"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

მშობელთა შემოწირულობა საბავშვო ბაღებში ისევ არსებობს: მერიაში ამას კატეგორიულად უარყოფენ

მარი ოთარაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მერიამ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უფასო სწავლება გამოაცხადა, მშობლებს ყოველთვიურად შემოწირულობის სახით გარკვეული თანხის გადახდა მაინც უწევთ. ამას საბავშვო ბაღების დირექტორები არასაკმარისი დაფინანსებით ხსნიან. მერიაში კი ამბობენ, რომ ბაღების დაფინანსება გაიზარდა და არანაირ სხვა წყაროს აღარ საჭიროებს. სწორედ ამიტომ ბაღის გამგეები ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ.

შემოწირულობა 10 ლარიდან იწყება და თბილისის ზოგიერთ უბანში 30 ლარსაც კი აღწევს.

თამარ ელბაქიძე (აქ რესპონდენტის გვარი მისი სურვილისამებრ შეცვლილია), საბავშვო ბაღის გამგე: "მოგეხსენებათ, რამდენიმე ბაღი გარემონტდა. ახალგარემონტებულ ბაღებში მილები გამსკდარია, ონკანები გაფუჭდა. რაც გაკეთდა, იქიდან ბევრი რამისევ ხელახლაა გასაკეთებელი. ხელახლა კი მერია არ გაგვიკეთებს, ამიტომ იძულებულიები ვართ, გაფუჭებული შემოწირული თანხით გავაკეთოთ.

"ადრე კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს სკოლამდელ აღზრდას. ამჟამინდელი კონსტიტუციის 35-ე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლამდელ ასაკს კანონით დადგენილი წესით. განათლების კანონში კი წერია: სახელმწიფო ეხმარება სკოლამდელ დაწესებულებებს. ანუ სრულყოფილად კი არ უზრუნველყოფს, არამედ ეხმარება. მესამე დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ქაცარავას მიერ გაცემული წესდებაა, სადაც წერია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაფინანსების წყაროებია დონორი, ოჯახი, გრანტი და სუბსიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო საბავშვო ბაღებს ფინანსურად სრულად ვერ უზრუნველყოფს, ბაღებს აძლევს საშუალებას დაფინანსდნენ გრანტით, სუბსიდიით ან მშობელთა შემოწირულობით.

"ბიუჯეტში ირიცხება ჩვენი ხელფასების, კომუნალური გადასახადებების, მაგარი და რბილი ინვენტარის, ასევე კვების ფული. რაც შეეხება კაპიტალურ რემონტებს, ეს ჩვენ ქაცარავასგან არ გვინახავს. ამისთვის საშტატო განრიგი უნდა წარვადგინოთ მერიაში, ყოველ თვეს მიმაქვს, მაგრამ პასუხი ან რეაქცია ამაზე არ არის. სწორედ ამიტომ რემონტს მშობლებისგან შემოწირული თანხებით (10-15 ლარი) ვაკეთებთ. სექტემბრიდან მოყოლებული 3 სააღმზრდელო ჯგუფი გავხსენი მხოლოდ მშობელთა შემოწირულობით. მერიადან არავინ არაფერში არ დამხმარებია. პარკეტი ამომეყარა 30 კვადრატზე და მშობლების შემოწირულობით გავაკეთე. საკანცელარიო საქონელისთვის გამოგვიყეს 200 ლარი. კომპიუტერები მოგვცეს და თეთრ ქაღალდებს გვაძლევენ მხოლოდ კომპიუტერისთვის, სახატავ ფურცლებს, სახაზავს, პლასტილინს - არა. რაც არ მაქვს, იმით ვყიდულობ ყველაფერს."

ის, რომ მერიამ საბავშვო ბაღებში უფასო სწავლება გამოაცხადა, ბაღის დირექტორები კი მაინც ითხოვენ შემოწირულობას, მშობლებს დიდ გაუგებრობაში აგდებს. სწორედ ამ ნიადაგზე წარმოიშვა თბილისის ერთ-ერთი ბაღის დირექტორის მიმართ მშობელთა უკმაყოფილობა. 47-ე საბავშვო ბაღის დირექტორის, ლალი ჭოლაძის მიმართ მშობლებს პრეტენზიები დაუგროვდათ.

ნელი ირემაძე (აქ რესპონდენტის სურვილისამებრ მათი გვარ-სახელი შეცვლილია), მშობელი: "2 დღეა, რაც ბაღის გამგე ხელშეკრულების გაფორმებას გვაიძულებს. ხელშეკრულების მიხედვით, ყოველთვიურად თითო ბავშვზე 50 ლარი უნდა გადავიხადოთ. მე 2 ბავშვი დამყავს. წარმოიდგინეთ, თვეში 100 ლარის გადახდა მომიწევს. ამის საშუალება კი ნამდვილად არ მაქვს. როგორც გავიგეთ, საბავშვო ბაღები უფასოა. თანხას იმ შემთხვევაში გადავიხდით, თუ სტანდარტზევით სწავლება გვინდა. ამაში კი შედის ცეკვა, უცხო ენის შესწავლა და ა.შ. თუკი არ მოვითხოვ (ეს ხომ, მერიის თქმით, ნებაყოფლობითია!) ამ სტანდარტზევით სწავლებას, რატომ უნდა გადავიხადო ამდენი, ვერ ვხვდები."

თეა იასაღაშვილი, მშობელი: "ესეც რომ არ იყოს, ბაღის გამგე უკვე ყველაფერს კადრულობს: ამას წინათ გაგვაკეთებინა რაღაც სუვენირები, ჩვენვე გვაყიდინა იმისთვის, რომ ზეიმისთვის მიკროფონი ვიყიდოთო. ავაგროვეთ 250-მდე ლარი, და როგორც თქვენ გინახავთ ის მიკროფონი, ისე ჩვენ. ზეიმები ისევ უმიკროფონოდ ჩატარდა. ბავშვს ისე ჩარჩა ეს გულში, რომ ყოველდღე მეკითხებოდა ხოლმე: აბა, სად არის მიკროფონიო. რომ ვთქვათ, აგროვებულ ფულს საბავშვო ბაღს ახმარსო, ამასაც ვერ ვიტყვით: ბაღში არაფერია გაკეთებული, საპირფარეშოზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია."

აღნიშნულის გასარკვევად "რეზონანსი" 47-ე საბავშვო ბაღის დირექტორს დაუკავშირდა.

ლალი ჭოლაძე: "გადასახადები არის მხოლოდ სტანდარტზევით სწავლებაზე. სწორედ ამიტომ დავიბარე თანამშრომლები და მოვილაპარაკეთ იმაზე, როგორ დავიწყოთ სტანტარტზევით სწავლება. თანამშრომლებს ვუთხარი, მშობელებისთვის გაეცნოთ ამის შესახებ ყველაფერი. მშობლები თვითონ მოვიდნენ და ვისაც რა საგანი (ინგლისური, რუსული, ქართული ცეკვები, აერობიკა, თუ თეატრალური დრამწრე) სურდა, ის აირჩია. დამიდეს ხელშეკრულებები. თუკი არ უნდათ სტანდარტზევით სწავლება, არავითარი ძალდატანება, ეს მათი ნებაა. აქედან გამომდინარე, ყველამ, ვინც დამიდო ხელშეკრულება, თავისი სურვილისამებრ გააკეთა. არავის არფერს არ ვაძალებ. კანონით ასეა და მეც კანონს ყოველთვის ვემორჩილები. შესაბამისად ასეთ დარღვევას არ გავაკეთებ.

"მიკროფონთან დაკავშირებით ამას გეტყვით: ჩვენთან ბაღში საჭმელი კეთდება გაზზე. მშობლების შემონატანი რომ არა, გაზის გადასახდს როგორ დავფარავდი, არ ვიცი. გაზის საფასურის გადახდის საშუალება კი არ მქონდა. იცით, ჩემი მუშაობის მანძილზე ჯერ ხელფასიც არ ამიღია, ყველაფერს ბაღს ვახმარ. ბაღში მოვიფიქრეთ, რომ ჩავატაროთ ჩვენ მიერ გაკეთებული სუვენირებით პატარა აუქციონი და შემოსული ფულით დავფაროთ გაზის გადასახადი. სხვა საშუალება არ მქონდა. კი, ბატონო, მოვიდნენ მშობლები. ძალდატანება არც აქ ყოფილა. ერთ პატარა სურათში 20 ლარიც კი დადეს. 250 არა, მაგრამ 180 ლარი აგროვდა.

"არ გვქონდა ბაღში ასევე მუსიკალური ცენტრი და მიკროფონი. ისე მოხდა, რომ ცენტრიც (300 ლარად) შევიძინეთ და მიკროფონიც (50 ლარად). ის მიკროფონიც და ცენტრიც დღემდე მიდევს სახლში. მობრძანდით და ნახეთ. ამისთვის თანხა საიდანღაც მოვიძიე და ღონისძიებისთვის ვიყიდეთ. საახალწლო ზეიმზე ყველამ ნახა ცენტრიც და მიკროფონიც, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩავრთეთ. ჩართვა არ ვიცოდით. შემდეგ ერთხელ მუშამ სრულიად შემთხვევით ჩართო. ვყიდულობ დისკებს, კასეტებს, მაქვს ტელევიზორები... ყველაფერი, რაც მაქვს, ბაღისთვის მინდა. სახლში მეუბნებიან: ყველაფერი ბაღისთვის გაზიდეო. ჩემი საქმე, ბავშვები ძალიან მიყვარს."

საბავშვო ბაღებისთვის მერიის მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი რომ არ არის, ამის შესახებ ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის დირექტორი (უმეტესწილად - ინკოგნიტოდ) საუბრობს. სწორედ ამისთვის მშობელთა შემოწირულობებს აგროვებენ. როგორც ამბობენ, ყველაფერს (რბილ თუ მაგარ ინვენტარს) ამით ყიდულობენ და აკეთებენ. ამას მერიაში უარყოფენ. როგორც უგულავას უწყებაში აცხადებენ, საბავშვო ბაღებში თანადაფინანსება (განსაზღვრული თანხის დაწესება-გადახდა) დაუშვებელია.

მაკო ჭოღოშვილი, თბილისის მერიის სოცილაური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი: "მშობელთა შემოწირულობები დღეს არც ერთ საბავშვო ბაღში არ არსებობს. ეს აკრძალულია. თუკი სადმე გავიგებთ, ვატარებთ მონიტორინგს და ვცდილობთ დაზუსტებას. საკმაოდ შეკრული წრეა, რადგან არავის უნდა იმის დაფიქსირება, რომ ეს არსებობს. შემოწირულობა შეიძლება იყოს გარკვეული ფორმით: ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი, აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე თანხა არ უნდა იყოს, ვისაც რამდენი უნდა და რამდენის საშუალებაც აქვს, იმდენს შესწირავს ბაღს. როცა ფიქსირებულია გადასახადი, ამას უკვე "შემოწირულობა" აღარ ჰქვია.

"ბაღების დაფინანსება ისე გაიზარდა, რომ არც ერთი ბაღი არავითარ სხვა დაფინანსებას აღარ საჭიროებს. ვერც ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი ვერ იტყვის, რომ მერია არ უზრუნველყოფს კარგად საბავშვო ბაღებს. რაც შეეხება სტანდარტზევით სწავლებას, ეს ნებაყოფლობითია. მისი გადასახადი ჩვენგან არ განისაზღრება. ამას ადგენს ბაღის გამგე. ის შესთავაზებს მშობელს, თუ მშობელს სურვილი აქვს, წერს განცხადებას, შედგება ხელშეკრულება და შემდეგ შედგება ჯგუფი. რამდენადაც ეს ნებაყოფლობითია, სტანდარტზევით სწავლება ზოგ ბაღში არის, ზოგში - არა."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com