|
|
"რეზონანსი "
აქციები 14 მარტამდე გადაიდო ელზა წიკლაური
რუსთაველზე კარვები აღარ დაიდგმება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არც შიმშილობა დაიწყება, რამდენადაც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლებისგან მათ სამი შუალედური მოთხოვნის შესრულებაზე პირობა უკვე მიიღეს. აქციები 14 მარტამდე აღარ გაიმართება, რადგან ხელისუფლების მხრიდან მიღებული გარანტიების მიხედვით 26 თებერვლამდე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი, 15 მარტამდე კი ცესკო-ს თავმჯდომარე შეიცვლება. "ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს, მოლაპარაკებების გზით ყველა პრობლემა გადაწყვიტოს", - განაცხადა ერთიანი ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ აქციაზე და ხელისუფლებას დაპირებულის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.პარლამენტის შენობის წინ მოსახლეობამ შეკრება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე იქ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოჩნდებოდნენ. დღის 2 საათისთვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის ლიდერებიც მივიდნენ, აქციას შეუერთდა მემარჯვენე დავით გამყრელიძეც. გუშინ პარლამენტის წინ არ გამოჩენილან "კონსერვატორული პარტიის" წევრები. ის, რომ შიმშილობის აქცია აღარ გაიმართებოდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მოსახლეობას პირველმა ლევან გაჩეჩილაძემ ამცნო. ამის არგუმენტად კი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე სატელეფონო კონსულტაციები და მისგან მიღებული დაპირებები დაასახელა. გაჩეჩილაძის თქმითვე, შიმშილობის აქცია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო, რათა არ მოხდეს ქვეყანაში სიტუაციის უფრო დაძაბვა. "სულ მალე ციხეებიდან პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან, 26 თებერვლისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ასევე, 15 მარტამდე შეიცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილიც. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს, მოლაპარაკებების გზით ყველა პრობლემა გადაწყვიტოს, მაგრამ მე მას ვაფრთხილებ, რომ თუ კიდევ ერთხელ გაბედავს ჩვენს მოტყუებას, აქ მოვალ და აქედან აღარ წავალ, სანამ ამ ხელისუფლებას ქვეყნიდან არ გავისტუმრებ. მე ქვეყნის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და ამ პასუხისმგებლობას პირნათლად შევასრულებ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენთვის ძნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხელისუფლებას შანსი მივეცით, რომ მან საკუთარი დანაპირები შეასრულოს. თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს და საკუთარ დანაპირებს არ შეასრულებს, ოპოზიცია პარლამენტთან დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ შეიკრიბება და აღარ დაიშლება. "ჩვენ ხელისუფლებას უკანასკნელ შანსს ვაძლევთ და თუ ამ შანსს არ გამოიყენებს, პირობას ვაძლევ, რომ პარლამენტის შენობასთან დავბრუნდებით და აქედან უკვე ან ჩვენ გაგვიტანენ მკვდრებს, ან საქართველოდან - ხელისუფლებას. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს თავისუფლებას თავი შევწიროთ, მაგრამ თუ ჩვენს მოთხოვნებს მშვიდობიანი გზით მივაღწევთ, ხალხის სასიკვდილოდ გაწირვა არ ღირს," - ასეთი განმარტება გააკეთა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრების შემდეგ საზოგადოებას სიტყვით უკვე "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ მიმართა. მან პარლამენტის წინ მისულ ადამიანებს და ყველას, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაში მათ გვერდით დადგა, მადლობა გადაუხადა. "ვიცით, რომ უახლოეს მომავლაში შეიცვლება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭო, ასევე, ცესკო-ს ადმინისტრაცია და ყველა ამ ცვლილების შედეგად განპირობებული იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა დავით გამყრელიძემ და დასძინა, რომ "ოპოზიცია არ შეეგუება საპატიმროებში პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დარჩენას. "საქართველოში ვეღარასოდეს დააპატიმრებენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო. თუ ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას მოატყუებს და არჩევნებს მოგვპარავს, მაშინ მე დავდგები აქ, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც სიყალბეს არ შეეგუებიან", - დასძინა გამყრელიძემ. გამყრელიძის შემდეგ საზოგადოებას ისევ ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა, "ახალი გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის, ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა შექმნილი ვითარება ჩიხიდან გამოვიდეს. "ჩვენ ვართ ის რეალური ძალა, რომელიც რეალურად არის პასუხისმგებელი ხალხის წინაშე. მზად ვართ, რამდენიმე კვირა დავიცადოთ და ხელისუფლებას ვურჩევთ, არ ეთამაშოს თავის ხალხს ყალბი დაპირებებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ შიმშილობა არის ბოლო გამოსავალი, რასაც შემდგომ უკვე სხვა ნაბიჯები მოჰყვება. ვიდრე ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, ჩვენ გვსურს, რომ დავრწუმდეთ, რომ არც ერთი გამოუცდელი შანსი არ დავტოვეთ. "ჩვენ გვაქვს ჩვენი ულტიმატუმი და მასზე უნდა მივიღოთ პასუხი იმ ვადებში, რა ვადებშიც დაგვპირდნენ. ჩვენ არც კარვები გაგვიყიდია და არც შიმშილობა არ გადაგვიფიქრია, მხოლოდ ველოდებით დროს და გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც უკვე ვიმოქმედებთ. ჩვენ გაგვაჩნია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა ჩვენზე რადიკალური იყოს მოსახლეობა, ჩვენ ამ შანსს გავსინჯავთ და ვნახავთ, რა იქნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესახებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექნება ინფორმაცია და ეცოდინება, თუ რა შეთანხმებებზეა საუბარი. შიმშილობის აქციის გადადების გამო გაერთიანებული ოპოზიციის აზრი ორად გაიყო. "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა შიმშილობის აქციის გადადების წინააღმდეგი იყო, თუმცა, იგი ერთიანი ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა. "მიმაჩნია, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მანამ უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული არ იქნება და სამართლიანი არჩევნების გარანტია არ იარსებებს", - განაცხადა კუკავამ. შიმშილობის დაწყების მომხრე იყო "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ეკა ბესელია. იგი ასევე მიიჩნევს, რომ აქციები მანამ უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება და პოლიტიკური დევნა არ შეწყდება. "ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ამის გამო ჩვენ საბჭოს არ ვემიჯნებით", - აცხადებს ეკა ბესელია. შიმშილობის აქციის შეწყვეტას "დროებით მოვლენას" უწოდებს გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრი კოკა გუნცაძე. მისი თქმით, ის იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის გადაწყვეტილებას შიმშილობის აქციის შეჩერების თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები 15 მარტამდე არ დაკმაყოფილდება, საერთო სახალხო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შიმშილობის აქციის დაწყებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ რესპუბლიკელები და ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის ხელმძღვანელებმა განცხადება იმის შესახებ, რომ შიმშილობას არ აპირებდნენ, ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე გააკეთეს. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მოსახლეობისთვის. მეტიც, გაერთიანებული ოპოზიციის ამ ნაბიჯმა იქ მყოფ ადამიანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრი მათგანი იმასაც აღნიშნავდა, რომ მზად იყვნენ ღამის განმავლობაში დარჩენილიყვნენ მოშიმშილეებთან. მათივე თქმით, ოპოზიციას უფრო სერიოზული მოთხოვნები უნდა დაეყენებიან ხელისუფლების წინაშე, მაგალითად, როგორებიც არის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეების დასჯა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა. "აქციებზე პროტესტის ნიშნად მოვდივარ და არა ოპოზიციის ლიდერების სანახავად. არ მსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა მისული. დღეს კი ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ ისინი შიმშილობას აღარ იწყებენ. გამოდის, რომ ესენიც გვატყუებენ. თუ ასე გააგრძელებენ, პროტესტს მათაც გამოვუცხადებ. არ შეიძლება ხალხის ნერვებზე თამაში, თუ უნდათ, ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგნენ. კინწურაშვილი გადადგება თუ არა, ეს ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის და ალბათ, აქ შეკრებილი ხალხისთვის მთავარია, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და ამასაც მოვითხოვთ ოპოზიციისგან", - განუცხადა "რეზონანსს" აქციის მონაწილემ, უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა ცისანა კალინინამ. მიუხედავად ოპოზიციის ლიდერების მოწოდებისა, ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში არ იშლებოდა. ისინი ისევ პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილი და ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ახსნა-განმარტებებს სთხოვდნენ. ერთ-ერთი, ვისაც მოსახლეობისთვის ამ თემაზე ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია, გოგა ხაინდრავა გახლდათ. თუმცა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დაკისრებულ მოვალეობას თავი პირნათლად გაართვა და ხალხის ნაწილი იმაშიც დაარწმუნა, რომ ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო. "დაგვპირდნენ და დროც გვითხრეს, თუ როდის შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს. დაველოდოთ...", - განუცხადა ხაინდრავამ მათი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აქციის მონაწილეებს. გუშინ აქციაზე იმყოფებოდნენ კორტებთან სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი და ამირან რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე. "რატომ არის მიძინებული ზურას, ბუტას, სანდროს და კიდევ სხვა ადამიანების მკვლელობები. რატომ არ არიან დასჯილები მკვლელები და მკვლელობის შემკვეთები. ხელისუფლება ამბობს, რომ აქციებზე ხალხი სოციალურ მდგომარეობას გამოჰყავს. აბა, ჩვენ გვკითხეთ, შვილმკვდარ მამებს, რამ გამოგვიყვანა აქციაზე. ჩვენ გაგვანადგურეს და ღირსება შეგვილახეს. ეს ძალიან მწვავე საკითხია და ყველა ახალგაზრდა ადამიანის მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა. "ვინც ბუტა ჩაცხრილა, ვინც სანდრო მოკლა, არავინ არ არის დასჯილი. ცოცხალ ადამიანს ციხეშიც ეშველება და გარეთაც, მე კი, გენოციდი მომიწყვეს და ერთადერთი შვილი მომიკლეს. თქვენ იცით, რომ ირინა ენუქიძე მოკლულია. ირინა რომ არ მომკვდარიყო, არც ბადრი პატარკაციშვილი მოკვდებოდა. ახლა, ალბათ, სოსო რობაქიძეც მოკვდება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მე არ გავჩერდები, ვიდრე მკვლელები არ დაისჯებიან. "წლების განმავლობაში აყენებდნენ გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯის საკითხს. სწორედ აქედან დაიწყო საპროტესტო განწყობა ხალხში ხელისუფლების მიმართ. ახლა კი, როდესაც ოპოზიციამ ხელისუფლებას მემორანდუმი წარუდგინა, არც ერთ პუნქტში არ იყო ნახსენები გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დასჯის საკითხი. მე რომ მკითხო, ეს საკითხი პირველ პუნქტად უნდა ყოფილიყო. მათ კი მეორე ხარისხოვან თემებად აქციეს. "ოპოზიციას მოთხოვნები ძალიან მსუბუქი აქვს, კინწურაშვილის გადადგომას რომ ითხოვენ, რა აზრი აქვს, გადადგება კინწურაშვილი და მოვა მეორე კინწურაშვილი. დონაძე, მიქაძე, სალაყაია და სხვები ციხეში უნდა ისხდნენ და ხერხემალი ვანო მერაბიშვილი უნდა გადატყდეს", - განაცხადა რობაქიძემ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |