"რეზონანსი "
# 49
პარასკევი, 23 თებერვალი, 2008 წელი

აშშ-ს 6 სენატორი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს

(ინტერპრესნიუსი) აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკეინმა, სხვა დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს კონდოლიზა რაისს საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

"ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს სამოქმედო გეგმაზე მიერთებისადმი ჩვენი მხარდაჭერა. მოგიწოდებთ, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის მომზადებისას ადმინიტრაციამ გადადგას თანმიმდევრული დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებიც თბილისსა და კიევს ნატო-ს სამიტზე ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება," - ნათქვამია წერილში.

როგორც სენატორები აღნიშნავენ, აშშ-ს ნაციონალურ ინტერესებში უნდა გაიფანტოს იმის შიში, რომ ევროპაში, შესაძლოა, ახალი გამყოფი ხაზები გაჩნდეს, რომელთა მიღმა დარჩენილი ქვეყნებისთვის აკრძალული და ძნელი იქნება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება.

ამასთან ერთად, სენატორები შეახსენებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, რომ იანვარში საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 76-მა პროცენტმა გამოთქვა დადებითი დამოკიდებულება ნატო-ში გაწევრების სასარგებლოდ. იანვარში კი, უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ნატო-ს გენერალურ მდივანს მიმართეს ერთობლივი წერილით, უკრაინის ალიანსის წევრობისთვის ხელშემწყობ გეგმასთან მიერთების შესახებ.

"ჩვენ მოგიწოდებთ, დაეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი რაც შეიძლება მალე მიუერთდნენ ნატო-ში გაწევრების ხელშემწყობ გეგმას და ადმინისტრაციამ ამ ორი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აქციოს," - ნათქვამია წერილში. გასულ კვირას აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრების გეგმისთვის მიერთების სასარგებლოდ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com