"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

მარკოიშვილი ულების თასის მერვედფინალშია : უკრაინული გრანდი და ქართველი ლეგიონერი მეოთხედფინალში პოლონურ "ტუროვს" დაუპირისპირდებიან

გიორგი ჭანიშვილი

მანუჩარ მარკოიშვილის უკრაინული კლუბი "ბკ კიევი" ევროპის პრესტიჟული ტურნირის - "ულების თასის" მერვედფინალში გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატების შემდეგ, "პლეიოფის" პირველ რაუნდში უკრაინული გრანდი ბელგიურ "ოსტენდეს" გაეჯიბრა და ორივე შეხვედრა მოუგო, როგორც სტუმრად, ასევე შინ, თუმცა აქედან იოლი არცერთი მატჩი გამოდგა.

კიეველებმა ბელგიაში 65:61 იმარჯვეს, 26 თებერვლის შინაურ მატჩში კი მეტოქეს 68:60 სძლიეს. მარკოიშვილმა, ვინაც "ბკ კიევის" ძირითად შემადგენლობაში კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი, უფრო შედეგიანად გასვლით შეხვედრაში ითამაშა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ბელგიელებს მათ მოედანზე 29 წუთში 12 ქულა ჩაუგდო და ფარიდან ასხლეტილ ბურთს 6-ჯერ დაეუფლა, განმეორებით მატჩში მარკოიშვილმა 22 წუთს ითამაშა და 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, თამაშიდან კი 6-ვე სროლა გააფუჭა.

მანუჩარმა ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენივე ჯარიმა მიიღო. უკრაინელთა რიგებში საუკეთესო არტურ დროზდოვმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო "ოსტენდეს" ლიდერი დევის ჩაკი 16 ქულასა და 11 მოხსნას დასჯერდა.

ტურნირის მერვედფინალში "ბკ კიევის" მეტოქე "ტუროვი" იქნება. პოლონურმა კლუბმა ჩეხურ "ნიმბურკთან" გასვლითი მატჩი ფრედ, 61:61 დაასრულა, შინ კი მეტოქეს 68:66 სძლია. მერვედფინალის მატჩები 11 და 18 მარტს გაიმართება. გაგახსენებთ, რომ მარკოიშვილი "ბკ კიევში" პირველ სეზონს ატარებს და საკმაოდ შედეგიანადაც, "ულების თასზე" მარკოიშვილის საშუალო მონაგარი 26:52 წუთი, 11,3 ქულა და 3,2 მოხსნაა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com