"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

პანაშვიდზე გუშინ უგულავა მივიდა, დღეს ბურჯანაძეს ელიან: პრესცენტრებში ქვეყნის პირველი და მეორე პირების დაკრძალვაზე დასწრებაზე ვერაფერს ამბობენ

გიორგი ფუტკარაძე

უამრავი ცრემლი და ემოცია, გადაკეტილი ქუჩა, მრავალი საათის მანძილზე უწყვეტი რიგი და ორი მაღალჩინოსანი - ასეთი იყო პატარკაციშვილის გუშინდელი სამოქალაქო პანაშვიდი. იმის გამო, რომ პანაშვიდზე მთელი დღის მანძილზე უამრავი მოქალაქე მივიდა, ყოფილი რიტუალების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. შესვლა ვერ შეძლო მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა, თუმცა ისინი მაინც აცხადებდნენ, რომ არსად წასვლას არ აპირებდნენ. ხალხის ემოციები, რომელიც საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების გამოჩენას მოჰყვა, სხვადასხვაგვარი იყო.

ბიზნესმენის დაკრძალვას, როგორც ცნობილია, ვერ დაესწრებიან მისი მეგობრები - ბორის ბერეზოვსკი და ანდრეი ლუგოვოი. დაესწრებიან - ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი (დაუდასტურუბელი ცნობებით) და იერუსალიმის მერის მოადგილე შლომო ატიასი, რომელმაც ისრაელის მერის სამძიმრის წერილი ჩამოიტანა. ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსვლას გეგმავენ პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორები, მათ შორის კომპანია "ნიუსკორპის" ხელმძღვანელობა. დაკრძალვაზე, ჯოჯუას განცხადებით, ჩამოსვლას გეგმავს რუსი მილირდერი რომან აბრამოვიჩიც.

უკვე საბოლოოდ გადაწყდა ბიზნესმენის დაკრძალვის ადგილი, მას საკუთარი რეზიდენციის ეზოში დაასაფლავებენ, თუმცა ადრე განიხილებოდა დასაფლავების ადგილის რამდენიმე ვერსია.

საზოგადოებას ბიზნესმენის ოჯახისთვის მისამძიმრება დღესაც შეეძლება, თუმცა გუშინ გამართულ პანაშვიდზე, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, უამრავი მოქალაქე და მათ შორის ბევრი ცნობილი სახეც მივიდა. წინა დღეებისაგან განსხვავებით, პანაშვიდზე მივიდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. უგულავამ ყოფილი რიტუალების სასახლის უკანა შესასვლელით ისარგებლა, ფეხით შევიდა და ტერიტორია უკომენტაროდ ავტომობილით დატოვა, თუმცა მისმა გამოჩენამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება, ხოლო ნაწილის -გაკვირვება - გამოიწვია.

ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაარკაციშვილის სიკვდილი საქართველოსთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია. საინტერესო იყო, რომ მის გამოჩენას, განსხვავებით მერისგან, საზოგადოების უკმაყოფილება არ გამოუწვევია.

უემოციოდ შეხვდა საზოგადოება თემურ იაკობაშვილის გამოჩენას. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელენე თევდორაძე, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.

პანაშვიდზე გუშინაც მივიდნენ ზურაბ ჟვანიას მეუღლე, დედასთან ერთად და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, "იმედის" ყოფილ თანამშრომლებთან ერთად.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ აგრეთვე "სტანდარტ-ბანკის" წარმომადგენლები, რომლებმაც 150 წითელი ვარდისგან დამზადებული უზარმაზარი გვირგვინი მიიტანეს. პანაშვიდზე ასევე მივიდა მსახიობი ია ფარულავა მეუღლე ფადი ასლისთან ერთად.

გუშინ, ისევე როგორც წინა დღეს, ოჯახთან მისასამძიმრებლად დიპკორპუსის წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ელჩები დანიელ ფრიდი და ჯონ ტეფტი. ეს უკანასკნელი - მეუღლესთან ერთად.

გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს ასევე მიუსამძიმრა ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, "დინამოს" ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, თსუ-ს ყოფილმა რექტორმა როინ მეტრეველმა, პარლამენტარებმა ნიკო ლეკიშვილმა, ირაკლი იაშვილმა "ახლებიდან", ასევე "რესპუბლიკელებმა" დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პირველად პატარკაციშვილს დაახლოებით ორი წლის წინ შეხვდა და ამ პერიოდის განმვლობაში მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა: "მას უყვარდა ეს ქვეყანა და მხოლოდ კარგის გაკეთება უნდოდა. ბევრი გეგმა ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში."

ოჯახს საფრანგეთიდან სამძიმარი გამოუცხადა თავადაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომლის სახელითაც მისი პარტიის წევრები გია ცაგარეიშვილი, გია თორთლაძე, თეო ტლაშაძე და ქეთი მახარაშვილი მივიდნენ.

როგორც ჟურნალისტებს გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს მათი მეშვეობით მიუსამძიმრა და სთხოვა პარტიის წევრებს, პანაშვიდზე გვირგვინი მიეტანათ.

პანაშვიდზე მივიდნენ, აგრეთვე, "იმედის" გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი, კომპანია "სალფორდ საქართველოს" წარმომადგენლები, გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე, მომღერალი თემურ თათარაშვილი, კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილი, "ივერიის" მომღერლები - თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ასევე მსახიობები გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი მეუღლესთან ერთად, ზურაბ ქაფიანიძე, კახი კავსაძე.

ბიზნესმენის ოჯახს გუშინვე მიუსამძიმრეს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილმა მანანა შევარდნაძემ და მისმა მეუღლემ გია ჯოხთაბერიძემ.

ბიზნესმენის დაკარძალვაზე, სავარაუდოდ, მისვლას არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი. მისი პრესსამსახურის უფროსმა ვანო ნონიაშვილმა "რეზონანსს" გუშინ საღამოს იგივე განუცხადა, რაც გუშინწინ - რომ აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. ასევე უცნობია, მივა თუ არა დაკრძალვაზე პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის პრესცენტრშიც აცხადებენ, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას ისინიც არ ფლობენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com