"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

ორი მიზეზი, რატომ ვერ მივიღებთ "მაპ" - ს

ეკა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილმა დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება, ანუ "ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი", ორი-სამი წლის წინ მასაც მიუღწევად მიზნად ეჩვენებოდა, მაგრამ დღეს ეს სრულიად შესაძლებელია. ის ბუქარესტში 5 აპრილს დაგეგმილ ნატოს სამიტზე ერთ-ერთ საკითხად საქართველოსა და უკრაინისთვისთვის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაზე დიდ იმედებს გამოთქვამს.

ამ ოპტიმიზმთან დაკავშირებით გუშინდელ "რეზონანსში" შალვა ფიჩხაძემ სკეპტიკური მოსაზრებები გამოთქვა, რასაც საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი თორნიკე შარაშენიძეც იზიარებს. მისი განცხადებით, საქართველოს, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს და ამ დროს არ ასრულებს ნატოს ვალდებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით, მაპის მიღების პერსპექტივა ჯერ არა აქვს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შარშან, რიგის სამიტის დროსაც, არსებობდა მოლოდინები ხელისუფლების მხრიდან, რომ მაპის პროგრამას მივიღებდით, მაგრამ არ გამართლდა. პირიქით, ქვეყანას სწორედ პოლიტიკური კუთხით - არადემოკრატიულობისათვის - მისცეს შენიშვნები. მართალია, ორი დღის წინ ბრიუსელში ალიანსმა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ერთსულოვნად დადებითად შეაფასა, მაგრამ, შარაშენიძის თქმით, ეს იმდენად მცირე ვალდებულებაა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის სასიკეთოდ ვერაფერს შეცვლის.

მიიღებს თუ არა საქართველო აპრილში მაპს. და რას ნიშნავს პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული იმედები - რეიტინგის აწევისთვის გადაჭარბებული მოლოდინების შექმნას თუ მაპი-ს პროგრამაში ჩართვის რეალურ პერსპექტივას. ამ თემაზე თორნიკე შარაშენიძე საუბრობს.

თორნიკე შარაშენიძე: მაპის მიღება რომ გვინდა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ მე პრეზიდენტის იმედებს არ ვიზიარებ. ბუქარესტში ნატო-ს წინაშე წარდგება სამი სახელმწიფო (მაკედონია, ალბანეთი და ხორვატია - რედ.), რომლებმაც მაპი წესიერად ვერ შეასრულეს. რადგან ამ სამმა მაპის ვალდებულებები ვერ შეასრულა, არ მგონია, რომ მეოთხე სახელმწოფო მიიწვიონ, მით უმეტეს, რომელსაც სერიოზული ტერიტორიული პრობლემები აქვს.

ბუქარესტში ალბათ ხორვატია მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ გაწევრიანებისთვის მიწვევას. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას - ჯერ ეს არ მოხდება. ისე, მაპის მიღების შანსი უკრაინას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოს და უკრაინას შემდეგ საქართველოც მალევე შეუერთდება, ანუ ჩვენ ერთმანეთს სერიოზულად დავეხმარებით.

გადრა ამისა, გაირკვა, რომ ამ სამიტზე ჩადის პუტინი. ალბათ, მან დარწმუნებით იცის, რომ საქართველო მაპს ვერ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ ჩვენთვის ხელსაყრელ სიტუაციაში ის ბუქარესტში არ ჩავიდოდა.

ყველაფერი მიანიშნებს იმას და გასაგებია, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტზე მაპს ვერ მიიღებს.

"რ": გასაგებია, მხოლოდ იმიტომ, რომ სამმა ქვეყანამ ვალდებულებები ბოლომდე არ შეასრულა, ამ შემთხვევაში არ ხდება იმის განვალისწინება, ჩვენ რამდენად შევასრულეთ აიპაპი...

თ.შ: ის, რომ მაპის პროგრამაში ჩართულმა სამმა ქვეყანამ წარმატებით ვერ იმუშავა, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზია, თუმცა გარდა ამისა, არსებობს ჩვენზე დამოკიდებული მიზეზებიც. საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჯერ კიდევ სჭირდებათ განვითარება და ეს ნოემბერმაც დაადასტურა. ეს არის ორი მიზეზი. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება.

"რ": ბრიუსელში ნაკისრი ვალდებულებების ყოველწლიური შეფასების სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებს დადებითი შეფასება მისცეს. ეს რას ნიშნავს.

თ.შ: ეს არის ყველაზე უფრო იოლად გასატარებული და ტექნიკური სამუშაო. ეს დადებითია, მაგრამ საკმარისი არ არის.

"რ": რა უფრო მნიშვნელოვანია მაპის მიღებისას, შიდა პოლიტიკური პრობლემები თუ გარე ფაქტორები.

თ.შ: ნაკისრი ვალდებულებები უნდა მოვაგვაროთ. თუ ყველაფერს იდეალურად შევასრულებთ, მერე გარე მიზეზებსაც გამორიცხავენ.

"რ": თქვენ თვლით, რომ პერსპექტივა არ არის, მაშინ პრეზიდენტი რატომ იძლევა იმედებს.

თ.შ: თუ თქვა, შეიძლება რაღაც ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს. ჩემი ვარაუდია, რომ მაპს ვერ მივიღებთ.

"რ": რა შემთხვევაში შევძლებთ მაპის მიღებას.

თ.შ: ქვეყანა უნდა მივიდეს დემოკრატიზაციის იმ დონემდე, რომელიც ნატოს დააკმაყოფილებს. არ უნდა არსებობდეს ეჭვები იგივე არჩევნებთან დაკავშირებით, არ უნდა იყოს პრეტენზიები სასამართლო სისტემაზე და ა.შ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com