|
|
"რეზონანსი "
"აფხაზეთის ომში ბადრი საქართველოს ლობირებდა" გიორგი ჩოჩიშვილი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში აცხადებს, რომ აფხაზეთის ომის პერიოდში პატარკაციშვილი, ერთი მხრივ, ქართველებს მატერიალურად ეხმარებოდა, მეორე მხრივ კი, დაქვემდებარებულ საინფორმაციო საშუალებებში ყველანაირად ცდილობდა ანტიქართული პროპაგანდა არ გასულიყო. "პირდაპირ მოსთხოვა ტელევიზიის თანამშრომლებს, აფხაზეთის შესახებ ყველა ინფორმაცია საქართველოს ელჩთან შეათანხმეთო," - აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე. ამავე დროს, გარდაცვლილი ბინესმენის ახლო მეგობრის თქმით, პატარკაციშვილი პირადად შეხვედრია ერთ-ერთ რუს ოლიგარქს, რომლის გვარსაც არ ასახელებს, და დაუყოლიებია აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. "რეზონანსი": როდის გაიცანით და დაუმეგობრდით ბადრი პატარკაციშვილს. ვაჟა ლორთქიფანიძე: გაცნობის თარიღი ზუსტად არ მახსოვს, თავიდან მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა. მაშინ მეტისმეტად რთული ვითარება იყო: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ძალიან იყო გამწვავებული, უფრო მეტად, ვიდრე ახლა. ერთი ომი, მეორე... ასეთ დროს მომიწია ელჩად ყოფნამ რუსეთში. სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ვიყავით და ძალიან დიდი ბრძოლა იყო საჭირო, რათა როგორმე გაგვერღვია ეს მოჯადოებული წრე. დასავლეთსაც მოსკოვის გავლით მიეწოდებოდა ინფორმაცია.სწორედ მაშინ დავინახე ნამდვილი ბადრი. აქტიურად ედგა გვერდით ქვეყანას როგორც აფხაზეთის ომის დროს, ისე მის შემდეგაც. ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა აშკარად, რომ ბადრი უსაზღვროდ ერთგული იყო თავისი ქვეყნისა და მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა მისთვის. მთავარი ამოცანა საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა იყო, მაგრამ ბადრი სხვა მხრივაც გვეხმარებოდა: რამდენჯერ ჩაუტვირთავს თვითმფრინავში მედიკამენტები, ტანსაცმელი, სხვა საჭირო საშუალებები და აფხაზეთში გაუგზავნია. სამჯერ ერთად ჩავფრინდით კიდეც სოხუმში... "რ": ეს ყველაფერი თქვენი თხოვნით ხდებოდა, თუ ინიციატივა თვითონ ბიზნესმენისგან მომდინარეობდა. ვ.ლ: არაორდინალური ურთიერთობა გვქონდა. ზოგჯერ მე დავურეკავდი, რაღაცას ვთხოვდი, ყოველთვის მზად იყო... თვითონაც ხშირად მომმართავდა: რა ვქნა, რა გვჭირდება, რა გავაკეთო... ერთხელ "ვრემიაში" ცუდი ინფორმაცია გავიდა საქართველოზე. საშა ლიუბიმოვთან, ორტ-ს საინფორმაციოს უფროსთან, ვმეგობრობდი, მაგრამ ის ყველაფერს ვერ წყვეტდა. მერე თვითონ ლიუბიმოვმა მიამბო საკვირველი ამბავი, რომ ბადრი ორტ-ს ერთ-ერთი მეპატრონე და კომერციული დირექტორი იყო. "ვრემიაში" გასული ინფორმაციის შემდეგ კრებაზე პირდაპირ უთქვამს: მე ვლობირებ საქართველოს ინტერესებს და გთხოვთ, ეს ყველამ მხედველობაში მიიღოთ: ვლობირებ იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესიცააო. რისკი ძალიან დიდი იყო: აფხაზეთის ომი რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული და მოსკოვის ხელმძღვანელობა, ვინ იცის, როგორ შეხვდებოდა ბადრის ამ განცხადებას. მაგრამ შემდეგ კრებაზე ბადრიმ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა და პირდაპირ მოსთხოვა ტელევიზიის თანამშრომლებს, აფხაზეთის შესახებ ყველა ინფორმაცია საქართველოს ელჩთან შეათანხმეთო. ასეთი კაცი იყო. მოგვიანებით მითხრა კიდეც: მე საქართველოს ინტერესების დასაცავად რაღაც პროტექციას ხომ არ დავიწყებ, სჯობს, ღია და პირდაპირი თამაში იყოსო. ყოველთვის ღიად მოქმედებდა... მოსკოვში მაშინ ერთი ძალიან მდიდარი და იმ დროს ძალიან გავლენიანი კაცი ცხოვრობდა, მილიარდერი. მისი ხალხი გუდაუთაში დარბოდა და არძინბას რაც სჭირდებოდა, ყველაფერს აძლევდნენ. მოკლედ, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა თავისი გიგანტური კაპიტალით. ბადრიმ იმდენი მოახერხა, რომ იმ კაცს დაელაპარაკა და გადაარწმუნა. მოკლედ, გააჩერა და ამის შემდეგ აფხაზებს დახმარების ეს მნიშვნელოვანი ნაკადი შეუწყდათ. იშვიათად მინახავს ბიზნესმენი, რომელსაც ასეთი მასშტაბური სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქონოდა. ომის დროს ხშირად გვიმსჯელია საქართველოზე, მის მომავალზე. ანალიზის საოცარი ნიჭი ჰქონდა. აფხაზეთის ომის შემდეგ ერთი-ორი ისეთი ნაბიჯი აქვს გადადგმული ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად... არ მინდა ამაზე ლაპარაკი... "რ": პატარკაციშვილზე მის სიცოცხლეში ათას რამეს ლაპარაკობდნენ - კარგს თუ ცუდს. არც მისი სიკვდილის შემდეგ შემწყდარა ამაზე კამათი. თქვენ კი მას კარგად იცნობდით და სხვებზე მეტი გეცოდინებათ... ვ.ლ: საოცრად არაორდინალური კაცი იყო. ასეთი იყო მთელი მისი ცხოვრებაც. სიკვდილიც კი ასეთი შეხვდა. აბსოლუტურად თავისუფალი ბუნების იყო - რომანტიკულიც, რისკიანიც, ბოჰემურიც... ძალიან მხიარულიც ხშირად მინახავს და ძალიან გულჩათხრობილიც. მეტისმეტად ემოციური იყო. ასეთი მკაცრი ცხოვრება გამოიარა და თითქოს უფრო სხვა ხასიათი უნდა ჰქონოდა: ალბათ, უფრო მკაცრი, ჩაკეტილი, მაგრამ ასეთი დონის ბიზნესმენი ზოგჯერ საოცარ გულუბრყვილობას იჩენდა პატრა ბავშვივით. ამით ბევრმა ისარგებლა, იმათ უღალატეს, ვისაც გულწრფელად ენდო. ძალიან ბევრმა აწყენინა, მაგრამ აუგს არავისზე იტყოდა - ღმერთმა თავისი გზით ატაროსო, ხელს ჩაიქნევდა და ავს არასდროს იმახსოვრებდა. რა თქმა უნდა, მკაცრიც იყო, დიდი სიმკაცრეც გამოუჩენია... საერთოდ, ტრადიციული კაცი იყო, ძალიან აფასებდა მამაპაპისეულ თბილისურ ტრადიციებს. უცებ ჩამოვიდოდა თბილისში, მედუდუკეებს წამოიყვანდა, მამამისის საფლავზე ავდიოდით, კიდევ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა გარდაცვლილი, საფლავზე ღვინოს წაუქცევდა, ქსოვრელებს დააკვრევინებდა, ჩაჯდებოდა თვითმფრინავში და გაფრინდებოდა. ბიზნესზეც ვლაპარაკობდით ხოლმე. ვაჟიკო, - მეუბნებოდა, - მე საქართველოში ფულს არ გავაკეთებ, მე საქართველოში ფულს დავხარჯავ. თითქმის სულ სოციალური პროგრამები ჰქონდა. ბადრის მიერ გაწეულ სიკეთეს ვინ დათვლის. ერთხელ კოტე მახარაძის იუბილეზე ჩამოვუგდე სიტყვა. ერთ წამს არ უყოყმანია... თავისი დიდი ქონების ფასი და მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ამას არავის აგრძნობინებდა, ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. საკუთარ სიტყვას ძალიან უფრთხილდებოდა. არ მახსოვს შემთხვევა, სიტყვა გაეტეხოს. ორტ-ში, ტვ-6-ში, რომლის მეწილეც ასევე იყო, ჟურნალისტებს ძალიან უყვარდათ, თანაც ყველას - ცნობილებსაც და ნაკლებად ცნობილებსაც. "რ": ბევრმა ჩათვალა, რომ მისი მოსვლა პოლიტიკაში დიდი შეცდომა იყო, თუნდაც გამოუცდელობის გამო. ან რად ღირს ის ღია განცხადებები, რომელიც მან გააკეთა ოპოზიციის დაფინანსების შესახებ. ვ.ლ: ეს მას საერთოდ სჩვეოდა - დაუფარავი და ღია მოქმედების მომხრე იყო. ყველაზე უკეთეს გზად სიმართლის თქმა მიაჩნდა, ამის მომხრე იყო მასმედიაშიც. მართლაც რომელი პოლიტიკოსი იტყვის ასე აშკარად, რაც ბადრიმ თქვა თუნდაც ოპოზიციის დაფინანსებაზე. ბევრმა ეს წინდაუხედაობად ჩაუთვალა, მაგრამ ასეთი კაცი იყო. რა მაქვს დასამალი, მე ჩემი პოზიცია მაქვსო. ამას ღიად ამბობდა და, როგორც მასმედიის მფლობელმა, ჟურნალისტებსაც მხოლოდ ეს სთხოვა, სიმართლე ილაპარაკეთო. ყველაზე მეტად უმადურობას, განსაკუთრებით ღალატს, განიცდიდა. მათ უღალატეს, ვისაც მთლიანად ენდო. ეს ძალიან აწუხებდა. ბოლოს კი ნდობის საპასუხოდ ის საშინელი პროვოკაცია მოუწყვეს. ჯანმრთელობის გამო არასდროს დაუჩივლია. სრულიად ჯანმრთელი იყო - არც გული აწუხებდა, არც - წნევა. ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავდა, დიეტურად იკვებებოდა, წონას მუდამ აკონტროლებდა, მასაჟებს იკეთებდა, ძალიან უყვარდა ცურვა... მეგობრების მიმართ ყურადღებას სხვაგვარად გამოხატავდა. თვითონ, თავისი ფეხით დადიოდა ლონდონში და საჩუქრებს არჩევდა დიდი გემოვნებით. შვილიშვილი რომ შემეძინა, თურმე მთელი ლონდონი მოიარა და საჩუქრები ჩამოგვიტანა - უბრალო, მაგრამ ორიგინალური და ძალიან ლამაზი...
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |