|
|
"რეზონანსი "
4 არასრულწლოვან გოგონას ძარცვისთვის ასამართლებენ: ადვოკატების თქმით, გოგონებმა თანატოლი შეყვარებულის - კოდუას ნათესავის - გამო ცემეს სალომე გოგოხია
2007 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, ბუკიას ბაღთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოთხი არასრულწლოვანი გოგონა დააკავა. მათ მიმართ სს საქმე 178-ე მუხლის მესამე ნაწილით - ძარცვისთვის - არის აღძრული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში დაზარალებულად ცნობილიც ასევე არასრულწლოვანია. იგი დაკავებულების მეგობარი იყო. კონფლიქტის მიზეზი, როგორც ორივე მხარე აცხადებს, გახდა ერთ-ერთი ბრალდებულის ეჭვიანობა დაზარალებულის მიმართ. საინტერესოა ეჭვიანობის ობიექტი - ის სოდ-ის უფროსის ახლო ნათესავია. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებიდან ორი გოგონა - ს.ს. და ნ.ღ. წარსულში ნასამართლევები არიან (ასაკის გამო მათ სახელებს არ ვამხელთ) და პირობითი სასჯელი აქვთ შეფარდებული. როგორც "რეზონანსთან" საუბარში ს.ს.-ს ადვოკატი, თამუნა ქუთათელაძე აცხადებს, 2006 წლის ზაფხულში ს.ს. და ნ.ღ. ბათუმში ტაქსით გაემგზავრნენ. ადგილზე მისულებმა ტაქსისტს შეპირებული თანხა - 300 ლარამდე - არ გადაუხდეს. "ს.ს.-ს დედა საფრანგეთში ცხოვრობს. დედამ გოგონას ბინა და ძიძა დაუქირავა, რადგან შვილი საფრანგეთში ვერ მიჰყავდა. გოგონა თავისი ჭკუით საფრანგეთში აპირებდა წასვლას. ბათუმიდან თურქეთში, იქიდან ბულგარეთში გადასვლას აპირებდა. ხომ გეუბნებით, ბავშვური ჭკუით დედასთან საფრანგეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ უფულოდ სად წავიდოდა. ბათუმის სასამართლომ მათ პირობითი სასჯელი - ორი წელი - შეუფარდა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პირობითის დროს მოხდა მათი დაკავება ამ დანაშაულზე," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ქუთათელაძე. მისივე თქმით, პირობითი სასჯელის დროს ახალი დანაშაულისთვის დაკავებულების მიმართ კანონი გირაოთი ან პირობით გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. "პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მხოლოდ რეალურ წელზე გვთანხმდება ანუ 2 წელს მიუსჯიან," - ამბობს ქუთათელაძე. საქმე ძარცვის მუხლით არის აღძრული. თუმცა, განსასჯელების ადვოკატების განცხადებით, ძარცვას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულის დაცვა აცხადებს, რომ იყო ძარცვის მცდელობა. ისინი ერთიანი არიან იმაში, რომ დაპირისპირება ბიჭის გამო მოხდა. | "ძარცვის მცდელობა იყო. არაფერი არ წაურთმევიათ. დაკავებულებიდან ერთ-ერთმა გოგომ დ.ქ.-ს დაურეკა, ბუკიას ბაღთან შემხვდიო. როცა დ.ქ. მოვიდა, სადარბაზოში შეიყვანეს და ცემეს. მას დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც ნაკლებად მძიმე დაზიანებებს მიეკუთვნება." როგორც "რეზონანსთან" საუბარში დაკავებული ს.ძ.-ს ადვოკატი მაია უსტარაშვილის აცხადებს, სინამდვილეში გოგონებმა ბიჭის გამო იჩხუბეს: "ნ.ღ.-ის შეყვარებული არის კოდუა, იმ ბიჭის სახელი არ მახსოვს. ეს ბიჭი სოდ-ის უფროსის, კოდუას ახლო ნათესავია. კოდუას დაბადების დღეზე დაზარალებული დ.ქ. მივიდა, რაც კოდუას შეყვარებულს ნ.ღ.-ს არ მოეწონა. ნ.ღ.-მ ეს გოგო საქმის გასარჩევად დაიბარა. მის მოსვლამდე გოგოებმა ისაუბრეს. ანგარიშსწორებაზე არ უფიქრიათ, უბრალოდ, ბავშვურად, მისთვის ჭკუის სწავლა გადაწყვიტეს. როდესაც დ.ქ. ბუკიას ბაღთან მივიდა, ის და ჩემი დასაცავი წინ წავიდნენ, დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ. ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ. ნ.ღ.-სა და დ.ქ.-ს შორის ხმამაღალი შელაპარაკება მოხდა - ჩემს შეყვარებულთან რატომ მიხვედიო, უთხრა ნ.ღ-მ. მან ხელი ჰკრა დ.-ქ-ს და თმებში წვდა. ამ დროს ჩემი დასაცავი კიბის თავთან იდგა და ეუბნებოდა, ნუ ქაჯობო. ხმაურზე მეზობელმა პატრული გამოიძახა და გოგონები ადგილზე დააკავეს," - ამბობს უსტარაშვილი. "აღმკვეთ ღონისძიებაზე ძეგვის უპატრონო ბავშვთა სახლის წინამძღვარი დედა მარიამი ბრძანდებოდა. იგი პირადი თავდებობით გოგონების მონასტერში წაყვანას აპირებდა და ასევე შემდგომ პროცესზე მათ გამოცხადებას უზრუნველყოფდა. თუმცა მოსამართლე ნადოიმ ეს არ გაითვალისწინა და მათ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს ისეთი ტენდენციაა, რომ თუ ადამიანს გარეთ დატოვებ, ე.ი. მერე ვეღარ დაიჭერ. ჩვენთან სასამართლო დამოუკიდებელი არასდროს არ ყოფილა და არც იქნება," - ამბობს ს.ს.-ს ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე. საქალაქო სასამართლოს სს საქმეთა კოლეგიაში ოთხეულის პროცესი უკვე ორჯერ გადაიდო. გუშინდელი პროცესი კი პატიმრების გამოუცხადებლობს გამო გადაიდო. როგორც პროცესზე მოსამართლე ლელა ნოზაძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების დეპარატმენტიდან ოფიციალურად აცნობეს, რომ დასავლეთში ახალი კოლონია იხსნება, ხდება გადამისამართება და ამის გამო პატიმრები ვერ მოიყვანეს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11 მარტს განახლდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |