|
|
"რეზონანსი "
ბურჯანაძე: ოპოზიციის მიმართ დამატებითი გარანტიები არც იქნება
(პრაიმ-ნიუსი) პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დადებითად აფასებს ოპოზიციის გადაწყვეტილებას შიმშილობის აქციის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა, აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რა დამატებით გარანტიებზე საუბრობს ოპოზიცია. "ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართ დამატებითი გარანტიები არ ყოფილა და არც იქნება," - განუცხადა ჟურნალისტებს ვენაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, გარანტიები არის ხელისუფლების განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით ღიად კეთდებოდა, ხოლო პასუხისმგებლობა - ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ეს არის მათი ამოცანა და ხელისუფლება არც ერთ განცხადებას არ აკეთებს სერიოზული პასუხიმგებლობის გარეშე. პარასკევს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას მიმართა, რომ შიმშილობის აქცია აღარ შედგებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძისაგან მიიღო მტკიცე გარანტიები, რომ ოპოზიციის სამივე მოთხოვნა შესრულდება. კერძოდ, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, 26 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება ახალი გენერალური დირექტორი და 15 მარტამდე გათავისუფლდება ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |