"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოში უხარისხო გაზი შემოდის?!

ქეთი ბერიკაშვილი

ქვეყანაში უხარისხო გაზი შემოედინება, რომელიც დადგენილზე ნაკლებ სითბოს გამოყოფს. შესაბამისად, მოსახლეობას უფრო მეტი აირის ხარჯვა უწევს, რაც საბოლოო ჯამში, გაზრდილ ტარიფში აისახება, - ასეთი სახის განცხადებებს ექსპერტთა ნაწილი აკეთებს. უხარისხოს ექსპერტები თანმყოლ გაზს უწოდებენ, რომელიც, მათი თქმით, კანონით განსაზღვრულ ნორმაზე დაბალკალორიულია. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში კი ამტკიცებენ, რომ საქართველოში შემოსული გაზი თავისი თბოუნარიონობით დადგენილ ნორმებს არათუ ჩამოსცდება, არამედ აღემატება კიდეც.

აირის უხარისხობაზე მოსახლეობაც საუბრობს. თბილისელებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შარშანდელთან შედარებით, ამ წლის პირველ თვეში გაცილებით მეტი აირი დახარჯეს და, შესაბამისად, გადასახადიც უფრო მეტი მიიღეს.

ექსპერტთა განმარტებით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, რომელიც დღეისათვის ჩვენი ქვეყნის საგაზო დასაყრდენს წარმოადგენს, ისედაც დაბალკაროლიურია, ხოლო თანმდევი - გაცილებით უხარისხო. თუმცა ამ განცხადებებს მხოლოდ ეჭვის დონეზე და სიტყვიერად აკეთებენ, რადგანაც, მათი თქმით, ქვეყანაში შემოსული აირის უხარისხობა-ხარისხიანობაზე შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალური მიმართვის შემთხვევაშიც კი პასუხს ვერ იღებენ.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის (განმარტებები) "ფ" ქვეპუნქტში ბუნებრივი გაზის განმარტება ასეთია: "ბუნებრივი გაზი" ან "გაზი" - ნახშირწყალბადები რომელიც 12 მპა წნევასა და 20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8 მჯ-მ კუბი (7600 კკალ-მ კუბი).

ენერგოომბუდსმენი მალხაზ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ თუ ერთი კბ-მ აირი 7600 კილოკალორიაზე ნაკლებს შეიცავს, მაშინ იგი ბუნებრივ აირად აღარ განიხილება. შესაბამისად, ასეთი დაბალი თბოუნარიანობის გაზი არც მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს.

"დღესდღეობით გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. არ მაქვს რეალური მონაცემები, შეესაბამება თუ არა მინიმალურ სტანდარტს მოწოდებული აირი. ექსპერტები ხშირად საუბრობენ აზერბაიჯანული გაზის დაბალკალორიულობაზე და იმაზე, რომ ის გაზი, რომელიც ჩვენ მოგვეწოდება, არის თანმდევი გაზი. თანმდევი აირი გამოყოფს ნაკლებ სითბოს. კანონით განსაზღვრულია, რომ ერთ კბ-მ გაზი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 7600 კილოკალორიას. ამაზე ნაკლები შემცველობა აღარ განიხილება როგორც ბუნებრივი აირი", - აცხადებს ძიძიკაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

ქვეყანაში შემოსული გაზის გარკვეული რაოდენობა რომ, შესაძლოა, თანმდევი აირი იყოს, ეკონომიკური ექსპერტი ლიანა ჯერვალიძეც ამბობს. "თანმდევი გაზი კალორაჟით თავისთავად დაბალი იქნება. ის, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, უხარისხო გაზი შემოედინებოდეს, ამაზე საუბარი ადრეც იყო", - აღნიშნა ჯერვალიძემ.

აირის უხარისხობაში ეჭვი მოსახლეობასაც შეაქვს. ისინი შედარებას გასული წლის ზამთრის პერიოდთან აკეთებენ, როდესაც გათბობისათვის გაცილებით ნაკლებ აირს ხარჯავდნენ, ვიდრე წელს.

"მაქვს გამათბობელი "კარმა", რომელსაც აქვს შვიდსაფეხურიანი შკალა. შარშან გამათბობელს მესამე-მეოთხე პოზიციაზე ვაყენებდი და სახლს ჩვეულებრივად ათბობდა. ახლა იმავე ტემპერატურის მისაღებად, გამათბობელი მეექვსე-მეშვიდე პოზიციაზე უნდა დავაყენო, რადგანაც სამი-ოთხზე მომართული, სითბოს საერთოდ არ გამოყოფს", - აცხადებს თბილისელი შოთა სურმავა.

ასეთივე სახის "პრეტენზიები" თბილისელთა უმეტესობას აქვს. სურმანიძისგან განსხვავებით, ბევრ მათგანს გამათბობლის ტექნიკურ მდგომარეობაში ეჭვი არ შეაქვს და ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი შარშანდელთან შედარებით მეტ აირს მოიხმარენ, უხარისხო გაზია.

ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე ამბობს, რომ მთავარია, მოწმდება თუ არა ქვეყანაში შემოსული აირის კალორიულობა. "ამაზე პასუხი უნდა გასცეს, პირველ რიგში, ენერგეტიკის სამინისტრომ და ვინც ახორციელებს ქვეყანაში გაზის შემოტანას. ეჭვის გამოთქმა ყველას შეუძლია. ამ ეჭვის გამოთქმის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა შემოწმდეს არსებული ვითარება", - განაცხადა ებრალიძემ. ენერგეტიკის სამინისტრო ექსპერტთა მოსაზრებებს პასუხობს. ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, საქართველოში აზერნაიჯანიდან შემოსული გაზის კალორიულობა მთლიანად აკმაყოფილებს მოქმედ სტანდარტს.

"მისი ხვედრითი თბოუნარიანობა მუდმივად კონტროლდება. ხდება მომწოდებლისა და ჩვენი სამსახურების მიერ გაზომილი მონაცემების ურთიერთშეჯერება, რაც მისი უტყუარობის გარანტიაა. საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ მაღალი ხარისხის გაზს იღებს და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, აჯობებს ჯერ საკითხის არსში გაერკვეს, რათა საკუთარი განცხადებებით თვითონ არ დატოვოს მომხმარებელი მოტყუებული", - აცხადებს ხეთაგური.

ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს გაზის მიღების ოთხი ალტერნატიული წყარო გააჩნია - რუსეთი, აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის გაზკონდენსატის საბადო, აზერბაიჯანული სხვა ნავთობისა და გაზის საბადოები და ადგილობრივი ნინოწმინდის საბადო. ამათგან, რუსული გაზი სუფთა ბუნებრივი გაზია, აზერბაიჯანული გაზი კი ნაწილობრივ შეიძლება შეიცავდეს თანმყოლ გაზსაც.

2008 წლის იანვარში აზერბაიჯანში მოპოვებული გაზის 16% თანმყოლი გაზი იყო. კორპორაციაში არ გამორიცხავენ, რომ ამ გაზის ნაწილი შეიძლება საქართველოშიც მოხვდა. ადგილობრივი ნინოწმინდის საბადოზე მოპოვებული გაზი კი მთლიანად თანმყოლ გაზს წარმოადგენს. რუსული გაზის ხვედრითი თბოუნარიანობა შეადგენს 8000-8100კკალ-მ3; შაჰ-დენიზის გაზის - 8700-9000 კკალ-მ3, აზერბაიჯანულის - 8300-8500 კკალ-მ3, ხოლო ნინოწმინდის ასოცილებული გაზის - 9500 კკალ-მ3.

კორპორაციაში განმარტავენ, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ნორმატივი უშვებს უფრო დაბალი თბოუნარიანობის მქონე გაზის გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, ყველაზე დაბალი თბოუნარიანობის რუსული გაზისათვის დასაშვებია მინიმალური 7600 კკალ-მ.

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში, პროფესორ თემურ გოჩიტაშვილის თქმით, ის რომ საქართველოში შემოსული თანმყოლი გაზი დაბალი თბოუნარიანობისაა, სიმართლეს არც თეორიულად და არც პრაქტიკულად შეესაბამება.

"ბუნებრივი გაზი, რომელიც ძირითადად მეთანისაგან შედგება, საშუალოდ, ცვალებადობს 85-95%-ის ფარგლებში. იგი დაბალი თბოუნარიანობით ხასიათდება თანმყოლ (ასოცირებულ) გაზთან შედარებით, რომელიც მეთანთან ერთად მძიმე ნახშირწყალბადებსაც (პროპანი და ბუტანი) შეიცავს და მისი ხვედრითი თბოუნარიანობა, როგორც წესი, გაცილებით მაღალია, ვიდრე ბუნებრივი გაზისა. შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოდის თანმყოლი გაზი, რომელიც უფრო დაბალი თბოუნარიანობით ხასიათდება არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს. ეს არც თეორიულად და არც პრაქტიკული მონაცემებით დასტურდება. პირიქით, რაც მეტი ასოცირებული გაზი იქნება მოწოდებული, მით უფრო მაღალი ხვედრითი თბოუნარიანობის გაზს მიიღებს მომხმარებელი", - აცხადებს გოჩიტაშვილი.

მაშინ, როდესაც ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს, გაზის კალორიულობის გარკვევაზე საუბარი ზედმეტია. საქართველო კი ამ დროისათვის, ძირითადად, აზერბაიჯანულ გაზზეა დამოკიდებული. მართალია, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი პროგნოზირებს, რომ 2009 წლისათვის ისევ "გაზპრომს" მივადგებითო, მაგრამ მანამდე მთელი წელია. ეკონომიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ გაზის დაბალკაროლიულობის შემთხვევაში, შესაძლებელია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფასად უნდა მოხდეს მისი შესყიდვა. "არსებობს ლაბორატორია, არსებობს სხვა ტექნიკური საშუალებები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია დადგინდეს ქვეყანაში შემოსული გაზი არის თუ არა დაბალკალორიული. ვფიქრობ, აზერბაიჯანულ გაზს, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეისათვის ალტერნატივა არ აქვს. აქედან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხარისხს რა ფასი შეესაბამება", - აცხადებს ხუხაშვილი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com