|
|
"რეზონანსი "
ხვალ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღანელი დევიდ ოუენი ეწვევა მაკა ხარაზიშვილი
დელეგაციის დანარჩენი წევრები უკვე თბილისში იმყოფებიან. ფონდი ქვეყანაში მიმდინარე მიკროეკონომიკურ მდგომარეობას დააკვირდება. შარშან, წლის ბოლოს, ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ეკონომიკა ერთობ სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ეკონომიკურ წრეებში ფონდის მიმართ ნდობა ნაკლებია და მის დასკვნა-რეკომენდაციებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. ამჯერად სავალუტო ფონდის დელეგაცია დადგენილ სტანდარტებთან მიმართებაში მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისობას შეისწავლის. ლაპარაკია ინფლაციის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის, საგადასახადო განაკვეთების, ეკონომიკური ზრდის და ა.შ. მაჩვენებლებზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფონდის წარმომადგენლები ეროვნული ბანკში მიმდინარე ცვლილებებზეც გააკეთებენ კომენტარებს. ვიზიტის დასასრულს მისია პირველ ანგარიშსაც წარმოადგენს, რომელშიც სსფ-ს პროგრამის დასრულების შემდგომ პერიოდში ასახული იქნება საქართველოს ეკონომიკის ვითარების შეფასება. საერთოდ, არსებული მდგომარეობის შესასწავლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქვეყანაში წელიწადში ორჯერ ჩადის. მას შემდეგ კი, რაც საქართველოში ამავე ფონდის სიღარიბის პროგრამის განხორციელება დასრულდა, მისი დელეგაცია ქვეყანას პირველად სტუმრობს. სსფ-ს მისიამ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, რომ 2008 წელს ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირება მიზნად დაისახოს. მისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ნომინალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესში საბაზრო პროცესების როლის გაზრდა; მომავალ წელს ფისკალური პოლიტიკის გამკაცრება და მონეტარული პოლიტიკის გააქტიურება. შარშან, ნოემბერში სსფ-ს წარმომადგენელმა, რობერტ კრისტიანსენმა განაცხადა, რომ 2007 წელს საქართველოს ეკონომიკა 12-13 პროცენტით გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში კი, ზრდის ტემპი 12.5 პროცენტი იყო, რაც რუსეთის ემბარგოს, ენერგომატარებლებსა და საკვებზე გაზრდილი ფასის პირობებში, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. "ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უცხოური წყაროებიდან შემოსული თანხები, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებს. შესაძლოა, კაპიტალის შემოდინებამ 2007 წელს 2 მლრდ აშშ დოლარს გდააჭარბოს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მაშინ ქრისტიანსენმა. ფონდის დასკვნამ საზოგადოების ერთი ნაწილი გააღიზიანა. ვინაიდან, ეკონომიკის წინსვლა, სიღარიბისა და უმუშევართა რაოდენობის შემცირებაზე უნდა ასახულიყო. ამ მიმართულებით, კი როგორც ექსპერტები განმარტავენ წინსვლა არ არის. გარდა ამისა, საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა. ბაზრობებსა და მაღაზიებში ქართულ პროდუქციას ნაკლებად შეხვდებით. ექსპერტების აზრით, ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ იმპორტის განვითარებას არ ნიშნავს. სიღარიბის დაძლევის პროგრამა ფონდმა შარშან დაასრულა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველომ დაახლოებით 140 მილიონი დოლარის ტრანში მიიღო. პროგრამის გაგრძელების სურვილი მთავრობაში აღარ აქვთ, შესაბამისად, ამ მიზნით ფონდისთვის განცხადებით არავის მიუმართავს. ტრანშების მისაღებად, ფონდი გარკვეულ რეკომენდაციებს იძლეოდა, რომლის შესრულებაც მორიგი ტრანშის მისაღებად აუცილებელი იყო. რამდენად ეფექტურად იმუშავა ფონდის პროგრამებმა ეს მეორე საკითხია. ვინაიდან, საქართველოში არც სიღარიბე დაძლეულა და ეკონომისტების განცხადებით, არც ისეთი ეკონომიკური წინსვლაა, როგორც ამას მისიის წარმომადგენლები ამტკიცებენ. ეკონომიკურ წრეებში არის ასეთი შეხედულებაც, რომ სავალუტო ფონდი ნგრევის სისტემურ კრიზისში იმყოფება, რომ მისი პროგრამები ვეღარ მუშაობს, ხოლო თავად ფონდს დაფინანსების საშუალება აღარ აქვს, რომ იგი განწირულია დასაღუპავად და თანაც ახლო მომავალში. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების გათვლებით ფონდის დაღუპვა ან ორგანიზებული წესით მოხდება (როცა მთავრობები მიიღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სისტემა), ან ჯაჭვური რეაქციის გზით გამოწვეული შიგნით მიმართული თერმობირთვული აფეთქების მსგავსად. საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდში 1992 წელს გაწევრიანდა, მაშინ, როცა მათი წევრ სახელმწიფოთა რიცხვი 170 იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში პირველად 1991 წლის ნოემბერში ჩამოვიდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |