|
|
"რეზონანსი "
ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზებს "საკეთილდღეო" რჩევებს აძლევს ელზა წიკლაური
აფხაზეთში სტუმრად მყოფი ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე დუკვახა აბდურახმანოვი მხარს უჭერს აფხაზეთის რუსეთის სამხრეთ ფედერაციულ ოლქთან შეერთებას და მიაჩნია, რომ ეს "აფხაზი ხალხის კეთილდღეობის დასაწყისი იქნება." ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა თბილისისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პუტინი-სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ მოსკოვმა კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია ცალსახად დააფიქსირა. ექსპერტები თვლიან, რომ აბდურახმანოვის ინიციატივა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. როგორც სააგენტო "რეგნუმი" იუწყება, ბაღაფშმა სტუმრებს შიდა და გარეპოლიტიკური ვითარება გააცნო და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილა. ხაზი გაუსვა, რომ "აფხაზეთისთვის მძიმე ომის დღეებში ჩეჩენი ხალხი აფხაზი ხალხის გვერდით იდგა". აბდურახმანოვმა კი აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ჩეჩნეთს შორის კავშირები მნიშვნელოვანია და დასძინა, რომ ეკონომიკური და კულტურული კავშირები აუცილებლად უნდა განვითარდეს. მან აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან აფხაზეთში ჩეჩენი ბავშვების დასვენების საკითხებიც განიხილა. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს სახმინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი: "აფხაზეთის რუსეთის სამხრეთ ოლქთან შეერთების ინიციატივის დაყენება უფრო კერძო პირის განცხადებას ჰგავს, ვიდრე სახელმწიფო ჩინოვნიკისა. ჩემთვის გაუგებარია ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ვის უფრო აშანტაჟებს - აფხაზებს, რუსებს თუ ქართველებს, ამიტომაც ასეთი ტიპის განცხადებები სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ." "დავით ბაქრაძის უწყებამ უნდა მიმართოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათი ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა. ჩვენ რუსეთს ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ. საქართველომ უნდა თქვას, რომ მაშინ, როდესაც ის პანკისის მიმართულებით ასრულებს თავის პირობებს და უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას ჩეჩნეთის მხრიდან, რატომ გვიქმნის რუსეთი საფრთხეს სწორედ ჩეჩნეთიდან," - მიაჩნია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |