|
|
"რეზონანსი "
გუბერნატორებს უფლებების გაზრდას უპირებენ: აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ აბსოლუტურად არაფრის უფლება არ გვაქვს" ეკა გულუა
გუბერნატორები უფლებების გაზრდას, სამხარეო ბიუჯეტს და მის განკარგვაზე უფლებებს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის ინსტიტუტი ძალიან სუსტი იქნება, როგორც დღეს. ეს საკითხი საპარლამენტო პოზიცია-ოპოზიციას შორის დღემდე საკამათო თემად რჩება. ამჯერად ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს აპროტესტებს, სადაც გუბერნატორებზეა საუბარი და რომლის მიხედვითაც აღნიშნული თანამდებობა კონსტიტუციური ხდება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დალოგის განახლების შემდეგ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხიც დადგა. პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციის კანონპროექტით, აღნიშნული ინსტიტუტი კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს და გარდა ამისა, მას ადგილობივ თვითმართველობებზე კონტროლის უფლებაც ექნება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ მართალია დიალოგის ფორმატში აღნიშნული საკითხი არ განხილულა, თუმცა დარწმუნებულია, ხელისუფლება კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერს ამოიღებს. "დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევა და გუბერნატორებთან დაკავშირებით ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ახალი კონსტიტუციით გუბერნატორებს უფლებები ეზრდებათ. მათ საკმაოდ ბევრი უფლება ჩაუწერეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა ამ უფლებების შემცირება. გუბერნატორი პრეზიდენტის დანიშნული იქნება, ამაზე პრობლემა არ გვაქვს, თუმცა მას ყველაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს," - ამბობს გია თორთლაძე. გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, გია ცაგარეიშვილს ის არ მოსწონს, რომ გუბერნატორებს ენიჭებათ უფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აკონტროლონ, რაც მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია: "წარმოგიდგენიათ, რომ არჩეულ საკრებულოებს ზედამხედველობა პრეზიდენტის მიერ ცეტრიდან დანიშნულმა გუბერნატორმა გაუწიოს. ეს არღვევს მართველობის როგორც ჰორიზონტს, ისე ვერტიკალს. ჩვენი მოთხოვნაა, პროექტიდან ეს ჩანაწერები ამოიღონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება." პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულებისთვის უფლებების გაზრდას არც "მემარჯვენე ოპოზიცია" ეთანხება. როგორც მანანა ნაჭყებიამ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკებების თემა არ ყოფილა, რადგან ძირითადად საზაგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოზე იყვნენ გადართულები. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ისინი ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციაში გუბერნატორების მხრიდან თვითმართველობის კონტროლი იმიტომ ჩაიწერა, რომ ქვეყანაში ინფორმაციის კოორდინაციის პრობლემები არსებობს. "სახელმწიფო რწმუნებულების ინსტიტუტი ოდითგანვე დავის საგანი იყო. სადავო საკითხი სწორედ მათ სტატუსს ეხებოდა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კანონში" და შემდეგ "მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ კანონში" მათი დეტალური უფლებამოსილება აგვესახა. რაც მთავარია, გუბერნატორი არის გარკვეული მაკოორდინირებელი შუალედური რგოლი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. "რაც შეეხება ამ ინსტიტუტით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების გაკონტროლებას, ეს არის ელემენტარულად იმ დე ფაქტო მდგომარეობის ლეგიტიმაცია, რომელიც დღეს ქვეყანაში ინფორმაციის კოორდინაციის კუთხით არსებობს," - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი საუბრისას. თავად გუბერნატორები მეტ უფლებებს ითხოვენ. როგორც იმერეთის რწმუნებული აკაკი ბობოხიძე აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით გუბერნატორებს არაფრის უფლება არა აქვთ: "რწმუნებულების შესახებ კანონის" მიღების შემდეგ შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს რწმუნებულებს უფლებამოსილება გაუზარდეს. ეს არის მოჩვენებითობა, რეალურად კი რწმუნებულებს პასუხისმგებლობა გაეზარდათ. ისინი ყველაფერზე პასუხისმგებლები გამოდიან მაშინ, როცა ჩვენი უფლებები ძალიან შეზღუდულია. ჩვენ აბსოლუტურად არაფრის უფლება არ გვაქვს. თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევის უფლება იურიდიულადაც არ გვაქვს." აზერბაიჯანს კოსოვოდან სამშვიდობო კონტინგენტი გაჰყავს (პირველი) აზერბაიჯანი კოსოვოდან სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანას გეგმავს. შესაბამისი წინადადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისს (პარლამენტს) განსახილველად უკვე გაუგზავნა. წინასწარი ინფორმაციით, კოსოვოდან აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის საკითხზე მილი მეჯლისი დღეს იმსჯელებს. როგორც ალიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კოსოვოდან აზერბაიჯანელი სამშვიდობოების გამოწვევის აუცილებლობა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციით არის გამოწვეული. აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში სამშვიდობო მისიები 1997 წელს შეიქმნა. ამჟამად 150 აზერბაიჯანელი მშვიდობისმყოფელი ერაყში მსახურობს, 34 - კოსოვოში, 45 - ავღანეთში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |