"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

სწრაფად აღდგენილი სიღნაღი სწრაფადვე ინგრევა: სახელდახელოდ შეღებილ ქალაქში შენობები მძიმე მდგომარეობაშია

ელზა წიკლაური

"დღეს განახლებული სიღნაღი ნიშნავს განახლებულ სოხუმს, ხვალ კი - ერთიან საქართველოს", - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც სიღნაღის პომპეზური პრეზენტაცია გამართა. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ნაქებ-ნადიდებ სიღნაღს "წყალი შეუდგა", დაიმეწყრა რამდენიმე სახლი, გაიყინა წყლის მილები, ხოლო ძლიერმა ქარმა არა მარტო მოსახლეობის კუთვნილ სახლები, არამედ ქალაქის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ქალაქის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია და წყლის მილების გაყინვაც ძლიერი ყინვების შედეგია.

როგორც ჩანს, სიღნაღს პრობლემები ისევ არ შორდება. ჯერ იყო და ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლის შემდეგ ქალაქში მცხოვრებ 72 ოჯახს უასხლკაროდ დარჩენა დაემუქრა. ახლა კი ძლიერმა ქარმა უკვე მუნიციპალიტეტის შენობაც დააზიანა. მართალია, ქარის სიჩქარისა და სიმძლავრის განსაზღვრა ძალიან რთულია, თუმცა მიწის გეოლოგიური შესწავლა რომ სირთულეს არ წარმოადგენს, ესეც ფაქტია. როგორც ჩანს, ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციისთვის მილიონები ისე დაიხარჯა, რომ მისი გეოლოგიური შესწავლა არავის გახსენებია, ყოველ შემთხვევაში, აქამდე.

სიღნაღის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. სარემონტო სამუშაოები სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდა. "სიღნაღი მილიონერების ქალაქია", - აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განმარტავდა იმასაც, რომ მილიონერებში არ იგულისხმებოდნენ არც ბიზნესმენები და არც ის ადამიანები, რომლებიც სიღნაღში შენობებს ყიდულობდნენ და ყიდულობენ. მისი თქმით, მილიონერებში სწორედ სიღნაღში მცხოვრები მოსახლეობა იგულისხმებოდა, რომელთა სახლები თუ ერთი წლის წინ 2 ათასი დოლარი ღირდა, ახლა, ზოგ შემთხვევაში, 200 ათასი, 600 ათასი, ნახევარი მილიონი ან მეტი ღირს.

დღეს კი აღმოჩნდა, რომ "მილიონერი" სიღნაღელები, შესაძლოა, საერთოდ უსახლკაროდ დარჩნენ და "ევროპული ქალაქიც" ისტორიის კუთვნილება გახდეს. იმ ისტორიისა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა და ასე შემართებით გააპიარა. აშკარაა, რომ მაშინ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იყო სწრაფი შენება, პომპეზური პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ "სიღნაღი მსოფლიოს გულია".

"სიღნაღი მთელ ევროპაში ულამაზესი ქალაქია. ვერც ჩინელები, ვერც ამერიკელები და თურქები ვერ აშენებენ ისე სწრაფად, ხარისხიანად და ისეთი ენთუზიაზმით, როგორც - ქართველები", - განაცხადა სააკაშვილმა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ექვს თვეში ქალაქის ასეთი სახეცვლილება მოხდებოდა.

სიღნაღში ისევ ნგრევაა

რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა სიღნაღის რაიონს ზარალი კიდევ მიაყენა. პრეზიდენტის მიერ ზარ-ზეიმით გახსნილ ქალაქში, გამგეობის შენობიდან მინის კონსტრუქცია ჩამოიქცა. ზამთრის სიცივეებმა კი მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციები.

სიღნაღელების განცხადებით, სახელდახელოდ შეღებილ ქალაქში შენობები მძიმე მდგომარეობაშია. მათი თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა ხალხისთვის თვალის ასახვევად არის შექმნილი, სინამდვილეში კი უხარისხობის გამო თავზე ექცევათ.

"სიღნაღის რეაბილიტაციის პროცესს ნორმალურად შევხვდი. მეგონა, ქალაქი მოწესრიგდებოდა. მხოლოდ ფასადების სილამაზე ან ფერთა სიჭრელე ხომ არ არის მთავარი. ხარისხიანად უნდა ემუშავათ. იცით, რამდენი სახლია დაზიანებული. კედლებს ბზარი აქვს გაჩენილი. ასეთ ოჯახებს უნდა მიხედონ. მხოლოდ ქალაქის ცენტრი არ არის მთავარი, განაპირა უბნებიც ნახონ. როგორი ხარისხიანი რეაბილიტაციაც მოხდა, დავინახეთ. კონსტრუქვია თავზე ჩამოექცათ, ახლა მაინც მიხვდნენ, სიღნაღი რა დღეშია," - აცხადებს სიღნაღის მკვიდრი ლია ბ.

სიღნაღის მკვიდრი მარინა გ. კი ამბობს, რომ ქალაქში არსებული საცხოვრებელი სახლების სახურავები ცუდ დღეშია. "ბინების უმეტესი ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციის პროგრამაში მოხვდა, უხარისხო კრამიტით გადაიხურა. ყინვებმა და თოვლმა კრამიტი დაამტვრია, ქარმა კი სახურავები გადახადა. ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენიმე კვირის წინ განცხადებით მივმართეთ, მაგრამ ჯერ არავინ დაგვხმარებია", - აცხადებს მარინა გ.

მოსახლეობის განცხადებით, სიღნაღში ყინვების შედეგად მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის სისტემაც. როგორც "რეზონანსთან" საუბარში ადგილობრივმა მკვიდრმა ნათელა ხ-მ განაცხადა, ახლად ჩაყრილი წყლის მილები დაზიანდა და ასევე მწყობრიდან გამოვიდა წყლის მრიცხველებიც.

"ჯერ იყო და 72 ოჯახი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ კინაღამ სახლ-კარი დაენგრათ. ახლა, როდესაც ძლიერი ყინვები იყო, მიწაში ჩაყრილი წყლის მილები დაზიანდა, ზოგან გასკდა კიდეც. ასევე გაიყინა წყლის მრიცხველებიც. რამდენიმე დღე გვქონდა სასმელი წყლის პრობლემა. როდესაც ჩვენ მუნიციპალიტეტში მივედით და ვკითხეთ, თუ რა ხდება, გვითხრეს, რომ სიღნაღს ასეთი ქარი და ყინვა არ ახსოვს და ალბათ, ამიტომ, გაიყინა მილები და დაზიანდა სახურავებიო. ასე რომ, ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები თავს არიდებენ პასუხისგებლობას და ყველაფერს ბუნებრივ პროცესებს აბრალებენ.

შეწუხებულები ვართ მიწისქვეშა გაყვანილობების გაყინვით. გარდა ამისა, ბევრ ოჯახს ჭერიდან წვიმა ჩასდის. მე არ ვიცი, ამას ეძახიან თანამედროვე, ევროპული დონის ქალაქს. - კითხულობს ნათელა ხ.

სიღნაღის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ზედელაშვილი აცხადებს, რომ წყლის მილები, რომელიც რეაბილიტაციის პერიოდში ჩაიყარა, დაზიანებული არ არის და გაიყინა მხოლოდ ის მილი, რომელიც მოსახლეობას ეზოებში აქვთ.

"წყლის მილში, რომელიც რეაბილიტაციის პერიოდში გამოიცვალა, წყალი არ გაყინულა, წყალი მხოლოდ იმ მილებში გაიყინა, რომელიც მოსახლეობის ეზოებში შედის და რომლებიც მიწაში არ არის ჩაყრილი. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა ამ მილებსაც მიწაში ჩაყრის, მაშინ მათ ასეთი პრობლემა აღარ ექნებათ. რაც შეეხება მრიცხველების გაყინვას, ამ ყველაფერს შევისწავლით და ვნახავთ, რამდენიმე დღეა, რაც გამგებლის მოვალეობას ვასრულებ და მოსახლეობის საჩივრები ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერ არ შემოსულა.

პრობლემა იყო მუნიციპალიტეტის მეოთხე სართულზე განთავსებულ მანსარდასთან დაკავშირებით, ორი შუშის კონსტრუქცია ქარმა გადმოაგდო და მისი რეკონსტრუქციაც მალე მოხდება. ქარმა სხვა შენობებიც დააზიანა თუ არა, ასეთ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვფლობ", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში სიღნაღის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ზედელაშვილმა.

მანამდე იყო მეწყერი

ვიდრე სიღნაღის მუნიციპალიტეტის შენობას ძლიერი ქარი დააზიანებდა, მანამდე პრობლემები ქალაქ-მუზეუმში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს შეექმნა. ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლის შემდეგ დაახლოებით 74 ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა. ამ ფაქტის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გეოლოგები სიღნაღში გაემგზევრებიან, სადაც მეწყრით დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და გზების მდგომარეობას შეაფასებენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეწყერის პერიოდული გააქტიურების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია ქალაქ სიღნაღის 34 საცხოვრებელი სახლი, ქალაქში შესასვლელი მთავარი გზა (ნუკრიანი-სიღნაღის მონაკვეთი), მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები.

მაშინ გარემოს დაცვის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრმა ქალაქ სიღნაღში მეწყერის საშიშროების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21-22 დეკემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის სპეციალისტებმა მეწყერული პროცესების დადგენის მიზნით ქალაქ სიღნაღის ცენტრალური ნაწილისა და გარეუბნების ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება მოახდინეს.

გეოლოგები შეფასებით დადგინდა, რომ ქალაქ სიღნაღის ცენტრალურ რესტავრირებულ ნაწილში რაიმე სახის საშიში გეოლოგიური პროცესები არ ფიქსირდება. რაც შეეხება ქალაქის გარეუბნებს, ადგილი აქვს ძველმეწყრულ სხეულში ლოკალური უბნების გააქტიურებას.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნებით სიღნაღში გეოლოგიური საშიშროება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მისი გეოლოგიური მდგომარეობა შესწავლილი იყო, დაკვირვებები გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ქალაქს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მომავალში სათანადო კვლევების საფუძველზე პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებები დაისახება," - აცხადებდა სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მიხეილ ავალიანი.

დღეს კი ზაზა ზედელაშვილი აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მოხდება ყველა ოჯახის და სახლის შესწავლა, "რის შემდეგაც გავაკეთებთ იმას, რა საშუალებაც გვექნება. გეოლოგების დასკვნის მიხედვით გაანგარიშებულია ფინანსებიც და ამ თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან ვითხოვთ", - დასძინა ზედელაშვილმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com