|
|
"რეზონანსი "
2008 წლის "საიუბილეო თარიღები" ლელა ოჩიაური
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და გამოსცა 2008 წლის "საიუბილეო თარიღები", რომელშიც, როგორც ყოველთვის, უკვე რამდენიმე წელია, შედის ცნობილ ხელოვანთა ბიოგრაფიული ცნობები და შემოქმედების მოკლე დახასიათებები. ის 290 წერილს შეიცავს, ანუ ამდენივე საიუბილეო თარიღისა თუ იუბილარის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. გამოცემის რედაქტორია მუზეუმის დირექტორი ალექსანდრე შალუტაშვილი. წერილების მომზადებას უხელმძღვანელა და გამოსაცემად მოამზადა დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, გუბაზ მეგრელიძემ. "რეზონანსი" გუბაზ მეგრელიძეს გამოცემის ისტორიის, 2008 წლის იუბილარების, "საიუბილეო თარიღების" მნიშვნელობისა და მასთან დაკავშირებული პრობლმების შესახებ ესაუბრა. "რეზონანსი": რამდენი წლის ისტორია აქვს ხელოვანთა "საიუბილეო თარიღებს". გუბაზ მეგრელიძე: პირველი ასეთი სამეცნიერო-კვლევითი ცნობარი მუზეუმმა ჯერ კიდევ 1966 წელს გამოსცა. რედაქტორი იყო გუგული ბუხნიკაშვილი. შემდეგ ეს ტრადიცია 1986 წელს აღდგა. 1992 წლის ჩათვლით, "საიუბილეო თარიღებს" საქართველოს თეატრალური საზოგადოება ბეჭდავდა, ხოლო 1993 წლიდან მუზეუმი გამოსცემს. შემდეგ, 1997-2001 წლებში, ამ მნიშვნელოვანი გამოცემის მომზადება უსახსრობის გამო შეწყდა და მხოლოდ 2002 წლიდან განახლდა. "რ.": ვინ მონაწილეობს გამოცემის მასალების მოძიებასა და ტექსტების შედგენაში. გ.მ.: "საიუბილეო თარიღები" შეადგინეს მუზეუმის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის განყოფილებების გამგეებმა: ლამარა მაისურაძემ, მზია მერკვილაძემ, ქეთევან კელაპტრიშვილმა და თენგიზ უთმელიძემ. სტატიები მოვამზადეთ: მე, ლამარა მაისურაძემ, მზია მერკვილაძემ და თენგიზ უთმელიძემ, მეცნიერ-თანამშრომლებმა: მარიკა ბაღაშვილმა, ეკა ბუხნიკაშვილმა, სოფო კობახიძემ, ვ.მაისუაძემ, ნანა ნინუამ, ნინო ჭანკვეტაძემ, ელისო ბილანიშვილმა. მასალების მომზადებაში მონაწილეობდნენ - ხელნაწერთა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები: თამარ მაისურაძე, ლალი ხოსტიაშვილი; ფოტო-ნეგატივების განყოფილების მეცნიერ-მუშაკები: მარინა გოძიაშვილი, რუსუდან სიხარულიძე, მერი გერლიანი, ლალი საგინაშვილი. სტილსა და კორექტურაზე იმუშავა აუდიო-ფონო განყოფილების გამგემ ნანა ცომაიმ. "რ.": რამდენი წერილია შესული ცნობარში და რა პრინციპითაა ის აგებული. გ.მ.: საგამომცემლო ჯგუფმა მართლა შრომატევადი სამუშაო ჩაატარა და 290 წერილი მომზადდა. სტატიების გარკვეული ნაწილი, რომლებიც წინა წლებში, ამა თუ იმ პიროვნების სხვა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, დაიბეჭდა, ამჯერადაც იგივე ან შევსებული სახით გამოვიდა. ბევრი ახალი ნარკვევიც მომზადდა. ამიტომაც, წლევანდელი გამოცემა ყველაზე სქელტანიანი - 193 - გვერდიანი აღმოჩნდა. "საიუბილეო თარიღები" მნიშვნელოვანია იმით, რომ მუზეუმში დაცული მასალებით ზუსტადაა მითითებული ხელოვანთა ბიოგრაფიები, შემოქმედებითი ხასიათის ცნობები, რაც სხვა წყაროებში მოკლედ ან ხარვეზებითაა მოცემული. ამდენად, ეს გამოცემა სპეციალისტების გარდა დააინტერესებს ჟურნალისტებსა და ხელოვნებით გატაცებულ მკითხველს, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ბევრს დასწყვეტს გულს მისი მცირე ტირაჟი. "რ.": რა საიუბილეო თარიღებია 2008 წელს. ვის და რამდენი წელი უსრულდება. გ.მ.: მნიშვნელოვან მოვლენათა შორის აღსანიშნავია: მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრების 80 წლის იუბილე, ოზურგეთის თეატრის ისტორიის 140 წელი. საიუბილეო თარიღები უსრულდებათ გამოჩენილ მწერლებსა და დრამატურგებს: ალექსანდრე ყაზბეგს - 160 წელი, ნატალია აზიანს - 130, სანდრო შანშიაშვილს - 120, ვალერიან კანდელაკს - 90, ნოდარ დუმბაძეს - 80, აკაკი ბაქრაძეს - 80; მარიკა ბარათაშვილს - 100, ნატალია ბურმისტროვას - 90, რეზო ჭეიშვილს - 75, ოთარ ჭილაძეს - 75, გურამ ბათიაშვილს - 70, თამაზ მეტრეველს - 60 და სხვა, რომელთა შემოქმედებამ დიდი კვალი დაამჩნია ქართულ თეატრს და კარგადაა ცნობილი საზოგადოებისთვის. მათთან ერთად მკითხველი გაეცნობა ასევე იუბილარ თეატრის რეჟისორებს, რომლებსაც უსრულდებათ: ვლადიმერ კანდელაკს - 100, სერგო ჭელიძეს - 100, ანზორ ქუთათელაძეს - 75; თამაზ მესხს - 75, რობერტ სტურუას - 70; კინორეჟისორთა პლეადას: არკადი ხინთიბიძეს - 110, გურამ პატარაიას - 80; ლანა ღოღობერიძეს - 80, გუგული მგელაძეს - 80, კარლო ღლონტს - 80, ელდარ შენგელაიას - 80, ალექსანდრე რეხვიაშვილს - 75; კინოდრამატურგ ერლომ ახვლედიანს - 75, მათ, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებაში. საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსნებს თეატრისა და კინოს გამოჩენილ ოსტატებს: მსახიობსა და თეატრალურ მოღვაწეს იუზა ზარდალიშვილს - 125, კოლორიტულ სანდრო ჟორჟოლიანს - 120, ლეგენდარულ უშანგი ჩხეიძეს - 110, ქართველი ქალის მომხიბვლელ სახეთა შემქმნელს თამარ ციციშვილს - 100, მოზარდმაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელს გოგუცა კუპრაშვილს - 100, გორის თეატრის წამყვან მსახიობს - შალვა ხერხეულიძეს, ჭიათურის თეატრის მნიშვნელოვან სახეს მიხეილ ვაშაძეს - 100, მხატვრული სიტბვის ოსტატს თათია ხაინდრავას - 80, გრიბოედოვის თეატრის მშვენებას ნატალია ბურმისტროვას - 90, სოხუმის ქართული თეატრის ამაგდარს თინა ბოლქვაძეს - 90, კავკასიელ ლოურენს ოლივიედ წოდებულ რამაზ ჩხიკვაძეს - 80; რუსთაველის თეატრის საამაყო შემოქმედთ: ნინო ლაფაჩს - 100, კარლო საკანდელიძეს - 80, ჯემალ ღაღანიძეს - 75, ბორის წიფურიას - 75, იზა გიგოშვილს - 70, უნიჭიერეს გია ფერაძეს - 60; სიცილის დიდოსტატს თენგიზ ჩანტლაძეს - 75; მარჯანიშვილის თეატრის ცნობილ სახეებს - გურანდა გაბუნიას - 70, დავით დვალიშვილს - 60, გივი ჩუგუაშვილს - 60; ქართული ნოველის თეატრის დამაარსებელს პავლე ნოზაძეს - 60 და სხვა. მუსიკის მოყვარულთათვის საინტერესო იქნება გამოჩენილ შემოქმედთა გაცნობა. მათ შორისაა - დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი - 140, ოდისეი დიმიტრიადი - 100, ლილე კილაძე - 80; კომპოზიტორები: ვანო მურადელი - 100, ოთარ გორდელი - 80, ბიძინა კვერნაძე - 80, ნოდარ გაბუნია - 75, ნუნუ დუღაშვილი - 70; მომღერლები: ზინაიდა იშხნელი - 110, პეტრე თომაძე - 90, ზურაბ ანჯაფარიძე - 80, თენგიზ ზაალიშვილი - 80, ჰამლეტ გონაშვილი - 80, ედუარდ სეფაშვილი - 80, ბუბა კიკაბიძე - 70, ალეკო ხომერიკი - 60; მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე - 80 და სხვები. მკითხველი გაეცნობა ქართული ქორეოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლების: თენგიზ სუხიშვილის - 70, თენგიზ უთმელიძის - 70, რევაზ ჭოხონელიძის - 70 და სხვათა შემოქმედებას. სპეციალისტების გარდა ბევრმა არ იცის, რომ პირველი თეატრალური კრიტიკოსი მიხეილ თუმანიშვილი იყო, რომელსაც 190 წლის იუბილე აქვს. ამ ტრადიციას აგრძელებენ შემდგომი თაობის თეატრმცოდნეები: სერგო ამაღლობელი - 110, ნადია შალუტაშვილი - 90, ნანა ღვინეფაძე - 80, ვახტანგ ქართველიშვილი - 75. ცნობარში მოხსენიებულია მუზეუმის ამაგდარი მუშაკის ესტატე ბერიაშვილის ღვაწლი, რომელმაც სანდრო ახმეტელის არქივი გადაარჩინა. საუკუნე გავიდა კოლორიტული მთხრობელისა და საზოგადო მოღვაწის ირაკლი ანდრონიკოვის დაბადებიდან. თანამედროვე სცენოგრაფია წარმოუდგენელია ზურაბ ნიჟარაძის - 80, გიორგი გუნიას - 70 და თემურ ნინუას - 60 ორიგინალური შემოქმედების გარეშე, რომელთა ნამუშევრებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სპექტაკლების წარმატებით განხორციელებაში. 80 წლის კახი ხუციშვილის მხატვრობით კი, განუმეორებელ ელფერს თანამედროვე ფილმები იძენენ. 50 წელი შეუსრულდათ პოპულარულ მოღვაწეებს, რომელთა შემოქმედებამ საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოიპოვა: დრამატურგ შადიმან შამანაძეს, კომპოზიტორ დავით ევგენიძეს, თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობებს: ნინო ბურდულს, რამაზ იოსელიანს, მარიკა სამანიშვილს, ლევან უჩანეიშვილს, სოსო ჯაჭვლიანს, მერაბ ყოლბაიას; ტელერეჟისორ ნოდარ ბეგიაშვილს, თოჯინების ქართული თეატრის რეჟისორს მაია ლორთქიფანიძეს; კინორეჟისორებს: დავით ჯანელიძესა და ლევან კიტიას. ამ თაობამ უკვე თქვა თავისი სიტყვა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთი ნიჭიერი მოვლენის მოწმენი გავხდებით. "რ.": ფიქრობთ, რომ "საიუბილეო თარიღები" უნდა გამოდიოდეს. გ.მ.: აქვე ვიტყვი, რომ მუშაობის 17 წლის განმავლობაში შექმნილი მდიდარი მასალა საფუძვლად დაედო მუზეუმების ხელმძღვანელობის ჩანაფიქრს - გამოსაცემად მომზადებულიყო "ხელოვნების მატიანე". სამწუხაროდ, სათანადო სახსრები მუზეუმს არ გააჩნია და ვერც სპონსორთა დაინტერესება მოხერხდა. დასაფიქრებელია ის გარემოება, რომ დღეისთვის აღარ გამოდის ცნობილ მოღვაწეთა მონოგრაფიები, სარეკლამო ბუკლეტები; გაზეთებში იშვიათად იბეჭდება პროფესიული წერილები. თითო-ოროლა გამოდის მცირე ტირაჟის პროფესიულ-დარგობრივი ჟურნალებიც. ასეთ ვითარებაში "საიუბილეო თარიღების" გამოცემას მეტი ხელშეწყობა სჭირდება. სოლიდური ტირაჟის შემთხვევაში, მისი რეალიზება შესაძლებელი იქნება თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კულტურული ღონისძიებების ჩატარების დროს თუ საგაზეთო ჯიხურებში, რაც შესანიშნავი საჩუქარი იქნება ქართული ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |