|
|
"რეზონანსი "
ბაღაფში გუშინ ქართველი ტყვეების გასამართლებით იმუქრებოდა რუსიკო მაჩაიძე
ბაღაფში ან გაათავისუფლებს დაკავებულ ქართველ ჟურნალისტს, ან სააკაშვილი იმუქრება, რომ მისი დავალებით ამას ქართველი სამართალდამცავები გააკეთებენ. ჯერ კიდევ უცნობია, ბაღაფში რა არჩევანს გააკეთებს. ქართველი ჟურნალისტები, სახალხო დამცველი და ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, იური აშუბას მტკიცებით, "მზის" ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია და მისი თანმხლები პირები აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ. მალხაზ ბასილაია აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა 26 თებერვალს გალის რაიონში დააკავეს. აშუბას განცხადებით, ბასილაისთან ერთად დაკავებული არიან ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტი დავით წოწორია და მისი დედა მაია დანელია. წოწორიას და დანელიას დევნილობის დამადასტურებელი საბუთი აღმოაჩნდათ. აშუბას განცხადებით, ბასილაიას და წოწორიას განზრახული ჰქონდათ "აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა და იქ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე არაობიექტური რეპორტაჟის მომზადება." აშუბას თქმით, 2002 წელს "ბასილაია უკვე იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ და საქართველოს პირველი არხისთვის არაობიექტური სიუჟეტი მოამზადა." ასევე, აფხაზი ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ეძებენ სოხუმის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელიც, სეპარატისტთა მტკიცებით, ბასილაიას აფხაზეთში შესვლაში დახმარებას ჰპირდებოდა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს "მზე". ტელეკომპანიის განცხადებით, ბასილაია რეპორტაჟს გალის რაიონში ამზადებდა და აფხაზეთის სხვა რაიონებში გამგზავრებას არ აპირებდა. "მზის" კოლექტივი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამეტის თავმჯდომარეს, მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზური მხარის მიერ დაკავებული ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელის, მალხაზ ბასილაიას გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. სარფში მყოფმა სააკაშვილმა გუშინვე მიმართა სერგეი ბაღაფშს, როგორც თავად აღნიშნა, "მისთვის კარგად გასაგებ ქართულ ენაზე": "ბაღაფშს ორი არჩევანი აქვს - გაათავისუფლებს ბასილაიას, რომელსაც სოხუმის იზოლატორიში აწამებენ, ან მას გაათავისუფლებს, ჩემი კანონიერი ბრძანებით, ქართული პოლიცია." "რეგნუმის" ინფორმაციით, ბაღაფშმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ლუის არბორთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაკავებული ქართველი ჟურნალისტები სასამართლოს წინაშე წარდგებიან: "აფხაზეთი ქვეყნის საზღვრის თუ კანონმდებლობის დამრღვევებს ყოველთვის უპირობოდ ათავისუფლებდა, მაგრამ ჩვენი კეთილი ნების ჟესტებს თბილისი არაადეკვატურად იღებდა. ამიტომ საქართველოს ჩვენი მხრიდან მსგავსი ნაბიჯების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს." მისი თქმით, ყველა დაკავებული ქართველი ჟურნალისტი, აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაეცემა და სოხუმი ამ საკითხის არავისთან განხილვას არ აპირებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ამ საქმეში. ჟურნალისტის გატაცების ფაქტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ილკა კანერვაც გმობს. როგორც კანერვამ ამ საკითხის კომენტირებისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ეუთოს მისია ჟურნალისტის გათავისუფლების კუთხით ქართულ მხარესთან ერთად უკვე მუშაობს. "ამ საკითხზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საქმის დეტალებს არ ვიცნობ," - განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ "თავისუფალი მედიის გარეშე სახელმწიფოს მუშაობა წარმოუდგენელია." რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან. ისინი მალხაზ ბასიალაის დაკავების ფაქტს აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ზყთყ გუშინ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტსა და მასთან ერთად დაკავებულ ორ ქართველს აფხაზები გუშინვე გაათავისუფლებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, გუშინ საღამოსთვის ისინი კვლავ ტყვეობაში რჩებოდნენ. გაზეთ "რეზონანსის" რედაქცია გმობს ჟურნალისტის გატაცების ფაქტს და უერთდება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას. ამასთანავე, იმედი გვაქვს, ტყვეები ამ ნომრის დაბეჭდვის
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |