|
|
"რეზონანსი "
გაზეთ "რეზონანსის" ორშაბათის დამატება "მთელ კვირაში" გამოქვეყნებულ მასალას "გვძარცვავენ! მთავრობის მეთაურობით" საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა "თბილისის ფორუმზე" ელისო ჩაფიძე
როგორც ავტორი, ვითვალისწინებთ მკითხველთა საინტერესო შენიშვნას იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, მიგვეწოდებინა ინფორმაცია არა მარტო იმის შესახებ, თუ რა ღირს ელექტროენერგიის გენერაცია, არამედ იმაზეც, რა ჯდება მისი გადაცემა, დისტრიბუცია, დისპეტჩერიზაცია და ა.შ. ჩვენ ხელთ გვაქვს 2006 წლის 15 მაისის "საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება #18, ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ", რომელიც ნაწილობრივ მაინც გაგვცემს პასუხს ამ კითხვაზე. ტარიფებთან დაკავშირებით წინა სტატიაში უკვე გიამბეთ. ჰიდროელექტროსადგურებზე მათი წარმოების ფასი 1,187-დან 3,5 თეთრამდე მერყეობს. ამას რომ დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ფასებიც დავუმატოთ, ის 5 თეთრს არ აღმეტება. დანარჩენი სხვაობა კომპანიების ჯიბეში მიდის. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, ცხადია, წარმოების ტარიფი თბოელექტროსადგურებზე ბევრად მაღალია. ასე მაგალითად, შპს "მტკვარი ენერგეტიკის" წარმოების ტარიფია 9,11 თეთრი-კვ.საათი, სს "თბილსრესის" - 9,801 თეთრი, სს "ენერჯიინვესტის" - 13,086. თუმცა ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, თბოელექტროსადგურების წილი ელექტროენერგიის საერთო მოცულობაში, რომელსაც საქართველო მოიხმარს, 30%-ს არასოდეს აღემატება. სპეციალისტებით აზრით, ეს ტარიფის კატასტროფულ ზრდას არ უნდა იწვევდეს. თანაც, წინა წელს "რეზონანსი" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ "ენერჯიინვესტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ბიუჯეტმა აიღო ვალდებულება, კომპანიას დაუფაროს სხვაობა ელექტროენერგიის წარმოებისა და მის გასაყიდ ფასს შორის. ასე რომ, მათი წარმოებული ელექტროენერგიის ფასის ნაწილსაც ჩვენ ვიხდით, ოღონდ ამჯერად - ბიუჯეტიდან. რაც შეეხება გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ხარჯებს, ისინი, საერთო ჯამში, 1,30 თეთრს არ აღემატება. სემეკის დადგენილების მიხედვით ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფებია: 1) შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" - 35-110-220 კვ-ზე - 0,5 თეთრი, 6-10 კვ-ზე - 1,109 თეთრი 2) სს "საქრუსენერგო" - 0, 18 თეთრი დისპეტჩერიზაცია - შპს "საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა" - 0,15 თეთრი.
როგორ გააკოტრეს სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით, ამ სფეროში კარგად ჩახედულმა პირებმა მოგვაწოდეს, რომლებიც ენერგოსისტემაში დღესაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. "რეზონანსი" იტოვებს უფლებას, დაიცვას წყაროთა კონფიდენციალობა. ამავე დროს, მადლობას უხდის ყველა იმ რესპონდენტს, რომელსაც მნიშვნელოვნად მიაჩნია, საკუთარ სკამზე მეტად ქვეყნის მომავალს გაუფრთხილდეს. ყველა იმ საკითხზე, რაზეც ქვემოთ გვაქვს საუბარი, კომენტარი ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს ვთხოვეთ. სარწმუნო წყარო გვიამბობს: 90-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ იმ პერიოდში არსებული ენერგოგამანაწილებელი საწარმოების იურიდიულ-სამართლებრივი ფორმა ნაწილობრივ მოყვანილ იქნა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე დაფუძნდა რაიონული ენერგოგამანაწილებელი საწარმოები, როგორც სააქციო საზოგადოებები. 2001 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს და ზოგიერთი გუბერნატორის აქტიური ლობირების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას რაიონული პრინციპით დაფუძნებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი საზოგადოებების სამხარეო პრინციპით გაერთიანების შესახებ, რის შედეგად საქართველოში შეიქმნა აჭარის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის და სხვა ენერგოგამანაწილებელი საწარმოები. მცირე პერიოდის გასვლის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადდა ახალი წინადადება პრეზიდენტის სახელზე და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ 2001 წლის 15 ნოემბერს გამოცემულ იქნა განკარგულება #1168 სამხარეო პრინციპით დაფუძნებული საზოგადოებების გაერთიანების შესახებ, რის შედეგადაც რეგიონალური პრინციპით შექმნილი ენერგოგამანაწილებელი საწარმოები ზოგიერთი რეგიონების გამოკლებით (აჭარის, კახეთისა და ქალაქ რუსთავის) გაერთიანდნენ ერთ საზოგადოებად და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე 2002 წლის მარტის ბოლოს დაფუძნდა სააქციო საზოგადოება "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია". ახლადრეგისტრირებული საზოგადოება მოგვიანებით, 2003 წლის დასაწყისში მთლიანად გადაეცა მართვაში კომპანია "პი-ეი კონსალტინგს", რომელმაც დანიშნა რა საწარმოს მთავარ მენეჯერად დინ უაითი, ერთპიროვნულად მართავდა ამ სააქციო საზოგადოებას 2007 წლის გაზაფხულამდე. მოგვიანებით, სს "რელასის" მცირე პაკეტის მფლობელ აქციონერთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს საზოგადოება ე.წ. ნებაყოფლობითი-იძულებითი წესით მიიერთა სააქციო საზოგადოება "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ" და სს "რელასმა" დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ენერგოგამანაწილებელი საწარმოების გაერთიანების მთავარი მოტივი და ამოცანა - ერთიანი მენეჯმენტის შექმნით მიწოდებული ელექტრონერგიის საფასურის სრულად ამოღება, ვერ შესრულდა. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაცემებით, მანამდე, სანამ დაიწყებოდა რეგიონალური ენერგოგამანაწილებელი კომპანიების გამსხვილება (დაახლოებით 2001 წლამდე), მათ მიერ მიღებული ელექტროენერგის საფასურის გადახდა ხორცილდებოდა, დაახლოებით, 50-60%-ს ფარგლებში. მას შემდეგ, როდესაც ყველა რეგიონალური ენერგოკომპანია გააერთიანეს ერთ საზოგადოებად, კერძოდ, სს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით საჯაროდ მიეწოდებოდა ინფორმაცია 60-80% თანხის ამოღების შესახებ, ამ საზოგადოების მიერ ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურებას არასოდეს არ გადაუჭარბებია 8%-ისთვის. ექსპერტების აზრით, სახეზეა წინასწარ შეგნებული და წინასწარ განზრახული ქმედება - მოხმარებული ელექტროენერგიის ამოღებული საფასურის დიდი რაოდენობით დატაცება, ხოლო ვისი შემოქმედებით და ვის სასარგებლოდ განხორციელდა ეს, ადვილი დასადგენია (რა თქმა უნდა, იმ პირთა ვინაობის გათვალისწინებით, ვინც ხელმძღვანელობდა ამ საზოგადოებას). ამ ისტორიული ექსკურსის ფონზე შეუძლებელია იმის არაღნიშვნა, რომ იმ პერიოდიდან, როდესაც სააქციო საზოგადოება "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" (გსკ) მმართველად მოგვევლინა კომპანია "პი-ეი კონსალტინგი", ამ კომპანიის მთავარი კონტრაქტორი გახდა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება "დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე", ხოლო მთავარი კონსულტანტი ფინანსურ საკითხებზე კი იყო ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ამ საქმიანობას ეწეოდა მის ფინანსთა მინისტრად ხელმეორედ აღზევებამდე. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ", მიუხედავად იმისა, რომ მას არავინ არ ზღუდავდა ელექტროენერგიის მიწოდებაში (ამის გადამოწმება ადვილად შესაძლებელია შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მთავარ სადისპეტჩერო სამსახურში), თვითონ დაიწყო საკუთარი მოხმარების შემცირება და წანასაარჩევნოდ, ორი თვის განმავლობაში, პრაქტიკულად, მთელი საქართველო დააბნელა (თბილისის გარდა, სადაც მას ხელი არ მიუწვდებოდა), რითიც კიდევ უფრო დაამძიმა იმ პერიოდში არსებული სოციალური მდგომარეობა. არჩევნების შემდგომ კომპანიამ გააგრძელა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება ჩვეული წესით. ნორმალური სამართალდამცავი ორგანოების არსებობის შემთხვევაში ამ ფაქტით, ალბათ, დაინტერესდებოდნენ, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ამას ნოღაიდელის ჯერ ფინანსთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მოჰყვა. ამ ლოგიკით კომპანიაც უნდა დაეჯილდოებინათ ხალხის რევოლუციურად განწყობასა და "ვარდების რევოლუციაში" შეტანილი წვლილისათვის.
რევოლუციური პარლამენტის ორი საკანონმდებლო საჩუქარი სადისტრიბუციო კომპანიისათვის 2004 წლისათვის კომპანია უკვე დიდი ვალები ჰქონდა დაგროვილი და მისი გაკოტრების საქმეზე განცხადება სასამართლოში იდო. მაგრამ სამთავრობო მფარველებმა არა მარტო აღმასრულებელი, არამედ ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობაც ჩართეს საქმეში. მთავრობამ საქართველოს პარლამენტს 2004 წლის მაისში წარუდგინა კანონპროექტი "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, რომელიც დაჩქარებული ტაშის გრიალით მიიღო რევოლუციურმა პარლამენტმა 2004 წლის 15 ივნისს. ამ კანონით კი დადგინდა, რომ ენერგეტიკულ სექტორში დაკავებული საწარმო, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების ამოქმედებამდე (2004 წლის 18 ივნისამდე) ფლობდა თუნდაც ერთი სახის ლიცენზიას და განცხადებით მიმართავდა სასამართლოს მოთხოვნით, გადავადებული ყოფილიყო გაკოტრების საქმის გახსნა, სასამართლო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა და ასეთი სახის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდებოდა (რაც საერთაშორისი სამართლის ნორმებით და საქართველოს კონსტიტუციით სასამართლოს მეშვეობით პირის მიერ საკუთარი უფლებების დაცვის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შელახვას წარმოადგენდა და, შესაბამისად, წარმოადგენდა არაკონსტიტუციურ საკანონმდებლო ნორმას). გადავადების ვადა განისაზღვრებოდა 18 თვით იმ დროს, როდესაც სხვა ტიპისა თუ საქმიანობით დაკავებული საწარმოებისათვის გადავადების ვადა კანონით განსაზღვრული იყო სულ რაღაც 3 თვით, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება კი ექვემდებარებოდა გასაჩივრებას ჩვეულებრივი წესით. ზემოაღნიშნული კანონის ყველაზე საინტერესო ნოვაცია კი იყო ის, რომ სასამართლო განჩინების მიღების დღიდან გადავადებისათვის მოთხოვნილი პერიოდის (ანუ 18 თვის) განმავლობაში ამ საზოგადოების მიმართ სავალდებულო წესით ჩერდებოდა ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო თვითონ საზოგადოების ხელმძღვანელობა კი შეუზღუდავი იყო მის საქმიანობაში, მათ შორის, საზოგადოების ქონების გასხვისებაში. საქართველოს პარლამენტის ვითომ საჩუქარი დაუყოვნებლივ გამოიყენა "საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ" და 2004 წლის აგვისტოს თვეში წარადგინა განცხადება გაკოტრების საქმის გახსნის 18 თვით გადავადების შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2004 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით 2-739 საქმეზე. აღნიშნული განცხადების მიხედვით, "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" აღიარებდა, რომ მისი დავალიანება აღემატებოდა 650 მილიონ ლარს. ზემოთხსენებული კანონი "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" კანონში დამატების შეტანის თაობაზე" შეიცავდა მკაცრ დათქმას, რომ საწარმოს ასეთი შეღავათიანი გადავადებით შეეძლო ესარგებლა მხოლოდ ერთხელ, რაც, ალბათ, ქართველმა ენერგომამებმა არასაკმარისად მიიჩნიეს, ანუ არ ეყოთ წელიწადნახევარის განმავლობაში დაგროვილი თანხები და 2006 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის სახელით პარლამენტს წარედგინა "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ასევე ჩქარი ტაშით იქნა მიღებული პარლამენტის მიერ 2006 წლის 14 მარტს და ამოქმედდა ამავე წლის 20 მარტს. ამ ცვლილების შედეგად გაკოტრების საქმის გახსნის გადავადებით სარგებლობის უფლება განმცხადებლებს უკვე ორჯერ მიენიჭათ. ვინაიდან 2006 წლის 14 მარტის ცვლილებამ "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" კანონში ვერ მოასწრო ამოქმედება, მანამდე, სანამ გავიდოდა "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" გაკოტრების საქმის გახსნის გადავადების ვადა, ისევ დინ უაითის სახელით თბილისის სასამართლოში შევიდა განცხადება 2004 წლის აგვისტოს თვეში შეტანილი განცხადების უკან გათხოვის შესახებ და ამავე წლის აპრილის თვეში სასამართლოში შევიდა უკვე ახალი განცხადება ასევე დინ უაითის ხელმოწერით გაკოტრების საქმის გახსნის გადავადების თაობაზე, ხოლო საფუძვლად მითითებულ იქნა ზემოაღნიშნული კანონი. ახალი განცხადების მიხედვით, "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" ვალდებულებები აღემატებოდა 730 მილიონ ლარს და აქვე, განცხადების ხელმომწერი აღიარებდა, რომ საზოგადოება ჩართული იყო ბევრ სასამართლო პროცესებში, რომელთა თაობაზეც მათთვის ვითომ უცნობი იყო (დაუდასტურებელი მონაცემებით, ეს თანხა შეიძლება აღემატებოდეს 200 მილიონ ლარს). სასამართლომ, ამჯერად უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, რა თქმა უნდა, მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება და "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას" კიდევ ერთხელ 18 თვით გადაუვადა გაკოტრების საქმის გახსნა, რითიც კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს ენერგოსექტორის სხვა საწარმოების მდგომარეობა, ვინაიდან ის საწარმოები, ვინც "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას" აწვდიდნენ გამომუშავებულ ელექტროენერგას, ვერავითარ ანაზღაურებას ვერ ღებულობდნენ.
გზა, რომელიც არა რომში ან ნოღაიდელთან, არამედ პრეზიდენტთან მიდის ბუნებრივია, გასარკვევია, რა სარგებლობას იღებდნენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით მათი მესვეურები. ჩვენი აზრით, ეს საქმე უფრო დაწვრილებით გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუმცა ერთი რამ დღესვე შეიძლება ითქვას - ამ გადავადებებით ძირითადად ზარალდებოდნენ ის ობიექტები, რომლებიც ელექტროენერგიას აწარმოებდნენ - ჰესები, საბითუმო ბაზარი, რომელიც სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას აწოდებდა ელექტროენერგიას და ვერ იღებდა საფასურს. ჩვენს, ერთი შეხედვით გულუბრყვილო შეკითხვაზე, რატომ არ უწყვეტდნენ ენერგიის მიწოდებას კომპანიას, თუკი ის ვალებს არ იხდიდა, კომპეტენტური წყარო გვეუბნება, რომ ასეთ რაიმეს ვერავინ გაბედავდა - პირველი - პოლიტიკური მოტივით, რადგან საქართველოს ჩაბნელება ხალხის აღშფოთებას გამოიწვევდა და მეორე - დინ უაითს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში ნებართვის გარეშე შედიოდა, ვერავინ გაუბედავდა ასეთ რაიმეს. რესპონდენტი, რომელსაც ვეკითხებით, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეეძლო თუ არა პრემიერ-მინისტრს ასეთი ლობირება გაეწია "გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიისათვის", რომელთანაც მისი კავშირი დაფარულიც კი არაა, კითხვას გვიბრუნებს: "ვინ არის სახელმწიფოში ის პირი, ვისაც შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს საპარლამენტო უმრავლესობაზე და ორჯერ მიაღებინოს მას საკანონმდებლო ცვლილებები ისე, რომ ამის თაობაზე კითხვაც კი არ დაისვას." პასუხია - პრეზიდენტი. თუ რატომ, ამისი გარკვევა უკვე ჩვენს ძალღონეს აღემატება, თუმცა ბევრ ეჭვს კი ბადებს.
უიმედო მოვალეები ჩვენი ინფორმაციით, სადისტრიბუციო კომპანიის გაკოტრების საქმის გახსნის ამდენი ხნით გადავადებით და შემდეგ მისი საერთოდ გაყიდვით, ბუნებრივია, დაზარალებულები დარჩნენ ის კომპანიები, ვისი ვალიც ჰქონდა გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "პი-ეი კონსალტინგი" უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის "იუესაიდის" დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს მრავალ ქვეყანაში. ვინაიდან ქართული ენერგოსისტემის ბნელით მოცულ ისტორიაში მათ და აშშ მოქალაქე დინ უაითსაც მიუძღვით წვლილი, ვფიქრობთ, ამერიკის საელჩოც უნდა დაინტერესდეს მათი საქმიანობით, რადგან მათი მიზანი ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის მართვის დახმარება უნდა იყოს და არა - განადგურება. როგორც ცნობილია, 2006 წელს გაერთიანებული სადიტრიბუციო კომპანია ამ უზარმაზარი ვალებისაგან გაწმინდეს, ვალები ახლადშექმნილ კომპანია "ენერგია-21"-ს გადააწერეს და "ენერგოპროს" მიყიდეს. ჩვენ "გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის" შესახებ კითხვით მივმართეთ ენერგეტიკის მინისტრს. "რეზონანსი": თქვენი აზრით, ნორმალურია, რომ სადისტრიბუციო ენერგოკომპანია გაკოტრების პროცესში გაიყიდა. ალექსანდრე ხეთაგური: საიდან მოიტანეთ, რომ გაკოტრების რეჟიმში იყო. სად ნახეთ ეს. "რ": არ გადაუვადა ორჯერ სასამართლომ გაკოტრების საქმის გახსნა. ა.ხ: თუ სწორად ვსაუბრობთ, გაკოტრებაში არ ყოფილა. იყო გაკოტრების საქმის გადავადების პროცესში. სასამართლომ გაკოტრებაში არ გადაიყვანა, მისცა გარკვეული ვადა კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად. ეს სულ სხვადასხვა რაღაცაა. გაკოტრების მმართველს უნდა გაეყიდა, მაგრამ გაყიდა კომპანიამ თავისი აქტივები. "რ": და სად წავიდა ვალები, რომლებიც გააჩნდა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას. ა.ხ: იფარება ეს ვალები თანმიმდევრობით. "რ": ვინ ფარავს. ა.ხ: მისი სამართალმემკვიდრე "ენერგია-21". არსებობს ვალების დაფარვის თანამიმდევრობა და დღესაც, მაგალითად, "ენერგია-21" ფარავს სახელფასო დავალიანებებს. ვერაფერს იტყვით, საინტერესო ენერგეტიკული კომბინაციაა - აქტივები - "ენერგოპროს", ვალები - "ენერგია-21"-ს, რომელიც, ნაწილობრივ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. მომდევნო სტატიაში 6 ჰესის - 362 დადგმული სიმძლავრისა და ორი კომპანიის იაფი "სარფიანი" გაყიდვის შესახებ გაიმბობთ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |