|
|
"რეზონანსი "
აფხაზეთში სპეცოპერაცია დაიწყო? ბაღაფშმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ელზა წიკლაური
სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გაძლიერებულია კონტროლი ადმინისტრაციულ საზღვარზე. სოხუმში ეჭვობენ, რომ ქართველი ძალოვნები ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას იწყებენ და თავდაცვისათვის ემზადებიან. გალის რაიონში ბაღაფშის სპეცწარმომადგენლის, რუსლან ქიშმარიას ცნობით, ზუგდიდის რაიონის მხრიდან ენგურის გასწვრივ ქართველი სპეცრაზმელების მობილიზება ხდება. ამ ფონზე სეპარატისტთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა გუშინ მოულოდნელად სამხედრო წვრთნები წამოიწყეს. გუშინ შუადღისას გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მომხდარმა ინცინდენტმა ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. სოფელში მდებარე აფხაზურ საგუშაგოსთან დაახლოებით 3 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ინტენსიური სროლა მოყვა. ერთი ვერსიით სროლა აფხაზი მილიციელების კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების შემდეგ დაიწყო. მეორე ვერსიით კი ცეცხლი ნაბაკევში მოქმედ სეპარატისტთა ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გაიხსნა. უცნობია დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობაც. თბილისში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტს 4 აფხაზი მილიციელი ემსხვეპრლა, მეორე ვერსიით კი - 6. თუმცა, სოხუმი დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ინფორმაციას მხოლოდ 3 დაჭრილი მილიციელის შესახებ ავრცელებს. ნაბაკევში მომხდარ ფაქტს სოხუმში "დივერსიულ აქტს" უწოდებენ, ხელს თბილისისკენ იშვერენ და არგუმენტად დაკავებული ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მოჰყავთ.თავის მხრივ, სოხუმის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ თბილისში. თუმცა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე აცხადებს, რომ "თუ ჟურნალისტს არ გაათავისუფლებენ, ქართული მხარე არა პროვოკაციულ, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს". აფხაზური მილიციის კუთვნილი ავტომანქანა "უაზი", სადაც მილიციის 3 თანამშრომელი იმყოფებოდა, გუშინ სოფელ ნაბაკევში დღის 3 საათზე ნაღმზე აფეთქდა. აფეთქებას, როგორც აფხაზური მხარე ირწმუნება, ორმხრივი სროლა მოჰყვა. მომხდარის შემდეგ ინციდენტის ადგილი მოინახულეს რუსმა სამშვიდობოებმა, ნაბაკევში ჩავიდნენ გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც. მოგვიანებით კი გალის სოფლებში სოხუმიდან სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაბაკევში მომხდარი ინციდენტისას მილიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაღუპულა. სროლის შემდეგ სამივე მათგანი აგუძერას საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთის, კერძოდ ბაუავას მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მას მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული და ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ მილიციელ - თემურ ფარცხალიასა და ერიკ ამიჩბას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მანამდე კი ნაბაკევში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სოფელში აფხაზურ საგუშაგოს თავს უცნობი პირები დაესხნენ, რომლის შედეგად 6 აფხაზი დაიღუპა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი რუსლან ქიშმარიამ კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, ნაბაკევში მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სამი აფხაზი მილიციელი დაიჭრა. ქიშმარია ირწმუნება, რომ მილიციელების კუთვნილი მანქანა საქართველოდან გადასულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს. "ჯერ აფეთქდა მანქანა და შემდეგ იყო ორმხრივი სროლა. დაღუპული არავინ არ არის, დაჭრილია მხოლოდ ის სამი მილიციელი, რომლებიც იმ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. თუ გაინტერესებთ კიდევ რა მოხდა, მიდით და თქვენს ხელისუფლებას ჰკითხეთ, მათ ხომ თქვეს, რომ თუ ჟურნალისტს არ გაათავისუფლებენ, ომს დაიწყებენ. "მე კი გეტყვით, რომ მილიციელების ავტომანქანა საქართველოდან გადმოსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს, მერე სროლაც ატეხეს. როდესაც ჩვენებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, ქართველი ტერორისტული დაჯგუფების წევრები უკან, ისევ საქართველოს ტერიტორიისკენ გამოიქცნენ. ეს არის და ეს. "რაც შეეხება იმას, რომ თითქოს აქ ხდება აფხაზი სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სპეცრაზმელების კონცენტრაციას ენგურის ხიდთან საქართველოს ხელისუფლება ახდენს და არა ჩვენ. რა მოხდება ამის შემდეგ, ეს უკვე თქვენს ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ, ომის დაწყება ხომ მათ სურთ", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში რუსლან ქიშმარიამ და დასძინა, რომ ქართულ მხარეს ენგურის მისადგომებთან უკვე 100-მდე სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ჰყავს მობილიზებული. ინციდენტის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია არც სამშვიდობოთა შტაბს და არც გაეროს. "როგორც კი ინფორმაცია მოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაბაკევში მოხდა ინციდენტი, ჩვენი ჯგუფის წევრები ინციდენტის ადგილას გავიდნენ. ჯერჯერობით იმაზე საუბარი, თუ რა და როგორ მოხდა, ნაადრევია. ვიდრე ჯგუფი არ გამოიძიებს ყველაფერს, არაფრის თქმა არ შეგვიძლია", - განუცხადეს რუსულ მედიას სამშვიდობოთა შტაბში. აფეთქების ფაქტი დაადასტურა სახმინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. მისი თქმით, ინციდენტისას 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაიჭრა. "აფეთქების შემდეგ აფხაზმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რადგან ვერ გაარკვიეს, თუ რა ხდებოდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თემურ იაკობაშვილმა. კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ. მისი თქმით, ამ ინციდენტთან ქართულ მხარეს საერთო არაფერი აქვს. "ჩემი ინფორმაციით, ნაბაკევში აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა და სროლები ახლაც გრძელდება. ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციას ადგილი არ აქვს და არც ექნება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას გათავისუფლებას, ქართული მხარე მის დათმობას არ აპირებს. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ იქნება არა პროვოკაცია, არამედ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. თუმცა, ჩანს, რომ დღეს აფხაზები ნერვებზე თამაშობენ", - აღნიშნა თარგამაძემ. ნაბაკევის აფხაზურ საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმა "სეპარატისტების მორიგი პროვოკაცია" უწოდა პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ"-ის ლიდერმა პაატა დავითაიამ. "ქართული მხარის მიერ აფხაზებზე თავდასხმის შესაძლებლობას კატეგორიულად გამოვრიცხავ, რადგან სეპარატისტების ტყვეობაში ქართველი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია რჩება და ამ პირობებში თბილისი მდგომარეობას ხელოვნურად არ დაძაბავს", - განაცხადა დავითაიამ, რომლის აზრით, "არ არის გამორიცხული, აღნიშნული პროვოკაცია აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მდგომარეობის კიდევ უფრო გასამძაფრებლად გამოიყენოს." მისივე ვარაუდით, ნაბაკევის საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა შიდა კრიმინალური გარჩევების შედეგი იყოს. ნაბაკევის აფეთქებამდე, გუშინ დილით ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სეპარატისტთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა შექმნილი ვითარების გამო სამხედრო წვრთნები დაგეგმილზე ადრე, 29 თებერვალს დაიწყო. როგორც სააგენტო "კავკაზსკი უზელი" იუწყება, წვრთნებში 2500 სამხედროს პირთან ერთად აფხაზური ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფების 500 რეზერვისტიც მონაწილეობს. სწავლება საარტილერიო ცეცხლის მართვასა და ავიაციის დარტყმებში მიმდინარეობს. "შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ წვრთნების ერთი დღით ადრე დაწყება დამატებითი ძალების კიდევ 500 რეზერვისტით გადაწყვიტა", - განაცხადა აფხაზური შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა. საბრძოლო სროლების ეტაპი 4 მარტს, ოჩამჩირის რაიონში მდებარე ნაგვალოუს პოლიგონზე უნდა გაიმართოს. ზაიცევის განცხადებით, სატანკო ქვედანაყოფები პირობითი მოწინააღმდეგისა და დახურული საცეცხლე პოზიციების განადგურების ამოცანებს შეასრულებენ. მისივე თქმით, სწავლებაში სულ 100 საარტილერიო ერთეული, სატანკო ბატალიონი და 2 ათასი რეზერვისტი მიიღებს მონაწილეობას, სწავლების შედეგებს კი, დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო 5 მარტს შეაჯამებს. რაც შეეხება ტელეკომპანია "მზის" რეგიონალურ კორესპონდენტ მალხაზ ბასილაიას, იგი კვლავ პატიმრობაში რჩება. აფხაზურმა სასამართლომ მას გუშინ საქმის განხილვის გარეშე მიუსაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |