|
|
"რეზონანსი "
ნათელაშვილი: მე რომ დამეთმო, ხალხი გამლახავდა
(ინტერპრესნიუსი) ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ნებისმიერი შეთანხმება მიუღებელია. როგორც ავსტრიაში, ვენის სასტუმრო "რედისონში" მყოფმა შალვა ნათელაშვილმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, თუ ქვეყნისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის სტრატეგიული საკითხებია კინწურაშვილისა და თარხნიშვილის გადადგომა, მაშინ ქვეყნის საქმე დამთავრებული ყოფილა. "ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხია სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის, ბანდის მოცილება ერთიანად. როგორც კი მოლაპარაკება გადადის ისეთ ჭრილში, თუ ვინ იქნება ტელევიზიის დირექტორი, ეს ნიშნავს, რომ ხალხი არავის აინტერესებს. მე რომ დამეთმო საპრეზიდენტო არჩევნები, მეპატიებინა არჩევნების გაყალბება და დამეწყო მესამე და მეოთხეხარისხოვან თემებზე ვაჭრობა, ხალხი გამლახავდა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ლეიბრისტული პარტიის ლიდერის აზრით, ოპოზიციაში ერთსულოვნება არ არსებობს. "რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელ გაერთიანებულ ოპოზიციაზეა საუბარი. ლეიბორისტული პარტიის გარდა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ჯერ არ ჰყავს. ყველა ცდილობს ჩვენს მინდორზე შემოჭრას და ვაჭრობას," - აღნიშნა ნათელაშვილმა. პარტიის ლიდერის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "რკინისებურია": "აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ და საქართველოში დაბრუნებისთანავე გაასმაგებული ენერგიით შევუტევ სააკაშვილს და მის ბანდას, რითაც ქართველი ერის ოცნებას შევასრულებ."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |