|
|
"რეზონანსი "
მაჟორიტარებმა მრავალწლიანი მდუმარება დაარღვიეს: "მათ განცხადებას აშკარად დაჰკრავს სახელისუფლებო დაკვეთის სუნი" რუსიკო მაჩაიძე
ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ძლივს გაგრძელებული დიალოგის ჩაშლის მიზეზი, შესაძლოა, მაჟორიტარული სისტემის შეცვლა გახდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე შეთანხმებული ვარიანტის დამტკიცება ხელისუფლებამ ბოლო წუთებში გადაიფიქრა. თავის მხრივ, მაჟორიტარებმა ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი პოზიცია პირველად დააფიქსირეს და ძველი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ითხოვენ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამ სისტემის შენარჩუნება ხელისუფლების ინტერესშია და მათთვის ეს პრინციპი კატეგორიულად მიუღებელია. საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი ნაწილის კენჭისყრა მომავალი კვირისთვის გადაიდო. ამ პაკეტის თანახმად, საარჩევნო ბარიერი 5%-მდე მცირდება, პარლამენტის უფლებამოსილების ვადა კი 5 წლამდე იზრდება. რაც მთავარია, აქ შედის მაჟორიტარული სისტემის შეცვლა რეგიონალური პროპორციული არჩევნებით. შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარული სისტემის ნაცვლად უნდა იყოს რეგიონალური პროპორციული სიები და რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდეს. თავდაპირველად ხელისუფლება ამ პრინციპს ეწინააღმდეგებოდა და მიაჩნდა, რომ ყველა მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა წაეღო. თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ შემოდგომით მოხდა და ხელისუფლება მანდატების განაწილებას დათანხმდა. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რაიმე პრობლემა არსებობდა, ამის შესახებ ერთი კვირის წინ ხელისუფლების მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ოპოზიციას მოუწოდებდნენ კიდეც, საკითხი შეთანხმებულია და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეთო. სწორედ ამის გამო ოპოზიცია უკვე ეჭვობს, რომ ხელისუფლებას ამ შეთანხმების შესრულება აღარ უნდა. "ახლების" წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, "ხელისუფლების მიზანია, რეგიონებიდან პარლამენტში რაც შეიძლება მეტი დეპუტატი შეიყვანოს და "საარჩევნო კოდექსი" ამ ნაწილშიც საკუთარ თავზე მოირგოს," - აცხადებს მამუკა კაციტაძე. მისი თქმით, ეს საკითხი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო. "თუკი რაიმესთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოება მოხერხდა, ეს სწორედ რეგიონალურ-პროპორციული სისტემის შემოღების საკითხი იყო. თუმცა ახლა ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს რეგიონალური სიებითაც ვერ მოიგებს და შეთანხმებული მოდელი არჩევნებში გამარჯვების შანსს არ აძლევს," - აცხადებს კაციტაძე. მისი თქმით, "ერთადერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ცხინვალის ოლქს შეეხებოდა და ესეც შეთანხმდა." მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარები უკვე აპროტესტებენ სისტემის შეცვლას. მაჟორიტარებმა რეგიონულპროპორციულ სიებზე გადასვლის პერსპექტივა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს და მოთხოვნით - "ყველა რაიონს თავის წარმომადგენელი" - პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათივე აზრით, მომავალი პარლამენტის 150 წევრიდან 75 უნდა აირჩეს პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი 75 - არსებული მაჟორიტარული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაჟორიტარებმა პროტესტი რატომღაც მხოლოდ ახლა გამოთქვეს. მათი მხრიდან პირველი პროტესტი ერთი კვირის წინ გაისმა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრა ვერ ხერხდებოდა. მათ კი მხარი უმრავლესობის წარმომადგენელმა დათო კირკიტაძემაც დაუჭირა. საინტერესოა, რომ უმრავლესობის სხვა ლიდერები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამ ცვლილების მომზადებაში იყვნენ ჩართულნი, ყოველგვარი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ერთადერთი მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და საკითხი კონსესუსით უნდა გადაწყდეს." სწორედ ამიტომ ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, დიალოგი ჩაშალოს. "მათ განცხადებას აშკარად დაჰკრავს სახელისუფლებო დაკვეთის სუნი. ამდენი ხანია მიდის ამ თემაზე ლაპარაკი და მაჟორიტარებს არ გახსენებიათ, რომ რაღაც პრობლემა შეიძლება ყოფილიყო. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ამ ტიპის სისტემა, რასაც ჰქვია მაჟორიტარული სისტემა, რეალურად არ მუშაობს. მათი დიდი ნაწილის გაკონტროლების მექანიზმი გააჩნია და ამ სისტემის შენარჩუნება ხელისუფლების ინტერესშია. მოვუწოდებ ყველას, მაჟორიტარებსაც და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც - ნუ შეცვლიან თამაშის წესებს. თუ რაღაცაზე ვთანხმდებით, ვიყოთ პატიოსნები ჩვენს გადაწყვეტილებებში. ამ პატარა ქვეყანაში არაფერი არ იმალება და ყველამ კარგად იცის ეს საკითხი ახლა რატომ გაახსენდათ," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |