიკურ რეპრესიებად აქცია. დაიწყო დაჭერები, დახვრეტები და "ხალხის მტრების" დევნა. "რაც შეეხება ამ ფაქტის გენოციდად აღარებას, ამ საკითხს კანადაში უკრაინის დიასპორა სისტემატურად აყენებდა, რომ ეს სტიქიური უბედურება კი არ იყო, არამედ უკრაინელი ხალხის დაგეგმილი, გეგმაზომიერი გენოციდი. საბჭოთა კავშირის პერიოდში, რასაკვირველია, კანადა ვერ დაუპირსპირდებოდა ასეთ დიდ სახელმწიფოს და არ ისურვა ურთიერთობა გაეფუჭებინა ნახევარი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენების გამო. "რაც შეხება რუსეთს, ბუნებრივია, დღევანდელი რუსეთი ნაკლებად აგებს პასუხს 30-იანი წლების მოვლენებზე. მითუმეტეს, როდესაც თავისუფლად შეუძლია ხელი შეახოცონ სტალინს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სტალინის გარდა საბჭოთა ხელისუფლებაში მრავლად იყო ამ არაადამიანური დანაშაულის ჩამდენი. "რუსეთმა გინდა ცნოს და გინდა არა, ამას არანაირი პოლიტიკური შედეგი არ ექნება. იურიდიული სამართლის თვალსაზრისით ეს იგივეა, რომ მკვდარი გაასამართლო. ამ აღიარებით კიდევ ერთი ბრალდების ფაქტი დაფიქსირდება და შეიძლება ისტორიის სამსჯავროზე გაიტანონ. საბჭოთა კავშირმა ისეთი მძიმე ბრალდებების ტვირთი წაიღო ამ ქვეყნიდან, რომ ერთი დანაშაულით მეტი იქნება თუ ნაკლები, მისი ისტორიული დრომოჭმულობის გამო ისტორიის განაჩენს დიდად ვერ შეცვლის", - განაცხადა სოსო ცინცაძემ. ჯოჯუა: ნონა გაფრინდაშვილი ერთგულების სიმბოლოა (პირველი) ფრაქცია "ჩვენი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გოჩა ჯოჯუას განცხადებით, "ნონა გაფრინდაშვილმა პოლიტიკიდან წასვლით დაამტკიცა, რომ ერთგულების სიმბოლოა." "ქალბატონი ნონა პოლიტიკაში უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის ერთგულებით და მისი პოლიტიკის მხარდასაჭერად მოვიდა. შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ მან გადაწყვიტა, პოლიტიკიდან წავიდეს. ეს მისი ღირსეული ნაბიჯია, რომლითაც ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ სპორტის დედოფალი, არამედ ქართველი ქალის ღირსების და ერთგულების სიმბოლოა. ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ნონა პოლიტიკაში ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ," - განაცხადა ჯოჯუამ. რაც შეეხება პატარკაციშვილის პოლიტიკურ პარტიას, გოჩა ჯოჯუას განცხადებით, ფრაქცია "ჩვენი საქართველოს" წევრები, ბადრი პატარკაციშვილის თანაგუნდელები პოლიტიკურ პარტიას აუცილებლად დააფუძნებენ. "ჩვენ ვითვალისწინებთ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პოზიციას. მათ პოლიტიკისთვის დიდი მსხვერპლი გაიღეს, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკას და ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე სააკაშვილი არ წავა პოლიტიკიდან," - განაცხადა ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |