|
|
"რეზონანსი "
საქართველოს ხელისუფლებამ ,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში დეპორტირებული ქართველების შესახებ აღძრული საქმე ჩაფარცხოს ნინო ფრანგიშვილი
ამის შესახებ გაზეთ "კომერსანტის" გუშინ გამოქვეყნებულ ფურცლებზეა საუბარი. "ქართველი იურისტები საპასუხო მოხსენების წარდგენისთვის ემზადებიან, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივის გამო, საქართველოში ამ ხმაურიანი საქმის ჩაფარცხვაზე ფიქრობენ," - ნათქვამია სტატიაში. ამასთანავე, როგორც "კომერსანტშია" ნათქვამი, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართველ კოლეგებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 235-გვერდიანი საწინააღმდეგო აზრის შემცველი მასალა გამოუგზავნა, რომელშიც ქართული მხარის პრეტენზიები "მიუღებლად" არის შეფასებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ საქმე მნიშვნელოვან ეტაპამდე მისული არაა და საზოგადოებას ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მიაწვდიან. როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია აღნიშნავს, ამ საქმით თავიდანვე დაინტერესდა, როდესაც მისი მომზადება დაიწყო. მან სტრასბურგში გასაგზავნი განაცხადის მომზადებაში სურვილი გამოთქვა, თუმცა, მისივე მტკიცებით, იუსტიციის სამინისტრომ ამ საკითხში კონფიდენციალობა დაიცვა. "იუსტიციის სამინისტროდან არანაირი განაცხადი და ინფორმაცია არ გამოსულა იმის თაობაზე, თუ რაზე, ევროკონვენციის რომელი მუხლის დარღვევაზე, დავობდა საქართველო. ეს არ მომეჩვენა საიმედოდ, ვინაიდან მივიჩნევ, როდესაც ასეთ მაღალ საზოგადოებრივ დარღვევებზეა ლაპარაკი, საზოგადოება ინფორმირებული უნდა ყოფილიყო, თუ რას ასაჩივრებს სახელმწიფოს. როდესაც ეს გასაიდუმლოება გრძელდება, მეჩვენება, რომ ამაში სახელმწიფო საქმის მოგების ინტერესები კი არ ამოძრავებს, არამედ გარკვეული სვლისთვის ემზადება. სახელმწიფოს საზოგადოებისთვის რომ მიემართა კონკრეტული შეთავაზებით, რომ მათ მიემართათ ინფორმაციებით და მტკიცებულებებით, რათა კარგად დასაბუთებული განაცხადით წარმდგარიყო ევროსასამართლოს წინაშე, ვიფიქრებდი, რომ ხელისუფლებას მართლა უნდოდა საქმის მოგება. მაგრამ ვინაიდან ეს არ გაკეთდა, უფრო მეტიც, გასული წლის აგვისტოში ძალიან ჩუმად მიმდინარეობდა ამ საქმეზე მუშაობა და პირადად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ და აშკარად მითითება ჰქონდათ, რომ არ გაეხმაურებინათ ეს პროცესი, დავრწმუნდი, რომ აქ საქმე კარგად არ იყო. ვფიქრობ, რომ ამ კატეგორიის საქმეები გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს," - ამბობს მუხაშავრია. "კომერსანტის" ინფორმაციით კი რუსულმა მხარემ მოსკოვის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს წარუდგინა. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წარმომადგენლისა და რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის ვერონიკა მილინჩუკის განმარტებით, რუსეთის იუსტიციის სამინიტროს მრავალგვერდიან "საწინააღმდეგო აზრის შემცველ" დოკუმენტში, რუსეთი 2006 წელს განხორციელებულ ქართველთა მასობრივ დეპორტაციაში არ აღიარებს ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ქართულ-რუსული დაპირისპირების გამო მოსკოვმა რუსეთიდან 7 ათასამდე საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა. დეპორტაცია საქართველოში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებასა და შპიონაჟში დადანაშაულებას მოჰყვა. ოფიციალურმა თბილისმა დეპორტირებული ქართველების უფლებების დაცვისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. "კომერსანტი" აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ პირველია, რომლის დროსაც რუსეთს სასამართლოში თავის დაცვა სახელმწიფოს წინაშე მოუწევს. რუსული მხარე ასევე დაჟინებით მოითხოვს იმის აღიარებას, რომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაგეგმილი არ იყო და ეთნიკური ნიშნით არ განხორციელებულა. რუსეთის მიერ ევროსასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვს არ სჯერა, რომ დეპორტაციის დროს საქართველოს შვიდი მოქალაქე დაიღუპა. ასევე უარყოფილია ის გარემოება, რომ ეთნიკური მიუღებლობის საფუძველზე იმ პერიოდში რუსეთის ქალაქებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნებით ქართველი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები. გაზეთის მტკიცებით, ევროსასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ქართული მხარე თავის მოსაზრებებს ევროსასამართლოს წარუდგენს, ყოველ შემთხვევაში, საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", ევროსასამართლოს განხილვის დღის წესრიგში ივლისამდე შეტანილი არ აქვს. მუხაშავრიას თქმით, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის მთავრობა უარყოფდა საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადში მოყვანილ მტკიცებულებებს და აღნიშნავდა, რომ ქართველი მოქალაქეების მიმართ არანაირ ფუნდამენტურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. "თავად "კომერსანტი" ცნობილია თავისი მიკერძოებით. ამიტომ ის, ბუნებრივია, იყენებს ყველაფერს, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მთავრობის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ამის საპასუხოდ კარგი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამ ქართულ საზოგადოებას გაგვაცნოს ღიად ეს განაცხადი და დასაბუთება, რომელიც მან ევროსასამართლოში წარადგინა. ამვე დროს, ვფიქრობ, რომ ურთიერთობის საუკეთესო ხარისხში გადასვლა არ ნიშნავს, რომ თვალები დახუჭო ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაზე. ამ განაცხადის ავტორს - საქართველოს მთავრობას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს და სრული პასუხისმგებლობით აღჭურვილი უნდა იყოს, როდესაც ასეთ საქმეს იწყებს. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს, რას ითხოვს საქართველოს მთავრობა, რაში იყენებს ამ საქმეს და რას მოელის მისგან," - ამბობს მუხაშავრია. როგორც "კომერსანტი" აღნიშნავს, რუსი და ასევე ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული სარჩელის განხილვის შემთხვევაში ქართული მხარის არგუმენტები და დასაბუთება საკმაოდ კვალიფიციურად გამოიყურება და თბილისს საქმის მოგების ყველა შანსი აქვს. მაგრამ, გაზეთის მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვში პრეზიდენტების სააკაშვილისა და პუტინის უკანასკნელმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ფონზე, შესაძლოა, თბილისი მოსკოვთან ურთიერთობების დაძაბვას მოერიდოს. ამასთან დაკავშირებით მუხაშავრია აცხადებს, რომ კანონის თანახმად, ევროსასამართლოს პროცედურით მხარეებს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგდნენ, სასამართლოს წინაშე კონფიდენციალურად გააფორმონ ხელშეკრულება და საქმე განხილვიდან ამოიღება. მისი თქმით, გამორიცხული არაა, რომ საქართველო ამ გზას დაადგეს. თუმცა შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ ეს განაცხადი თავის სასარგებლოდ რუსეთთან მოლაპარაკების დროს ვაჭრობის საგნად გამოიყენოს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |