"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

შსს-მ სპეცოპერაციის დროს დამწვარი სახლისთვის კომპენსაცია გამოყო

(პრაიმ-ნიუსი) შინაგან საქმეთა სამინისტრო თანახმაა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2005 წლის 3 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დამწვარი სახლის სანაცვლოდ მალხაზ გუმაშვილს 13 000 აშშ დოლარი გადაუხადოს. ამის შესახებ "პრაიმ-ნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მალხაზ გუმაშვილის სახლი მისი ძმის, ავთანდილ გუმაშვილის დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიწვა. ამ დროს ავთანდილ გუმაშვილი, ბიძაშვილთან, ვახტანგ გუმაშვილთან ერთად იმყოფებოდა მის ძმასთან სტუმრად.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტში აცხადებენ, "სპეცოპერაციაში ორასამდე პოლიციელი მონაწილეობდა. პოლიციამ სახლს მიზანმიმართულად წაუკიდა ცეცხლი, რათა ძებნილი გარეთ გამოსულიყო. ამის შემდეგ ვახტანგ გუმაშვილი, რომელიც საერთოდ არაფერშუაში იყო, ხელებაწეული გადმოხტა ფანჯრიდან, რათა პოლიციელებისთვის ეჩვენებინა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, მას მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს და ჩაცხრილეს".

მათივე ინფორმაციით, სპეცოპერაცია შუადღემდე გაგრძელდა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, ხოლო თავად ავთო გუმაშვილი სახლში დაიწვა.

მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი შენობა. მალხაზ გუმაშვილის დედამ და მცირეწლოვანმა ქალიშვილმა, რომლებიც სპეცოპერაციის დროს სახლში იმყოფებოდნენ, მძიმე ტრავმა მიიღეს. დროთა განმავლობაში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, კერძოდ დაუქვეითდა მხედველობა. ის დღემდე ხშირად კარგავს გონებას. საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მალხაზ გუმაშვილმა სარჩელი შეიტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, მოთხოვნით, აენაზღაურებინათ მიყენებული მატერიალური ზარალი. მალხაზ გუმაშვილის ინტერესებს სასამართლოში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავდა. საბოლოოდ, გუმაშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო კისრულობს ვალდებულებას, დამწვარი სახლის აღსადგენად გადაიხადოს 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, ორი წლის განმავლობაში გუმაშვილები დამწვარ სახლში ცხოვრობდნენ, ყოფილ სააბაზანოში, ცემენტის იატაკზე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com