|
|
"რეზონანსი "
"პორტუგალია ინტრიგებს გვიწყობდა": როტორ გამოაწყვეს შავებში პორტუგალიელებმა ქართველი "ბორჯღალოსნები" მამუკა ნაცვალაძე
პორტუგალიელთა ძლევის შემდეგ ერთა თასის მნიშვნელოვან მატჩში ქართული დელეგაცია თბილისში დაბრუნდა. ეს ზედიზედ მე-3 გამარჯვება გახლდათ ახალი მთავარი მწვრთნელის, თიმ ლეინის ხელმძღვანელობით, რამაც სალიდერო პოზიცია შეგვინარჩუნა გათამაშებაში და მე-14 ადგილი საერთაშორისო რეიტინგში. პორტუგალიელებთან თამაში ყოველთვის მეტად დაძაბულია, ამ მხრივ ამჯერადაც არ იყო გამონაკლისი. "ბორჯღალოსანთა" უკანა ხაზის შუამარბს, დათო კაჭარავას ლისაბონური თამაშის პერიპეტიების შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ. დათო კაჭარავა: ეს თამაში რომ დაძაბული იქნებოდა, თავიდანვე ვგრძნობდით. პორტუგალიელებს ბოლო ხანს მოუმრავლდათ წაგებები, ამიტომაც იყო, რომ მათ ჩვენთან ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანეს. სერიოზულად ემზადებოდნენ, რომ ჩვენთვის მოეგოთ. სამწუხაროდ, მათ მოედანსმიღმა ინტრიგებსაც მიმართეს. გარკვეული წინააღმდეგობები შეგვიქმნეს სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ თეთრი ფორმა გვქონდა წაღებული, მათ გვითხრეს, ჩვენ გვინდა თეთრი ფორმით თამაში, სხვა ფერის ფორმა არა გვაქვსო, ამიტომაც იძულებული გავხდით სასწრაფოდ ახალი ფორმები შეგვეძინა. "რეზონანსი": მაინცდამაინც შავი ფორმა რატომ აირჩიეთ. დ.კ: ფორმის პრობლემა უშუალოდ თამაშის წინ დადგა, ამიტომაც არჩევანის საშუალება, უბრალოდ, არ იყო. რაც ვნახეთ, სასწრაფოდ ის შევიძინეთ. ფორმის არჩევის თვალსაზრისით უპირატესობა მასპინძლებს აქვთ და ამით ისარგებლეს პორტუგალიელებმა. "რ": თამაშამდე სხვა პრობლემებიც ხომ არ შეუქმნიათ პორტუგალიელებს. დ.კ: კი, შეგვიქმნეს. საკმაოდ კარგი ამინდები იყო და რატომღაც გადაწყვიტეს ბალახის მოედანზე არ შევეშვით. ვვარჯიშობდით ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ალბათ მათ თავიანთი ჭკუით სამაგიერო გადაგვიხადეს იმის გამო, რომ თბილისში ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვავარჯიშეთ. ისინი ვერც მიხვდნენ მაშინ, რომ ჩვენ, უბრალოდ, სხვა მოედანი არ გვქონდა. არა და სტუმრებს დიდსულოვნად დავუთმეთ ეს ხელოვნურსაფარიანი მოედანი. იმ მომენტისთვის ამ მოედანზე ვარჯიში ჩვენთვის მისწრება იქნებოდა. ერთი სიტყვით, მთელი საწვრთნელი ციკლი პორტუგალიაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გავატარეთ. ეს ყველაფერი, მოედნისა და ფორმის პრობლემა ერთმანეთს დაემატა და ამან შექმნა გარკვეული დაძაბულობა. "რ": არც თამაშის წინა დღეს შეგიშვეს მოედანზე. დ.კ: სამწუხაროდ, არა. საკმაოდ კარგი ამინდი იყო და გვითხრეს - რომ შეგიშვათ, მოედანი გაფუჭდებაო. არადა რამდენიმე საათში თავად კარგად ივარჯიშეს იქ. ასეთი დამოკიდებულება ჩვენდამი დაცინვად აღვიქვით. "რ": მათთვის ჩვეული ჯენტლმენობა ვერ გამოუჩენიათ პორტუგალიელებს... დ.კ: როგორც ჩანს, იმდენად გაწბილებულნი იყვნენ ბოლოდროინდელი მარცხით, რომ ყველანაირი ხერხით შეეცადნენ ჩვენთვის პრობლემები შეექმნათ და ამის ხარჯზე გარკვეული უპირატესობა მოეპოვებინათ თამაშში. "რ": უშუალოდ თამაშის შესახებ რას იტყვი. დ.კ: თამაშის დღეს საკმაოდ ცუდი ამინდი იყო. ამან თავისი ხელი დაატყო მატჩის მსვლელობას. თავიდანვე შევუტიეთ და პირველ ხუთ წუთში დავდეთ ლელო. ჯარიმა დაინიშნა, აუტში გადავიტანეთ ბურთი. შემდეგ ჩვენი დერეფანი მოვიგეთ, პორტუგალიელები ემზადებოდნენ წინააღდეგობის გაწევისთვის. მათ ეგონათ, რომ ჩვენ ტრადიციულად მოლით შევეცდებოდით ლელოს დადებას, აქ იყო პორტუგალიელების კონცენტრაცია, რომ არ დაგვედო ჯგუფური ლელო. ამ დროს აბუსერიძემ გამოიტანა ბურთი მოკლე ფრთაზე, გადააწოდა მალაღურაძეს, მალაღურაძემ "ქარიშხალას" - ირაკლი ჩხიკვაძეს მისცა კარგი პასი. ერთი სიტყვით, "ქარიშხალამ" გახსნა ანგარიში. "რ": პირველივე წუთებზე დადებულმა ლელომ მოგიხსნათ დაძაბულობა. დ.კ: არა, დაძაბულობა არ მოხსნილა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ გატანილმა ლელომ უფრო დაძაბა ვითარება. პორტუგალიელებმა მოინდომეს და შეტევაზე გადმოვიდნენ. საკმაოდ მძიმე იყო თამაში. მასპინძლები ცდილობდნენ ლელოს დადებას, არადა, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მათთვის ამის საშუალება არ მიგვეცა. "რ": უკვე მეორე თამაშია, რაც ლაშა მალაღურაძემ ზედიზედ მეორე არეკნი გაიტანა... დ.კ: არეკნით მოპოვებული ქულები გუნდისთვის დამატებითი კოზირია, როცა მეტოქის 22-ის მოედანზე მიდიხარ და ვერა და ვერ დებ ლელოს, ქულის გარეშე წამოსვლა უარყოფითი შედეგია გუნდისთვის. თუ კარგად ურტყამს ფეხს დამრტყმელი, ყოველი მიახლოებისას მეტოქის ჩათვლის მოედანზე შეგიძლია შენი ქულა გააკეთო. ადრეც ვურტყამდით ხოლმე არეკნებს, მაგრამ ვერ ვიტანდით. "რ": მსაჯზე რას იტყვი. დ.კ: რეფერიმ თამაში ძალიან კარგად დაიწყო. ობიექტურად მსაჯობდა, პირველი ნახევარი მშვენივრად ჩაამთავრა. მეორე ტაიმში მოედანზე გამოვედით თუ არა, საკმაოდ ტენდენციური გახდა. ხუთ წუთში ექვსჯერ დაგვაჯარიმა, ამის გარდა კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეც გაგვიგდო. საბედნიეროდ, პორტუგალიელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. ამას რომ შეხედა არბიტრმა, მატჩის მიწურულს ისევ ობიექტური გახდა - ბოლო ათი წუთი ისევ კარგად იმსაჯა. "რ": თბილისში ჩვენი ნაკრების ათდღიან შეკრებას პორტუგალიური ხუთდღიანი შეკრებაც დაემატა. ჩვენი ნაკრების თავკაცი თიმ ლეინი უკანა ხაზის ხაზის მოთამაშეებზე იღებდა აქცენტს. ამ თვალსაზრისით თუ იყო სიახლეები უშუალოდ პორტუგალიელებთან მატჩისას. დ.კ: როგორც ვთქვი, საკმაოდ ცუდ ამინდში მოგვიწია პორტუგალიაში თამაში. მატჩი წინ თიმმა განაცხადა: რაც დაგავალეთ იმის შესრულება ასეთ ამინდში რთული იქნებაო. წვიმდა, ქარი იყო, ბუნებრივია, ასეთ დროს ბურთის ხელით დაჭერა ჭირს, არ გამოვიდა ხელით თამაში, ამიტომაც ჩვენ უმეტესად ფეხით ვითამაშეთ და მატჩი მოწინააღმდეგის შეცდომებზე ავაწყვეთ
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |