"რეზონანსი "
# 54
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2008 წელი

ბერეზოვსკი და ლუგოვოი ვერ ჩამოდიან

სოფო ქვლივიძე

ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვაზე მისი უახლოესი მეგობარი ბორის ბერეზოვსკი ვერ ჩამოდის. მას ბრიტანეთში საქართველოს საკონსულომ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. თუმცა ბერეზოვსკი ფარ-ხმალს არ ყრის და ვიზის მიღებას ისრაელში შეეცდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რუსეთის დუმის დეპუტატის, ანდრეი ლუგოვოის თბილისში ჩამოსვლის საკითხიც. მისი თქმით, დროის უქონლობის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს.

ორივე პერსონის თბილისში ჩამოსვლა უდავოდ გამოიწვევს საერთაშორისო სკანდალს. შეგახსენებთ, რომ ბერეზოვსკი რუსეთის მიერ იძებნება, ხოლო ლუგოვოი - დიდი ბრიტანეთის. რუსეთი ბერეზოვსკის სხვადასხვა მძიმე დანაშაულებების გამო ეძებს, ხოლო ლუგავოის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობას სდებენ ბრალად. თბილისს ნამდვილად არ სურს რუსეთთან ბოლო დროს დამთბარი ურთიერთობების დაძაბვა, შესაბამისად, თუ ბერეზოვსკი თბილისში ჩამოვა, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება ის დააკავოს და რუსეთს გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფაქტმა ორ ქვეყანას შორის გამოსწორებულ ურთიერთობებში გარკვეული ხინჯი შეიძლება შეიტანოს.

ისევე, როგორც ლუგოვოის შემთხვევაში. საქართველო ვალდებული იქნება ლუგავოი ბრიტანეთს გადასცეს. მოსკოვი ამის კატეგორიული წინააღმდეგია, შესაბამისად, ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. არადა, არგაცემის შემთხვევაში თბილისს ლონდონთან ექნება გარკვეული იურიდიული პრობლემები, რადგან საქართველო მიერთებულია ევროპულ კონვენციას ექსტრადიციის შესახებ. ამავე კონვენციას მიერთებულია გაერთიანებული სამეფოც. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამიტომ გადაიფიქრა ლუგოვოიმ თბილისში ჩამოსვლა. თავად ამბობს, რომ როსტოვის ოლქში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს, შეხვედრებს მართავს და დროის უქონლობის გამო საქართველოში გამგზავრებას ვერ ახერხებს. თუმცა, მისი თქმით, თბილისში ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვაზე მისი ოჯახის წევრები ჩავლენ.

რაც შეეხება ბერეზოვსკის, მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საკონსულოსგან "საინტერესო" პასუხი მიიღო, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკონსულოს ერთი კვირა დასჭირდება.

"საქართველოს საკონსულოსადმი მიმართვაში მივუთითე მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩასვლა მსურს. მინდა, ჩემი უახლოესი მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვას დავესწრო. ვიზის მიღება ისრაელშიც შეიძლება, მაგრამ მინდა, ვიზა მაინც ლონდონში ავიღო," - განაცხადა ბერეზოვსკიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ბაქრაძის თქმით, ვიზის გაცემა-არგაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მინისტრი არ იღებს და ეს საკითხი დიდი ბრიტანეთში უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, საქართველოს კონსული კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს. შესაბამისად, კონსულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საკონსულოს უარის მიუხედავად, ბერეზოვსკი უკანდახევას არ აპირებს და ახლა ვიზის მოთხოვნით ისრაელში საქართველოს საკონსულოსთვის მიმართვას აპირებს. მან აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოსვლას "აუცილებლად" გეგმავს.

(გამოყენებულია "მედიანიუსის" ინფორმაცია)



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com