"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

კოკოითს ქართულ-რუსული საბაჟოები "ინფორმაციული პროვოკაცია" ჰგონია

(ინტერპრესნიუსი) სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ფსოუსა და როკის გვირაბთან ქართულ-რუსული საბაჟო პუნქტების გახსნის თაობაზე თბილისი-მოსკოვის შეთანხმების შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციულ პროვოკაციას" უწოდებს. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტი იუწყება.

"ჩვენს ტერიტორიაზე ქართული საბაჟო პუნქტების გახსნა სრული უაზრობაა. სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა და მსგავსი სცენარი შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ოსი ხალხი არჩეული პოლიტიკური კურსის ერთგული რჩება და საკუთარი სახელმწიფო საზღვრის გაკონტროლების უფლებას იმ სახელმწიფოს, რომელთანაც მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს, არ მისცემს", - განაცხადა კოკოითმა.

მისი თქმით, ვიდრე სამხრეთ ოსეთის მიწაზე ერთი ოსი მაინც ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ როგორც ტურისტებს, ისე შეეძლებათ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com